„ვარსკვლავებს რომ არასდროს წყვეტდა, ეს ყველამ ვიცოდით, გააჩნია, ღირებულებებს როგორ ალაგებს“

„ვარსკვლავებს რომ არასდროს წყვეტდა, ეს ყველამ ვიცოდით, გააჩნია, ღირებულებებს როგორ ალაგებს“

„სალობიეშიც ივლის, სხვა თავშყრის ადგილებშიც და ფეხით სიარულსაც გააგრძელებს“, - ეს პრეზიდენტის პასუხია ოპონენტებისადმი. ზურაბიშვილს არ შეუმჩნევია საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა, პირიქით, ირწმუნება, რომ ქუჩებში, რეგიონებში შემხვედრი ხალხი მის მიმართ დიდი დოზით სიყვარულს აფრქვევს.

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე განსჯის საგნად იქცა, ეს იყო პრეზიდენტის „აღსაყდრება“, თუ უბრალოდ ინაუგურაცია თელავში, ერეკლეს მეფის სასახლეში?! ასევე, მსჯელობას მოითხოვს ერთი მთავარი საკითხი, რატომ დუმს პრეზიდენტი მაშინ, როცა ხმა ამოსაღებია და არ დუმს იმ დროს, როცა დუმილს ოქროს ფასი აქვს?!

ოქროს წესის დარღვევის გამო, ამ ერთი წლის განმავლობაში, ზურაბიშვილის ნათქვამმა ბევრ გაუგებრობას დაუდო სათავე. გაუგებრობების სია არც ისე მოკლეა, მაგრამ მათ შორის რამდენიმე მტკივნეული საკითხიც მოხვდა, კერძოდ, აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება, დავით გარეჯში მის მიერ გაკეთებული ხმამაღალი განცხადება, რამაც მონასტრის ჩაკეტვა და აზერბაიჯანელი სამხედროების გამოჩენა გამოიწვია. ამას მოჰყვა ყველაზე სკანდალური - შეწყალების საკითხი, როცა პრეზიდენტმა მკვლელობაში ბრალდებულები და ნარკორეალიზატორები შეიწყალა. შემდეგ იყო ღარიბი ქვეყნის კვალობაზე 2 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვა ანტრიკვარიატის შესაძენად, რაც სულ ბოლოს დაგირგვინდა ქართული ჯარის, უფრო სწორად, უჯარობის შესახებ გაკეთებული მისი გაუგებარი განცხადებით.

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილმა 10 წლის ნორმა 1 წელში შეასრულა და ყველანაირი შეცდომის ლიმიტი ამოწურა, ამიტომ, რაც უფრო ნაკლებად ილაპარაკებს „ეს მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხე“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ ერთი წლის განმავლობაში დაამტკიცა თავისი მიუკერძოებლობა და ის, რომ არც ერთი პარტიის ინტერესებს არ ატარებს.

მთლიანობაში, „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილი ზეპარტიულია. რეალურად, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი და რისი ლიმიტი ამოწურა პრეზიდენტმა?

„არ ვიცი, რაიმე ლიმიტი აქვს თუ არა პრეზიდენტს შეცდომების დაშვების, ან უადგილო განცხადებებისთვის“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგის განმარტებით, ამ ერთი წლის განმავლობაში ზურაბიშვილმა მოახერხა ის, რომ გარკვეული კონსოლიდაცია, რაც მეორე ტურის დროს მისი კანდიდატურის ირგვლივ მოხდა არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, არამე ამომრჩეველშიც, სრულად გაფანტა და დაშალა. უფრო მეტიც, არ არსებობს ერთი ადამიანიც კი პოლიტიკურ, ექსპერტთა, ჟურნალისტთა წრეებიდან, თუ უბრალოდ საზოგადოებიდან, რომ მის განცხადებებზე რაღაც თანხმობა ჰქონდეთ. პრეზიდენტის ბევრი განცხადება ნორმის ფარგლებიდანაა გასული, მათ შორისაა, ყველაზე მნიშვნელოვანი-შეწყალების საკითხი.

„დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხდა ცალკეული ადამიანების შეწყალება. რა თქმა უნდა, შეწყალების უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ, პრეზიდენტს ნებისმიერი ადამიანის შეწყალება შეუძლია, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ვინმეს ხომ უნდა განემარტა ის მექანიზმი, რის საფუძველზე იწყალებს ცალკეულ პირებს?! „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ ზურაბიშვილი ნეიტრალურია, ეს დაახლოებით იმავე ოპერიდანაა, როდესაც თითქოს დეპუტატები ამბოხდნენ. ერთი რამ შემიძლია ვუსურვო პრეზიდენტსაც და „ქართულ ოცნებასაც“, არსებობს ძალიან ჩვეულებრივი, ცივილური ფორმა, რასაც ჰქვია რეფერენტის სისტემა. არ არის აუცილებელი, სალომე ზურაბიშვილმა ზეპირი განცხადებები გააკეთოს, მას უნდა ჰყავდეს რეფერენტი, რომელიც დაუწერს ტექსტებს და ის წაიკითხავს. ზეპირ განცხადებებს დაანებოს თავი, ეს უკეთესი იქნება. შესაძლებელია, რეფერენტის გარდა მიუჩინონ კიდევ ერთი ანალიტიკოსი, პოლიტიკის მცოდნე ადამიანი, ან სულაც მრჩეველი აუყვანონ. ასეთი ვინმე აუცილებლად უნდა მოუძებნოს „ქართულმა ოცნებამ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებებს, მაგრამ არა ისეთს, რომელიც იმპიჩმენტის საფუძველი გახდება. თავისით თუ არ გადადგება, მას ვერავინ გადააყენებს, იმპიჩმენტი კი რომ დაიწყონ, დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი.

„ვარსკვლავებს რომ არასდროს წყვეტდა, ეს ყველამ ვიცოდით.

გააჩნია, ღირებულებებს როგორ ალაგებს. როცა მან თქვა, ჯარი არ გვყავს, იარაღი არ გვაქვსო, ამის ქვეტექსტი ის იყო, რომ ჩვენ ჯარით და იარაღით ვერ გავხდებით რეგიონში პირველი. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენს რეალობაში ცუდად ლაგდება მისი ნათქვამი, შესაძლოა, მის იდეაში აზრი იმდენად კატასტროფული არ იყო კონტექსტის გათვალისწინებით, მაგრამ იმდენად მიუღებლად იყო ეს ყველაფერი ჩამოყალიბებული, რომ ასეთი რეაქცია გამოიწვია. ამიტომ მისი ნათქვამი რომ სწორად გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, მას სჭირდება რეფერენტი. ხუმრობით თუ ვიტყვით, შესაძლოა, თარჯიმანიც დასჭირდეს“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი პრეზიდენტის ერთწლიან მოღვაწეობას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ, პრაქტიკულად, ზურაბიშვილმა ორ სტრატეგიულ სახელმწიფოს - აზერბაიჯან-საქართველოს შორის ურთიერთობა დაძაბა, რადგან ვერ გათვალა თავისი რესურსები დავით გარეჯთან დაკავშირებით.

მეორე კიდევ უფრო მძიმე ცოდვა, რაც აწევს პრეზიდენტს, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, არის შეწყალების პროცედურა, როცა მან წინდაუხედავად, აბსოლუტურად გაუაზრებლად შეიწყალა ის ადამიანები, რომელთა შეწყალებამაც სერიოზული დაძაბულობა გამოიწვია საზოგადოებაში. პრეზიდენტმა დღემდე ვერ აგვიხსნა, რატომ მოიქცა ასე და ამის შესახებ ლაპარაკი რატომ არ უნდა.

„ის ამბობს, არ ვარ ვალდებული, ავხსნა, რატომ შევიწყალე პატიმრებიო. არადა, ვალდებულია, აგვიხსნას, რატომ მოიქცა ასე, რადგან სალომე ზურაბიშვილის სახელით კი არ შეიწყალა ის ხალხი, არამედ საქართველოს პრეზიდენტის სახელით. ახლა უცებ გაბრაზდა და შეაჩერა შეწყალების პროცედურები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ციხეში სხედან და შეწყალებას ელოდებიან. დავით გარეჯის საკითხთან ერთად ეს მეორე უდიდესი შეცდომაა და ზუსტად „ქართული ოცნების“ შეცდომაა, რომ ასეთი ადამიანი წინდაუხედავად მართავს საქმეებს“, -აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ ზურაბიშვილის მთავარი პრობლემა არა მის მეტყველებაში, არამედ მოქმედებაშია. როცა პოლოტიკოსი სიტყვებიდან გადადის საქმეზე და აზარალებს სახელმწიფოს ინტერესებს, ზუსტად ეს არის პრობლემა.