ქართველმა მამაკაცმა არსებობისთვის თვეში 125 ლარი უნდა იკმაროს

ქართველმა მამაკაცმა არსებობისთვის თვეში 125 ლარი უნდა იკმაროს

სტატისტიკის მიხედვით, ქალებს არსებობისათვის უფრო ნაკლები ფული სჭირდებათ, ვიდრე კაცებს. რეალურ ცხოვრებაში კი ყველაფერი პირიქითაა. ამასთან, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფილი კაცი ძონძებშია გამოწყობილი, ფეხით დადის, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვერ ზრუნავს და გართობაზეც კი საერთოდ არ ოცნებობს.

ოფიციალური სტატისტიკით, თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცს დაახლოებით 125 ლარამდე სჭირდება. გაანგარიშებით, ამ თანხის 70% საკვებზე მიდის, დანარჩენი თანხა კი კომუნალურ მოსამსახურებაზე, ჩაცმაზე, გართობასა და ჯანდაცვაზე ნაწილდება. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ ტიპის მამაკაცს წელიწადში დაახლოებით 1558 ლარი ესაჭიროება.

თუ რამდენად შესაძლებელია, რომ მამაკაცმა 467 ლარი (30%) „დანარჩენზე“ გაანაწილოს, ბევრისათვის გაუგებარია. უფრო მეტად გაუგებარია, თუ რატომ სჭირდება ქალს უფრო ნაკლები თანხა არსებობისათვის. სტატისტიკის დეპარტამენტის შინამეურნეობების დაკვირვებების სამმართველოს უფროსის ნოდარ კაპანაძის თქმით, ქალებისათვის საარსებო მინიმუმი დაახლოებით 0,90 კოეფიციენტით იანგარიშება, რადგან ქალს ბიოლოგიურად, კალორიების მიხედვით უფრო ნაკლები რაოდენობის საკვები სჭირდება, ვიდრე კაცს. აქედან გამომდინარე, წელიწადში ქალს არსებობისათვის 1402 ლარი ესაჭიროება.

ამ მოსაზრებას პარლამენტარი ელენე თევდორაძე ეთანხმება. მაგალითად, თევდორაძე ამბობს: „საერთაშორისო სტანდარტით დადგენილია, რომ მამაკაცი უფრო მეტად უნდა იკვებებოდეს, ვიდრე ქალი. მაგრამ ბავშვი აუცილებლად მამაკაცის რანგში უნდა გადიოდეს და მას იგივე კვება სჭირდება. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ხარჯებს, ქალს უფრო მეტი დანახარჯი აქვს, ვიდრე მამაკაცს. ქალის ჩაცმა და მოვლა უფრო მრავალფეროვანია, ამიტომაც, ხარჯიც იზრდება“.

გთავაზობთ, საკუთარ გაანგარიშებას, რომელიც ამ „დარჩენილი“ თანხისათვის რამდენიმე მუხლს შეიცავს. მაშ ასე, დადგენილი კომუნალური მომსახურების მიხედვით, მამაკაცმა წელიწადში უნდა გადაიხადოს დაახლოებით 390-395 ლარი (თვეში დაახლოებით 200 კვტ. ელექტროენერგიის საფასური, წყლის, ნაგვის, ტელეფონის, ბუნებრივი აირის და სხვა სახის გადასახადები). ეს, ფაქტობრივად, საარსებო მინიმუმის „დანარჩენი“ თანხის 85%-მდეა. კანონმდებლობით ამ გადასახადების გადახდა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიოსანი მოქალაქე აღარ იქნებით.

რაც შეეხება დარჩენილ თანხას, 70-77 ლარით უნდა ჩაიცვათ, სამსახურშიც იაროთ და გაერთოთ კიდეც. უბრალო არითმეტიკული გაანგარიშებით, ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრებისათვის სჭირდება წელიწადში მინიმუმ ორი წყვილი ფეხსაცმელი, ერთი ქურთუკი, შარვალი, ორი პერანგი და ა.შ.

თბილისის ბაზრობაზე იაფფასიანი საქონლის შეძენით (გამორიცხული არაა, რომ იგი მეორე დღესვე გაფუჭდეს) ჩაცმაზე მომხმარებელს დაახლოებით 160 ლარი ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, 70 ლარით კაცი ტანისამოსს მხოლოდ ძონძებში თუ შეიძენს და ისიც თუ იქ დიდი ფასდაკლებაა, რომ არაფერი ვთქვათ სატრანსპორტო, ჯანმრთელობისა და გართობაზე დანახარჯებზე.

პარლამენტარი დემურ გიორხელიძე თვლის, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის გაანგარიშების დროს, არანაირი სქესობრივი განსხვავება არ უნდა იყოს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ციფრებთან უნდა გვქონდეს.

ხოლო არსებული შეხედულება, რომ მამაკაცს უფრო მეტი სჭირდება, ვიდრე ქალს ეს შეიძლება აღმოსავლური ტრადიციებიდან მოდიოდეს. გარდა ამისა, ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე, თუ როგორი ფასეულობათა სისტემა აქვს, - ამბობს გიორხელიძე.