გაერო–ს 65–ე ასამბლეის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სამი მოწოდება გააკეთა, აქედან ერთი – აფხაზი და ოსი ხალხების მიმართ: "მინდა მოვუწოდო ჩემს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, კულტურას, ისტორიას, ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და თქვენთვის. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალეროვანი სახელმწიფოს აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტობის და პატივისცემის ნიმუში იქნება მთელ რეგიონში". მეორე მოწოდებით მეზობელ ქვეყნებს მიმართა გაერთიანებული და მშვიდობიანი კავკასიის ჩამოყალიბებისკენ. მესამე მიმართვა, თან ზომაზე მკაცრი, რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთდა. "მივმართავ რუსეთის ფედერაციის ლიდერებს: ან ირჩევთ მონაწილეობას ჩვენი საერთო რეგიონის ტრანსფორმაციაში და სხვა ქვეყნებს აღიქვამთ, როგორც პარტნიორებს და არა ვასალებს, ან ტრანსფორმაცია თქვენ გარეშე მოხდება".
რა იგულისხმება მშვიდობიან, სტაბილურ, ერთიან კავკასიაში? ამ კითხვით დავიწყეთ საუბარი კავკასიური საკითხების ექსპერტთან, მამუკა არეშიძესთან.
- ჯერჯერობით არ გვაქვს საშუალება, გავარკვიოთ, რას გულისხმობდა პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მხოლოდ ზოგადი და ემოციური განცხადება იყო გაკეთებული. მაგრამ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ ისტორიას და გარკვეული ლოგიკა დავინახოთ მის ნათქვამში. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდიდან იყო ასეთი მცდელობა. მაშინ ამიერკავკასიის სეიმმა ექვსი თვე იარსება. შემდეგ, საბჭოთა კავშირის დროს, შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაცია. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მოყოლებული კავკასიის ერთიანობის იდეას სხვადასხვა ფორმით აყენებდა ყველა ქართველი ლიდერი. ზვიად გამსახურდია - "კავკასიური სახლით," შემდეგ შევარდნაძე - "მშვიდობიანი კავკასიით", ახლა ერთიან, სტაბილურ კავკასიაზე განაცხადა სააკაშვილმა. სხვათა შორის, პატრიარქმაც დააყენა ასეთი იდეა. ასე რომ, ეს ქართველი ლიდერების მუდმივი პოზიციაა.
მიხეილ სააკაშვილი ისეთი თავდაჯერებული საუბრობდა ამ საკითხზე, ეჭვი შემეპარა, ამაში დასავლეთის ხელი და სურვილი ხომ არ ურევია.
- არც დასავლეთისთვისაა ერთიანი კავკასია მიუღებელი. პირადად ჩემთან საუბარში 90–იან წლებში, როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, არაერთხელ უთქვამთ დასავლელ დიპლომატებს, რომ მათთვის უფრო კომფორტული იქნება ერთიან, კავკასიურ სივრცესთან ურთიერთობა. მაშინ ამაში სამხრეთ კავკასია იგულისხმებოდა. არ იქნებოდა ამდენი ბარიერი საზღვრებზე, ამდენი საკანონმდებლო კაზუსი და სხვა. ვფიქრობ, ეს განცხადება არ იყო მხოლოდ სააკაშვილის ინიციატივა. ერთგვარი დასავლეთის პოზიციაც იყო, ოღონდ სააკაშვილმა, როგორც პიარის ოსტატმა, დროული და კარგი ფორმულირება მისცა. სააკაშვილს გამოუვიდა, რომ კავკასიის ყველა ქვეყანა მშვიდობასა და სტაბილურობაზეა ორიენტირებული და ამას ხელს მესამე ძალა უშლის. ამ შემთხვევაში რუსეთი იგულისხმებოდა. რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ გაუკეთებია დეკლარირება იმაზე, რომ კავკასია მათი გავლენის სფეროა და მორჩა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება თურქეთის პოზიცია, რომელმაც აგვისტოს ომის შემდეგ პირდაპირ შესთავაზა მსოფლიოს, რომ უნდა შექმნილიყო კავკასიის ერთიანი უსაფრთხოების სარტყელი, სადაც დომინანტი იქნებოდა რუსეთი და თურქეთი.
კავკასიის ქვეყნები როგორ შეხვდებოდნენ ამ განცხადებას?
- თუ ჩრდილო კავკასიის ქვეყნებს ვიგულისხმებთ, ისინი მოსკოვს უყურებენ. სამხრეთ კავკასიაში იმდენი წინააღმდეგობა არსებობს, რომ ყველა პაუზის აღებას შეეცდება. დაელოდებიან, მოვლენები როგორ განვითარდება. ხალხებისთვის კი ეს ფრაზა მნიშვნელოვანი მესიჯია. განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიელებისთვის. როცა გაერო–ს ტრიბუნიდან მათზე ლაპარაკობენ და რომ ისინი ვიღაცას სჭირდება, ეს მათთვის მნიშვნელოვანია. სააკაშვილის განცხადებას დადებითად შეხვდებიან ხალხები და არა – ხელისუფლება.
რუსეთი როგორ შეხვდება? უკვე გაისმა უკმაყოფილი განცხადებები.
- რასაკვირველია, უარყოფითად. რუსეთისთვის სხვა ფუნქცია, იმის გარდა, რომ ის იყოს აქ უფროსი, წარმოუდგენელია. ამერიკელებმა გაიარეს ეს გზა, როცა მიხვდნენ, რომ უფროსობით საქმე არ კეთდება და მხოლოდ თანაბარუფლებიანობით შეიძლება შექმნა ისეთი სივრცე, სადაც შენი ინტერესებიც გათვალისწინებული იქნება, მშვიდობაც დაცული იქნება და ყველა კმაყოფილი იქნება. რუსები ამას ვერ მიხვდნენ. რუსეთს გარკვეული კოზირები აქვს. ეს არის ენერგეტიკული რესურსი, ფინანსური, ხალხის რესურსი, მაგრამ მსოფლიოს დასანახადაც ვერ ახერხებენ, რომ ამას თანაბარ პარტნიორობის სახე მისცენ. შუალედის დაცვა არ შეუძლიათ. ან თვითონ უნდა აჯდნენ თავზე ვიღაცას, ან ვიღაც დაისვან. რუსეთის პოლიტიკისთვის მთავარი დიპლომატია კი არა, ძალაა. ამიტომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ იდეის რეალიზაციის პროცესი არ მოხდეს. თურქეთიც ასე მოიქცევა, ოღონდ - უფრო მოქნილად და დიპლომატიურად.
კავკასიის ხალხებში მოიაზრებიან აფხაზები და ოსები. მათ პირდაპირ მოუწოდა სააკაშვილმა ჩვენს სივრცეში დაბრუნებისკენ. რამდენად იქონიებს ეს მათზე გავლენას?
- ცხინვალში მცხოვრები ხალხისთვის გინდ თქმულა, გინდა – არა. ისე იმუშავა რუსეთის პროპაგანდამ, რომ სააკაშვილის ნათქვამს ფასი არ აქვს. აფხაზებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, იმიტომ რომ იქ არ არის ისეთი დალაგებული სიტუაცია, როგორც წარმოუდგენია რუსულ ან ქართულ პრესას. საკმაოდ აწეწილი და მერყევი მდგომარეობაა. რამდენად გამოვიყენებთ ამას, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.