ღირსეული მარცხით გამარჯვებულნი

ღირსეული მარცხით გამარჯვებულნი

30 წლის წინ, 1979 წლის 11 აგვისტოს, საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. უმაღლესი ლიგის მორიგ კალენდარულ მატჩზე მინსკში მიმავალი ტაშკენტის "ფაჰთაქორი" ავიაკატასტროფაში მოყვა.

უბედურება ხარკოვის საჰაერო ზონაში მოხდა. უაღრესად გადატვირთულ ტრასაზე, ღრუბლიან ამინდში, ერთ სიმაღლეზე ერთბაშად სამი ლაინერი აღმოჩნდა. დისპეტჩერების დაუდევრობით ორი მათგანი ერთმანეთს 8 400 მ სიმაღლეზე შეასკდა. 158 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და "ფაჰთაქორის" 18 წევრი.

როგორც წესი, მომხდარზე თავდაპირველად სრული დუმილი სუფევდა. შესაძლოა, რიგითი მოქალაქეები რომ დაღუპულიყვნენ, ბიუროკრატებს ეს ამბავი დაემალათ, მაგრამ საფეხბურთო გუნდის გაქრობას ვერანაირად ვერ ახსნიდნენ და ორი დღის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ, მოსახლეობისთვის ეცნობებინათ ავიაკატასტროფის შესახებ.

ცნობა მართლაც შოკის მომგვრელი იყო. "ფაჰთაქორი", მართალია,  გრანდებს არ განეკუთვნებოდა, მაგრამ საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. იმ დროისთვის გუნდი პირველ ათეულში შედიოდა და ხშირად უქმნიდა პრობლემებს ლიდერებს, განსაკუთრებით ტაშკენტში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წმინდა ადამიანური ტრაგედია ყველამ გულთან მიიტანა. სპორტკომიტეტის გადაწყვეტილებით, ტაშკენტის უპირველეს გუნდს უამრავი შეღავათი დაუწესეს და მისი ხელახლა დაკომპლექტება დაიწყეს. ეს იოლი არ იყო - ფაქტობრივად, უზბეკური ფეხბურთის ყველა საუკეთესო წარმომადგენელი ავიაკატასტროფას შეეწირა. გუნდს დახმარების ხელი სხვა რესპუბლიკებმა გაუწოდეს, მათ შორის თბილისის "დინამომ", რომელმაც უზბეკეთში სათამაშოდ თავდამსხმელი ზურაბ წერეთელი მიავლინა. ერთ კვირაში  გუნდი ხელახლა ჩამოყალიბდა და ისევ ჩაება ჩემპიონატში...

საფეხბურთო ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა, მაგრამ ახალშეკოწიწებული "ფაჰთაქორის"  ნახვას ყველა ესწრაფოდა. ჯერ ერთი,  გულშემატკივრებს აინტერესებდათ,  როგორი გუნდი შეიქმნა თვითმყოფადი კოლექტივის ბაზაზე და მეორეც, ელემენტარული თანაგრძნობის გამოხატვა სურდათ მომხდარი უბედურების გამო "ფაჰთაქორის"  ბიჭებისთვის.

ტრაგედიის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი გუნდმა 1979 წლის 27 აგვისტოს გამართა. ლამის მთელი უზბეკეთი ტაშკენტის ცენტრალურ სტადიონზე შეიკრიბა.”"ფაპთაქორის" მეტოქე იყო ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატი თბილისის "დინამო"(!)...

ძვირფასო მკითხველო, ვიდრე იმ საოცარი მატჩის პერიპეტიებზე მოგითხრობდეთ, მინდა დღევანდელობაში დაგაბრუნოთ და გაგაცნოთ ამას წინათ, უზბეკეთის ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული "ფაჰთაქორის" ვეტერანი ფეხბურთელის, ტულიაგინ ისაკოვის მოგონება ქართველი ფეხბურთელების ვიზიტის შესახებ ტაშკენტში:

"ალბათ წარმოდგენილი გექნებათ, რა ტრაგედია გადაიტანეს უზბეკმა გულშემატკივრებმა და როგორ სურდათ ახალაღორძინებული გუნდის ნახვა ტაშკენტის სტადიონზე. პირველი საშინაო მატჩი, ზღვა ხალხი ტრიბუნებზე... ყველას სურდა, პატივი მიეგო უდროოდ დაღუპული ბიჭების ხსოვნისთვის. ჩამოფრინდა ბრწყინვალე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული თბილისის "დინამო". მახსოვს, პირველ წრეში თბილისში ჩატარებული მატჩი, რომელიც 0:4 წავაგეთ. საარაკო ფეხბურთი აჩვენეს იმ თამაშში თბილისელებმა და ტაშკენტური ვიზიტის დროსაც ნამდვილად საჩემპიონო გუნდი ჰყავდათ, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა ასეთ მდგომარეობაში მყოფი  "ფაჰთაქორის" ძლევა...

