„კახიშვილი გენერალურ პროკურორად ნამუშევარია, პოლიტიკურ საკითხებში ერკვევა ისე, როგორც ბევრი პოლიტოლოგი ვერ ერკვევა“

„კახიშვილი გენერალურ პროკურორად ნამუშევარია, პოლიტიკურ საკითხებში ერკვევა ისე, როგორც ბევრი პოლიტოლოგი ვერ ერკვევა“

ვინ გახდება ახალი გენერალური პროკურორი, ამას საპროკურორო საბჭო ერთ თვის განმავლობაში აკადემიურ წრეებთან, სამართლის დარგის სპეციალისტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს და შემდეგ გადაწყვეტს. ერთვიანი კონსულტაციის შემდეგ, მინიმუმ სამი კანდიდატურა შერჩევის შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნება.

გენერალური პროკურორის არჩევას, ისევე როგორც მის გათავისუფლებას, კანონი განსაზღვრავს. მას შემდეგ რაც შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს და მან პარლამენტის წინაშე ფიცი დადო, გენერალური პროკურორი აღარაა. გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა 6 წელია. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეული იყოს ზედიზედ ორჯერ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია. დღეის მდგომარეობით, გენერალური პროკურორის მოვალეობას გიორგი ბადაშვილი ასრულებს.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, ადვოკატი, საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრი, ირმა ჭკადუა განმარტავს, რომ ეს არის კეთილსინდისიერება, მაგრამ უპირველესი არის პროფესიონალიზმი. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები პრინციპულები იყვნენ.

„როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორი, სასამართლო ხელისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცუდი პროკურატურის გამოსწორებაც კი შეიძლება, კარგი სასამართლოს პირობებში. თუ სასამართლოში მოდის მიკერძოებულად გამოძიებული საქმე, მოსამართლეებს შეუძლიათ, ეს საქმეები თავზე დაახიონ პროკურორებს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატთა შერჩევა არის გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, პარლამენტი დაელოდება საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს.

„ეს არის კანონით გაწერილი პროცესი. ეს ხდება კონკურსის გზით, თვითონ პროცესი არის, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. პარლამენტი განიხილავს კომიტეტზე ამ კანდიდატურებს და ამტკიცებს პლენარულ კენჭისყრაზე. მე გთხოვთ მედიას, რომ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოთ, რომ ასეთი კონკურსი ტარდება და ვისაც აქვს სურვილი, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ გენერალურ პროკურორს შეარჩევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მისი სურვილების შემსრულებელი იქნება. ოთარ კახიძე აცხადებს, რომ მომავალი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება.

„სინამდვილეში საპროკურორო საბჭოს არავინ არაფერს არ ეკითხება, გენერალურ პროკურორს შეარჩევს პირადად ბიძინა ივანიშვილი და მას რეკომენდაციებს გაუწევენ, მისი ნდობით აღჭურვილი პირები და მივიღებთ იმ პროკურორს, რომელიც პირადად იქნება ივანიშვილის სურვილების გამომხატველი.

საპროკურორო საბჭო არის ბუტაფორიული უწყება, იმ რეალურ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ამიტომ საზოგადოებამ არ უნდა მოიტყუოს თავი. ყველამ უნდა ვიცოდეთ რა არის რეალობა. ის რაც ქაღალდზე წერია და ის რის იმიტაციასაც ახდენენ სხვა და სხვა თანამდებობის პირები, სინამდვილეში ფარსია და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში პროკურატურის და მისი პირველი პირის მიმართ პრეტენზიები სულ უფრო თვალსაჩინო იყო, რაც ე.წ. კოჰაბიტაციით იყო გამოწვეული.

კიდევ უფრო შორეულ ამბავს იხსენებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც ერთი მმართველის ხელში არ იყო წარმატებული პროკურატურა. მისი თქმით, შევარდნაძემ პროკურატურა ძალიან კარგ ადვოკატს ჩააბარა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა პროკურორობა.

„ერთ–ერთი მოთხოვნა არის ის, რომ პროკურორი თავისი მოთხოვნითაც სასურველია იყოს პროკურორი. სასურველია, რომ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს პროკურორად მუშაობის გამოცდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებული ვერ იქნება. წარმატებისთვის და მით უფრო საზოგადოების თვალში, საჭიროა მისი მორალური მხარე იყოს შთამბეჭდავი, რაც ოთარ ფარცხალაძეს შემთხვევაში აღმოჩნდა ასეთი რთული. გენერალური პროკურორის სწორად მოძებნას აქვს მნიშვნელობა“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც საყვარელიძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ამ მხრივ საინტერესო არის კახი კახიშვილის თემა, რადგან კახიშვილი გენერალურ პროკურორად ნამუშევარია, პოლიტიკურ საკითხებში ერკვევა ისე, როგორც ბევრი პოლიტოლოგი ვერ ერკვევა.

„მის პატიოსნობას ჩრდილი არასოდეს მიყენებია და სავარაუდოა, რომ კარგი კანდიდატურა იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს, აქამდე რომ არ გამოიყენეს კახიშვილის კანდიდატურა. მომავალში თუ გამოიყენებენ, მხოლოდ მივესალმები“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ გენერალური პროკურორის პოსტზე ისეთი კანდიდატი იქნება შერჩეული, რომელსაც ექნება მმართველ პარტიასთან აფილირება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კავშირი გარკვეულ გავლენიან ჯგუფებთან სამართალდამცავ სისტემასა თუ მმართველ პარტიაში, საიას თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ეს დააზარალებს პროკურატურას.

„პირი, რომელსაც ისინი შეარჩევენ, უნდა იყოს დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებისგან. პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და თავიდანვე არ უნდა იყოს განსაზღვრული და ცნობილი, ვინ გახდება გენერალური პროკურორი. ბატონი თადუმაძის შემთხვევაში, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, ამიტომ იყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ ამ პროცესში არ აჰყვა და არ მიიღო მონაწილეობა.

ჩვენი პრობლემა იმაში კი არ მდგომარეობს, რომ კონკრეტული პირი უნდა იყოს თუ არა რომელიმე უწყების ხელმძღვანელი, არამედ იმაში, რომ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არის კრიტიკულად დაბალი, განსაკუთრებით იმ ინსტიტუტების, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. პირველ რიგში, ეს ეხება სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებს“, – აცხადებს სულხან სალაძე.