ინფლაციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია - ეროვნული ბანკი გაჩერებას არ აპირებს

ინფლაციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია - ეროვნული ბანკი გაჩერებას არ აპირებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეოთხედ გაზარდა და ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალ ნიშნულზე აიყვანა. დამატებით 0.5 პროცენტული პუნქტით მომატების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა. ბოლოს ასეთი მაღალი განაკვეთი ქვეყანას 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა.


სებ-ი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მკვეთრად გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინს უკავშირებს, რადგანაც ნოემბერში ინფლაციის წლიურმა ნიშნულმა 7%-ს მიაღწია და ჯერჯერობით შემცირების პირი არ უჩანს.


„ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს.


როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.


მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ სებ-ში.


ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეთანხმება და მხარს უჭერს მთავრობა. როგორც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, ეკონომიკური გუნდის და მათ შორის ეროვნული ბანკის, პირველადი ზრუნვის საგანი ინფლაციის შემაკავებელი ღონისძიებებია.


მინისტრის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გამყარება არის როგორც ეროვნული ბანკის პოლიტიკის, ასევე მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობის შედეგი. იმისათვის კი, რომ შენელდეს ეკონომიკური ზრდა, არსებობს არამონეტარული ბერკეტები, რისი გამოყენებაც მაქსიმალურად ხდება.


„ეს არის დააჩქარებული პრივატიზაცია. როგორც იცით, პრივატიზაციაში წამოვიწყეთ და მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები, აგრეთვე ეს არის წიაღში გამარტივებული ლიცენზიების გაცემა, ტურიზმის წახალისება, საექსპორტო წარმოების წახალისება. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალისტურად მიმაჩნია, რომ არ გვქონდეს ეკონომიკური ზრდის შენელება და პირიქით, გვქონდეს მაღალი ზრდა რეგიონში, როგორც ამას საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ. პარალელურად კი, ლარმაც განაგრძოს გამყარება. სწორედ ამაზეა საუბარი ეროვნული ბანკის განცხადებაშიც, რომ ლარი შესაძლოა კიდევ გამყარდეს და ინფლაციაც მომავალ წელს დაუბრუნდეს თავის ნიშნულს“, - განაცხადა თურნავამ.


ამასთან ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბიზნესის მხრიდან არის ნდობა მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რასაც ამ ბოლო დროს მთავრობა იღებს, იგივე ლარის კურსის ნორმალიზების თვალსაზრისით.


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციის სამართავად გაზარდა, რაც შედეგიანი იქნება.


„პირველ რიგში, ეს ნაბიჯი არა უფრო ლარის გასამყარებლად, არამედ ინფლაციის სამართავადაა გადადგმული. ბოლო თვის მონაცემებით, 7%-იანი ინფლაცია გვაქვს, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელიდან მნიშვნელოვნად არის გადახრილი. ეროვნულ ბანკის მთავარი ამოცანაა, ინფლაციის ადეკვატურ ჩარჩოებში დაბრუნება, მაგრამ ამას აქვს საშუალოვადიანი პერიოდი. შესაბამისად, ამ ვადაში, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება შედეგებს გამოიღებს და ვიმედოვნებ, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებლს. ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილება აისახება ლარის კურსზე, გამყარების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა გვიდიანმა.