მანქანების ტექდათვალიერებაზე დიდი ცვლილებები აპრილიდან ამოქმედდება

მანქანების ტექდათვალიერებაზე დიდი ცვლილებები აპრილიდან ამოქმედდება

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომელიც 2020 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდება. ნორმები აშკარად გამკაცრებულია, მაგრამ არის გარკვეული შეღავათებიც, რომელიც პირველ რიგში, კატალიზატორებს შეეხება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომფლობელებს მიეცათ გონივრული ვადა, ხარვეზიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაკეთებლად და ამავე დროს, გამკაცრდა ისეთი ნორმები, რომლებიც ცალსახად მიმართულია გზებზე უსაფრთხოების ნორმების გასაუმჯობესებლად.

ცვლილების თანახმად, კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორის) არსებობის ვალდებულება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება, რომლებიც საქართველოში პირველად რეგისტრაციას 2020 წლის პირველი აპრილიდან გაივლიან. მათთვის სავალდებულო იქნება შემდეგი პარამეტრების დაცვა - CO-ს შემცველობის ევროპული სტანდარტი (0.5% და 0.3%), კატალიზატორის არსებობის მოთხოვნა და ლამბდა კოეფიციენტი (1 +-0,03).

მიხეილ ხმალაძის განცხადებით, უკვე ჩატარებული ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ავტოპარკის სიძველიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების საკმაოდ დიდი ნაწილი კატალიზატორის არსებობის ვალდებულებას ვერ დააკმაყოფილებს.

„ამდენად, ამ ეტაპისთვის, შეუძლებელად მივიჩნიეთ უკვე დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის კატალიზური კონვერტორის (კატალიზატორი) ვალდებულების გავრცელება, რომლის ხელახალი მონტაჟი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რეალისტურია, რადგან 2020 წლიდან ამ ნორმის ამოქმედება ძალიან მტკივნეული იქნებოდა ჩვენი თანამოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. სამაგიეროდ, გავამკაცრეთ წესები, რომლებიც უშუალოდ გამონაბოლქვის კონტროლს შეეხება“, - განუცხადა „ბიზნესმედიას“ ხმალაძემ.

ამასთან, ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები:

  • 2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%;
  • 2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%;
  • 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, გარდამავალი ეტაპების განსაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ეტაპობრივად შეაკეთონ საკუთარი ავტოტრანსპორტი, სანამ ტექინსპექტირებაზე გაატარებენ.

ცვლილების თანახმად, 2021 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია M1 და N1 ტიპის მსუბუქი ავტომობილებისთვის ცეცხლმაქრის, ამრეკლავი სამკუთხედის, სამედიცინო სააფთიაქო ყუთის ქონის და ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულებამ, მათი არსებობა მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

ცვლილება შედის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ინსპექტირების პროცესშიც. მიხეილ ხმალაძის განცხადებით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც 2018 წლის პირველი იანვრის შემდგომ გადატანილი აქვთ საჭე და 2020 წლის პირველ აპრილამდე გაიარეს ან გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, არ გავრცელდება რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ინსპექტირების აკრძალვასთან დაკავშირებით და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებას დაექვემდებარებიან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილს, ამ თარიღიდან რეგლამენტით დადგენილი შეზღუდვა ამოქმედდება.

ინსპექტირების ამ ეტაპის გავლა რომ უფრო რთული და ძვირი იქნება ადასტურებს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. ისიც ინფორმაციის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას და სახელმწიფოს, გარემოს გაუმჯობესების რეალურ გზებს სთავაზობს.

„ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით ვერსად ვერ მივალთ. უნდა მოხდეს ის, რაც გააკეთა აზერბაიჯანმა და ასეთია საერთაშორისო გამოცდილებაც. საუბარია ეკოლოგიური სტანდარტის შემოღებაზე, ანუ ევრო-4-ის ან ევრო-5-ის მანქანების იმპორტზე. ჩვენ ბაზარზე არსებულ ავტომობილებს კი არ უნდა დავუწყოთ დევნა, არამედ შეზღუდვა უნდა დაწესდეს შემოყვანაზე. სახელმწიფო, ადამიანებს აძლევს საშუალებას, შეიძინონ ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტს და შემდეგ ვეუბნებით, რომ ამით არ უნდა იაროს. ეს აბსურდია. ამიტომ ყველაზე გონივრული და უმტკივნეულო იქნება, ის რაც ზემოთ აღვნიშნე.

აუცილებელია სახელმწიფო ზრუნავდეს ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც არ ხდება. ინსპექტირებისათვის ყველა იშოვნის ამ ნივთებს მაგრამ რა ხდება მერე, ვინ შეამოწმებს და როგორი იქნება ადმინისტრირება? პატრული ხომ ვერ გააჩერებს და ნახავს მანქანაში ამ ნივთებს. ამის მთავარი მოგვარების გზა, მოსახლეობის ინფორმირება და კიდევ ერთხელ, ინფრომირებაა“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ლაზი ხმაურის დონის განსაზღვრის ვალდებულება რატომ მოიხსნა?!
ასეთი "შეღავათი" ალბათ თითონ აწყობთ, რომ ვერავინ მისცეთ შენიშვნა, სპეციალურად მაყუჩგახვრეტილი მანქანებით ბლატავისას.
4 წლის უკან
ლაზი მარჯვენასაჭიანებზე საჭის გადატანა კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ სავალდებულო უნდა გახდეს, სათანადო ტექნიკური ნორმების დაცვით. თუ ტექნიკური ინსპექტირების გავლისას ავტომობილი წესრიგშია, რა მნიშვნელობა აქვს საჭე გადატანილია თუ არა. თუ საჭის გადატანა შეუძლებელია, ასეთი მოდელების შემოყვანა საერთოდ უნდა აიკრძალოს.
მარჯვესაჭიანების მოძრაობა ყველასათვის დიდი საფრთხეა.
მძღოლს ხედვის სექტორები სანახევროდ შეზღუული აქვს.
მაშუქებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი აღარ ღირს. გაილიან თუ არა ინსპექტირებას ააძრბენ "ნაკლეიკებს" და ისევ აბრმავებენ შემხვედრს.
4 წლის უკან
DDD "ცვლილების თანახმად, 2020 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ დადგინდა შემდეგი ეტაპები:

2020 წლის 1 აპრილიდან - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.7%;
2021 წლის 1 იანვრიდან - 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით: მაღალ ბრუნზე და უქმ სვლაზე 0.6%;
2022 წლის 1 იანვრის შემდგომ: უქმ სვლაზე 0.5% და 0.3% მაღალ ბრუნზე"

ანუ, მანქანები იგივე რჩება, მხოლოდ გამონაბოლქვის მონაცემები უნდა შემცირდეს.
კითხვა - თუ 2021 წლამდე გამონაბოლქვი ამჟამად დადგენილ მეტი ქონდა, 2021 წელს როგორ უნდა შემცირდეს? ავტომობილი განახლდება, თუ რა???
4 წლის უკან