ჩამოსვლისთანავე ქართველი ფეხბურთელები სასაფლაოზე წავიდნენ და ყვავილებით შეამკეს დაღუპულთა საფლავები. საღამოს კი მწვანე მინდორზე გამოვიდნენ სათამაშოდ. შეუდარებელმა დავით ყიფიანმა მე-9 წუთზე გაგვიტანა ბურთი, მაგრამ შემდეგ დაგვითმეს უპირატესობა და ორი ბურთის გატანა შევძელით. ყიფიანმაც და სხვა ბიჭებმაც  მოედანზევე გვითხრეს, - აქ მოსაგებად არ ჩამოვსულვართ და ვერც მივცემთ თავს უფლებას, მთელი ძალით ვითამაშოთო. საბოლოოდ, გავიმარჯვეთ 2:1 და ოდნავი შვება მოვგვარეთ დამწუხრებულ უზბეკ გულშემატკივარს. ეს კი, უპირველესად,  ქართველი ბიჭების დამსახურება იყო, რომელთა ადამიანობამ და გულისამაჩუყებელმა თანაგრძნობამ იმ დღეს ტკივილი შეგვიმსუბუქა. თამაშის შემდეგ ყველას გადავეხვიეთ და მადლობა გადავუხადეთ. ტრიბუნები წამოიშალა და მქუხარე ტაშით გააცილა თბილისელები, რომლებმაც ღირსეულად მოიხადეს ვალი გარდაცვლილი კოლეგების მიმართ. ამის მნახველს, დარწმუნებული ვარ, არასოდეს დაავიწყდება ის დღე. 30 წლის შემდეგ უზბეკი გულშემატკივრების სახელით კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას იმ დიდებულ ქართველ ბიჭებს"...”

დამეთანხმებით, ამაღელვებელი მოგონებაა, რომელიც სიამაყით თვალზე ცრემლს მოგადენს. მართლაც ბარაქალა თქვენ, მაშინდელო ჭაბუკებო, დღეს უკვე თმაშევერცხლილო ვაჟკაცებო, თქვენი ღირსება და ადამიანობა ასე ლამაზად და უანგაროდ რომ ჩააგვირისტეთ ტაშკენტის მწვანე მინდორზე და მისი ნაკვალევი აგერ, 30 წლის შემდეგ გულწრფელ სამადლობლად რომ გადმოგყვათ(!). ბარაქალა ტულიაგინ ისაკოვსაც, რომელმაც თავადაც ღირსეულად დააფასა ღირსეული კაცები...

ძველ გულშემატკივრებს, უდავოდ გაახსენდებოდათ უფრო ადრეული 1964 წელი, როდესაც თბილისის "დინამო" პირველად სწორედ ტაშკენტში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. გაახსენდებოდათ, თუ როგორ ჩავიდა ლამის ნახევარი საქართველო უზბეკეთის დედაქალაქში თამაშამდე 2-3 დღით ადრე, როგორ მოიგეს ალალი და კეთილი საქციელით უზბეკების გული, როგორ გულშემატკივრობდა ადგილობრივი გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობა თბილისელებს და როგორ იზეიმეს ქართველებთან ერთად მოსკოვის "ტორპედოსთან" ბრწყინვალე გამარჯვება  - 4:1!..

ამ მატჩიდან სულ სამიოდე დღეში, იმავე ფეხბედნიერ სტადიონზე ქუთაისის "ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა გორკის "ვოლგასთან" და ისევ უზბეკი გულშემატკივრის მხურვალე თანადგომით დაამარცხა მეტოქე 4:2...

მოკლედ, კაცობის, ღირსებისა და სიკეთის სანთელ-საკმეველი თავის გზას ყველგან და ყოველთვის მონახავს!..

30 წლის შემდეგ გვინდა იმ "დინამოელების" ვინაობა შეგახსენოთ,  რომლებმაც ეს სიკეთის სანთელი ჩაუქრობელ კელაპტრად უქციეს არა მარტო უზბეკ გულშემატკივრებს,  არამედ ქართველთა მომავალ თაობასაც,  რომლებსაც მუდამ საამაყოდ ექნებათ "ფაჰთაქორთან" ჩატარებული მატჩის დროს ქართველი ფეხბურთელების ბრწყინვალე ჟესტი: ოთარ გაბელია, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე,  გიორგი ჭილაია, ვიტალი დარასელია, მანუჩარ მაჩაიძე, ნუკრი კაკილაშვილი, ვახტანგ ქორიძე,  ვლადიმერ გუცაევი,  დავით ყიფიანი,  რამაზ შენგელია, ვახტანგ კოპალეიშვილი. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი...

P.S. არ ვიცი, რა დამთხვევა იყო კალენდარში და რაღა მაინცდამაინც ქართველ ფეხბურთელებს ერგოთ ტაშკენტში პირველი მატჩის პატივი. არც ის ვიცი, როგორ მოიქცეოდნენ ქართველების ადგილას მოსკოვის "სპარტაკი", კიევის "დინამო" ან დონეცკის "შახტიორი", რომლებიც თბილისელებთან ერთად ლიდერობდნენ ჩემპიონატს და თითოეული ქულისთვის თავს აკლავდნენ მეტოქეებს. ფაქტია: ტაშკენტში დაკარგულმა ორმა ქულამ თბილისის "დინამო" საპრიზო სამეულს გამოთიშა...