ლარმა ფეხზე დადგომა დაიწყო და მალე თავის რეალურ ნიშნულამდე გამყარდება

ლარმა ფეხზე დადგომა დაიწყო და მალე თავის რეალურ ნიშნულამდე გამყარდება

ორშაბათიდან მოყოლებული ლარმა დიდი სისწრაფით გამყარება დაიწყო და უკვე 2,89-ის ნიშნულს ჩამოსდა. ამ პერიოდში ერვონული ვალუტის დასტაბილურებას ბევრი ელოდა, თუმცა რევალვაციის სწრაფ პროცესს მაინც არავინ პროგნოზირებდა. ახლა უკვე მთავრობის წევრებიც და ეკონომისტებიც ამბობენ, რომ ლარის გამყარებას გააგრძელებს და სულ მალე თავის რეალურ ნიშნულ მიაღწევს.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ლარის გამყარება არის შედეგი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელშიც ეროვნულ ბანკი თავის მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს.

„ლარის გამყარება ეს არის ფაქტი, მიმდინარე პროცესი. მე დიდი იმედი და რწმენა მაქვს, რომ ლარი განაგრძობს გამყარებას. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევაკავოთ ინფლაცია და ამას ვაკეთებთ წარმატებით და რასაც მალე იგრძნობს მოსახლეობა. მეორე მხრივ, იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ეკონომიკური ზრდა, ვაჩქარებთ პრივატიზაციას, ასევე წიაღისეულის ლიცენზირებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

10 დეკემბრის ვაჭრობა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარებით დაიწყო. „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.89-იან ნიშნულს ჩამოსცდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. რაც შეეხება ოფიციალურ გაცვლით კურსს, იგი 3,6 თეთრით გამყარდა და ახლა 2,90-ის ნიშნულზეა.

ამჯერად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ ეკონომისტებიც. საბანკო პროდუქტების ექსპერტის დათო კიკვიძის თქმით, ლარის კურსი უკვე რეალურ წონასწორულ ნიშნულს უახლოვდება. მიუხედავად მოახლოებული საახალწლო ხარჯების, ეროვნული ვალუტა სავარაუდოდ, გამყარების ტრენდს შეინარჩუნებს და მომავალი წლის პირველ კვარტალში შესაბამისი რეალური გაცვლითი კურსი გვექნება.

„ლარი ნამდვილად გამყარების რეალურ წონასწორულ მომენტს უახლოვდება, რაც ეკონომიკას დღევანდელ ვითარებას შეესაბამება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი წლის პერიოდი მოდის, რასაც ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება ახასიათებს, როცა ისინი მეტ ფულს ხარჯავენ, რაც ლარის კურსზე ცოტა წნეხს იწვევს ხოლმე. იმედს ვიტოვებ, რომ ამჟამინდელი გამყარების ტრენდი შენარჩუნდება და მომავალი წლის პირველ კვარტალში რეალური გაცვლითი კურსის ის მაჩვენებელი გვექნება, რაც ჩვენს ეკონომიკას შეესაბამება“, - განაცხდა კიკვიძემ.

ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ლარის კურსის გამყარებას ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებს.

„ლარი იმიტომ მყარდება, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამის შედეგად ინვესტორებს და რეზიდენტებს მოლოდინები შეექმნათ, რომ ლარი გამყარდება. მოლოდინი ნიშნავს იმას, რომ მათ, სავარაუდოდ, შემოიტანეს უცხოური ვალუტა, დააკონვერტირეს ლარში და იყიდეს მაგალითად, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოლოდინმა ლარის გამყარებას შეუწყო ხელი, ანუ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ თავისი წვლილი შეიტანა.

გარდა ამისა, ჩვენთან ეკონომიკის 5%-იანი ზრდაში ლომის წილი ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ ფულად გზავნილებს მიუძღვის. განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში დაიწყეს გადმორიცხული ან შენახული დოლარის გადახურდავება ლარში და კურსი ყალიბდება არა მაშინ, როდესაც ემიგრანტები რიცხავენ დოლარს, არამედ მაშინ როდესაც ხდება მისი ლარში გადახურდავება, ამიტომ წინა საახალწლო პერიოდში ე.წ. „ინდაურის ეკონომიკის“ პირობებში ამან ხელი შეუწყო ლარის გამყარებას. ლარის კურსის გამყარებამ ფასების დასტაბილურება უნდა გამოიწვიოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისე შემდეგ თვეებშიც გააგრძელებს გამყარებას“, - განუცხადა „კომერსანტს“ ცომაიამ.

მოკლევადიან პერიოდში მერყეობა, ზოგადად, მცურავ გაცვლით კურსს ახასიათებს, თუმცა, გამყარების ტენდენცია ამ დღეებში აშკარა იყო. ლარის კურსის გამყარების აშკარა ტენდენციას „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძეც ახალი წლის მოახლოებას უკავშირებს.

„ბოლო დროს ლარი ნამდვილად ზედმეტად იყო გაუფასურებული მთავარი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში. შესაბამისად, კურსის ასეთი მცირე კორექტირება მოსალოდნელი იყო, გავითვალისწინოთ ისიც, რომ ახალი წელი ახლოვდება და ადამიანები უფრო მეტად ხარჯავენ ლარს და შესაძლოა შენახული დოლარების დახურდავებაც მოუწიოთ, ეს იქნება ადრე გადმორიცხული თანხები თუ ანგარიშზე შენახული სხვა უცხოური ვალუტა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყოს. იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს, უნდა შეიქმნას ოპტიმისტური განცდა, იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება“, - აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა.