რამდენიმე დღის წინ თბილისის "დინამოს" ყოფილმა მესაკუთრემ, ამჟამად ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" მფლობელმა, მერაბ ჟორდანიამ განაცხადა, რომ "დინამოს" ამჟამინდელი და ყოფილი მესაკუთრეები მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და კლუბის იურიდიული მფლობელის ვინაობა გაარკვიონ. ერთ-ერთ ტელევიზიაში შსს-ს ყოფილი 7 გენერალიც ახსენეს...
გასულ კვირას "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში კი შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ განაცხადა, ჩემს ყოფილ პირველ მოადგილეს, ზურაბ ჩხაიძეს აქვს "დინამოს" შესახებ დოკუმენტაცია, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ და საზოგადოებამ შეიტყოს სიმართლე ამ სისხლის სამართლის საქმეზეო. დავუკავშირდით ბატონ ზურაბ ჩხაიძეს, რომლის მიერ გადმოცემული დოკუმენტები წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ვითარდებოდა პროცესები "დინამოს" გარშემო.
საფეხბურთო კლუბიდან შპს-მდე
თბილისის "დინამო", ვიდრე მას მერაბ ჟორდანია და მისი მხედრიონელი მეგობრები ჩაიგდებდნენ ხელში, სპორტსაზოგადოება "დინამოს" ეკუთვნოდა. 1988 წლის 29 დეკემბერს, "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის N57 დადგენილების საფუძველზე, შეიქმნა დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", რომელიც ანგარიშვალდებული იყო სპორტსაზოგადოება "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს წინაშე. ამ საბჭომ "დინამო თბილისს" გადასცა საფეხბურთო კლუბ "დინამოს" შტატები, 1989 წელს კი - დიღმისა და ბავშვთა საწვრთნელი ბაზები, აგრეთვე, ბაზების კაპიტალური რემონტისა და შენახვის ფინანსებიც. გუნდის შენახვა სპორტსაზოგადოება "დინამოს" საკუთრებაში არსებული საწარმოების შემოსავლებით ხდებოდა. 1991 წელს კი, მას შემდეგ, რაც ამ საწარმოებმა ფუნქციობა შეწყვიტეს, ფინანსური პრობლემები "დინამოს" საბჭოს და მასზე დაქვემდებარებულ კლუბებსაც შეექმნათ. "დინამოს" რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის 1992 წლს 5 ივნისის დადგენილებით, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" რეორგანიზაციის შედეგად 'გაუქმდა ძველი და შეიქმნა ახალი კლუბი, შპს, რომლის კაპიტალი, 30 მილიონ 400 ათას მანეთს შეადგენდა. მისი დამფუძნებლები იყვნენ: ავიაკომპანია "ორბი", საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი საწარმო "ბომბორა", სამრეწველო-სავაჭრო ფირმა "კავკასიონი". სპორტსაზოგადოება "დინამომ" არსებობა შეწყვიტა და 1992 წლის 31 დეკემბერს დიდუბის რაიონის სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო", რომლის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონი მანეთით განისაზღვრა. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოში კრიმინალური დაჯგუფებების აღზევების ხანას და დაიწყო "მხედრიონელთა" მიერ საფეხბურთო კლუბის მითვისების პროცესი. "მხედრიონის" ლობირებით "დინამოს" წილები სამმა იურიდიულმა პირმა გადაიფორმა - სპორტკლუბმა "დინამომ", ფირმა "ბერმუხა-92"-მა - 80% (პრეზიდენტი მერაბ რატიანი), მერაბ ჟორდანიამ - 10%, სპორტკლუბი "დინამო" კი მეწილედ დიღმის საწვრთნელი და "ნორჩი დინამოელის" ბაზებით შევიდა. აღსანიშნავია, რომ 80 პროცენტის მფლობელ მერაბ რატიანს, საწესდებო კაპიტალში 3 მილიონ 204 ათასი მანეთი უნდა შეეტანა, ამ თანხის სანაცვლოდ კი "ბერმუხა-92"-მა ავტომანქანა "გაზ-24" შეიტანა საწესდებო კაპიტალში. არადა, მხედრიონელებმა დანჯღრეული ავტომანქანა 3 მილიონ მანეთად შეაფასეს, დიღმის საწვრთნელი ბაზა - 1.598.000 მანეთად, "ნორჩი დინამოელის" საწვრთნელი ბაზა კი - 97 ათას მანეთად. რადგანაც "დინამოს" მეწილეთა ბედს და ქვეყანაში კანონიერებასაც იმხანად "მხედრიონი" განაგებდა. შს სამინისტროს ხელმძღვანელობამ ამ უკანონობაზე თვალი დახუჭა და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" პრეზიდენტად მერაბ ჟორდანია აირჩიეს. მოკლე ხანში კლუბის მმართველობაში მხედრიონელთა რიცხვი გაიზარდა და ხელმძღვანელის თანამდებობები ზაზა ვეფხვაძემ და გია სვანაძემ დაიკავეს.
ფინანსური მაქინაციები ანუ ვინ შეჭამა "დინამო"?
შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო" სასამართლომ რეგისტრაციაში კი გაატარა, მაგრამ ის მაინც უკანონოდ ფუნქციობდა, რადგანაც ბაზების გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტებით არ გაფორმებულა. არც ფეხბურთელთა შეფასება მომხდარა, არადა, ამ პერიოდისთვის "დინამოში" ირიცხებოდნენ სახელგანთქმული ფეხბურთელები: შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ნემსაძე, გიორგი ქინქლაძე და სხვები. აქედან გამომდინარე, კლუბის ყველა საქმიანობა ითვლებოდა უკანონოდ. ის იყო ფორმალური იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი ქონება და საწესდებო კაპიტალის შევსების დამადასტურებელი დოკუმენტიც კი. 1994 წელს დღის წესრიგში დადგა კლუბის ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობა. 1994 წლის 28 ოქტომბერს პარლამენტმა მიიღო კანონი "მეწარმეთა შესახებ", რომლის მიხედვითაც ყველა სამეწარმეო სუბიექტს ხელახლა უნდა გაევლო რეგისტრაცია. 1995 წელს სპორტკლუბ "დინამოს"თავმჯდომარე გახდა იმხანად შს მინისტრი კახა თარგამაძე, რომლის დავალებითაც "დინამოს" ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შესწავლა დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა. გამოვლინდა უამრავი დარღვევა, როგორც ფინანსური, ასევე ქონების მიტაცების და წილების უკანონო გადანაწილების ფაქტები. სწორედ ამ მიზეზით, კახა თარგამაძემ, როგორც "დინამოს" თანადამფუძნებელმა, უარი თქვა შპს-ს ძველებურად რეგისტრაციაზე. ამის შემდეგ შსს-მ დაიწყო ფინანსური დარღვევების შესწავლა "დინამოში". 1996 წლის 1-ლი ივლისიდან უკვე აღარ არსებობდა შპს "საფეხბურთო კლუბი თბილისის დინამო", როგორც იურიდიული პირი.
მიუხედავად იმისა, რომ შპს "დინამო" რეგისტრაციაში არ გაატარეს, დიდუბის რაიონის საგადასახადო სამსახურის უფროსმა მ. ქევანიშვილმა შპს-ს ლიკვიდაციის საკითხი არ დააყენა, რითაც დაარღვია პრეზიდენტის 1996 წლის 9 ივლისის N193 ბრძანებულება და შპს-ს მიანიჭა საიდენტიფიკაციო კოდი. შპს-მ სასამართლო რეგისტრაციის გარეშე განაგრძო საქმიანობა. სწორედ ეს უკანონო გადაწყვეტილება გახდა საფუძველი იმისა, რომ "დინამოს" ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი გაქრა.
საქართველოს პრეზიდენტის 1995 წლის 21 ივნისის N251 ბრძანებულებით, საფეხბურთო კლუბის სამეურნეო-კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლები ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდა. ამის მთავარი მოტივი იყო ის, რომ უნდა შექმნილიყო საპარტნიორო ფონდი, სადაც შემოსული თანხები "დინამოს" აღორძინებას მოხმარდებოდა. თუმცა არანაირი ფონდი არ შექმნილა, "დინამოს" თავკაცები საკუთარი ბიზნესით და ფულის კეთებით იყვნენ დაკავებული. "დინამოსთვის" საზღვარგარეთიდან შემოიტანეს 17 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რომლის რეალიზაციის შედეგად 20 მილიონი ლარი საპარტნიორო ფონდს უნდა მიეღო. გამოძიებით კი დადგინდა, რომ ეს თანხა საპარტნიორო ფონდს არ მიუღია. ის "დინამოს" თავკაცებმა, ასე ვთქვათ, შეჭამეს. შს სამინისტრომ დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა (მ. ჟორდანიას, ვ. შალიკაშვილის, მ.რატიანის და ნ. მამეიანის (მთავარი ბუღალტერი) წინააღმდეგ სს საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და საბუთების გაყალბების ბრალდებით აღძრა. თუმცა, დიდუბის სასამართლომ ბრალდებულები გაამართლა. შსს-მ დიდუბის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, უზენაესმა სასამართლომ კი დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და სისხლის სამართლის საქმე ისევ საგამოძიებო ორგანოებს დაუბრუნა გამოსაძიებლად. 1999 წლის 16 ნოემბერს შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტმა "საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს" ხელმძღვანელ პირთა მიმართ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა შემდეგი მოტივით: მერაბ ჟორდანიამ და მერაბ რატიანმა სამჯერ გამოიტანეს კრედიტი "თიბისი ბანკიდან" 400 ათასი აშშ დოლარის ოდენობით და ბანკში გირაოდ ჩადეს სპორტკლუბ "დინამოს" ქონება, დიღმის საწვრთნელი ბაზა და "მზიურის" შოკოლადის ქარხანა. კრედიტის გამოტანის მოტივად კი "მზიურის" განვითარება დასახელდა. ბანკმა დროთა განმავლობაში მოითხოვა ვალი, რომელიც ვერ მიიღო, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართა. დიდუბის სასამართლომ გადაწყვეტილება ბანკის სასარგებლოდ გამოიტანა. "დინამოს" პირველ ეტაპზე 202.962 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. შსს-მ მერაბ ჟორდანიას ვალის გადახდაზე უარი განაცხადა და "თიბისი ბანკის" ვალი რამდენიმე ფეხბურთელის - გივი დიდავას, მიხეილ აშვეთიას და კლიმენტი წიტაიშვილის ტრანსფერიდან შემოსული თანხებით დაიფარა.
კახა კალაძის ტრანსფერის ბურუსით მოცული ისტორია
ქართველმა სამართალდამცველებმა "აგრომრეწვბანკში" მიაკვლიეს კახა კალაძის მეორე სატრანსფერო კონტრაქტს, რომელიც თბილისისა და კიევის კლუბებს შორის გაფორმდა. დოკუმენტი არ იყო ორიგინალი და ის ქსეროასლის სახით მოიპოვა გამოძიებამ. მეორე ტრანსფერი, პირველისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთ-ერთ პუნქტში მითითებული იყო, თუ ფეხბურთელი კახა კალაძე კიევის "დინამოდან" სხვა გუნდში გაიყიდებოდა, მაშინ სატრანსფერო თანხის 50%-ის მფლობელი თბილისის "დინამო" ხდებოდა. ამ კონტრაქტის მიხედვით, კახა კალაძე 15 მილიონ გერმანულ მარკად იყო შეფასებული. კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში კი თანხის 50%-ის მფლობელი თითქოს თბილისის "დინამო" ხდებოდა, რაც ჟორდანიას და მის მეგობრებს კრედიტის გამოტანის მიზნით, საგარანტიოდ სჭირდებოდათ "აგრომრეწვბანკში" - სოლიდური ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს ხელთო. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ ეს დოკუმენტი ყალბი იყო.
2000 წლის მარტში შს სამინისტრომ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილიყო სპეციალური კომისია, საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოსა" და ეროვნული სტადიონის პრობლემების შესასწავლად. კომისიამ შეისწავლა პრობლემები და მიზანშეწონილად მიიჩნია, კლუბ "დინამოს" სასწრაფოდ გაევლო რეგისტრაცია და განხილულიყო დამფუძნებელთა წილების საკითხი. ამ საკითხებზე იმსჯელა მთავრობის სხდომამ.
ამ პერიოდში "დინამოს" დაუგროვდა 2 მილიონი ლარი და 2001 წლის 3 იანვარს ფიფამ გამოგზავნა დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელშიც ეწერა: თუ საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ერთი თვის ვადაში არ უზრუნველყოფდა საფეხბურთო კლუბ "მრეტების" დავალიანების - 27 ათასი დოლარის მთლიანად დაფარვას, თბილისის "დინამოს" აეკრძალებოდა ნებისმიერ ტურნირში მონაწილეობა, ეროვნული ჩემპიონატის ჩათვლით. 2001 წლის 2 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტთან ჩატარდა თათბირი გია არსენიშვილის, ნუგზარ საჯაიას, კახა თარგამაძის, პეტრე მამრაძის, თედო ისაკაძის, ზურაბ ნოღაიდელისა და სხვა თანამდებობის პირთა მონაწილეობით და დაევალა კახა თარგამაძეს, 10 დღის ვადაში უზრუნველეყო საფეხბურთო კლუბ "დინამოს" საწარმოდ დაფუძნება და კლუბში არსებული ვალების გასტუმრება. თარგამაძემ ხსენებული დავალება შეასრულა. პრეზიდენტის N42 ბრძანებულებით, შსს-ს ნება დაერთო, 3 წლის ვადაში, ეტაპობრივად დაბრუნების პირობით, სპეცშემოსავლების 60 პროცენტი, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, კონკრეტულად "დინამოს" პრობლემებისათვის გამოეყენებინა. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. შესაბამისად, 6 თვეში გაიხარჯა 6,6 მილიონი ლარი. ამის პარალელურად კი მუშაობა მიმდინარეობდა ინვესტორთა მოსაძიებლად.
საუკეთესო ვარიანტად მიჩნეულ იქნა კომპანია "პიზერპარკპროპერტლიმიტედის" (ეკუთვნოდა ბადრი პატარკაციშვილს) შემოთავაზება, რომელიც ვალის სრულყოფილად დაფარვის და საფეხბურთო გუნდის წარმატებულ ფუნქციობას კისრულობდა. ეს ყველაფერი კეთდებოდა კლუბის 90-პროცენტიანი წილის სანაცვლოდ. წილის 10%-ის მფლობელი კი სპორტსაზოგადოება "დინამო" იყო.
ამ ამბიდან ცოტა ხანში კახა თარგამაძე შს მინისტრის პოსტიდან გადადგა და მისი ადგილი კობა ნარჩემაშვილმა დაიკავა. სპორტსაზოგადოება "დინამოს" თავმჯდომარე ავტომატურად კობა ნარჩემაშვილი გახდა. გაგრძელდა გამოძიება "დინამოს" საქმეზე, თუმცა ნარჩემაშვილის მინისტრობისას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რატომღაც ინტერესი მინელდა...
"პროკურატურა უნდა დაინტერესდეს "ვარდოსნების" მიერ მერაბ ჟორდანიას ორჯერდაკავება-გამოშვების მიზეზებით"
გვესაუბრება შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, პოლიციის გენერალ-მაიორი ზურაბ ჩხაიძე:
" შს სამინისტროს ის 7 მაღალჩინოსანი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მე ვარ, ვმოქმედებდით კანონთან სრულ შესაბამისობაში. მოვითხოვთ, ხსენებული სისხლის სამართლის საქმეების გასაჯაროებას. საზოგადოებას უნდა განემარტოს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მერაბ ჟორდანიას ორჯერ დაკავების და შემდეგ გათავისუფლების მიზეზები. კარგი იქნება, თუ ამით გენერალური პროკურატურა დაინტერესდება და მრავალ უპასუხო კითხვას გაეცემა პასუხი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება და ყველამ მიიღოს ის, რაც ეკუთვნის. ამ საქმეში რომ შსს-ს 7 მაღალჩინოსანს რაიმე გადაცდომა ჰქონოდა დაშვებული, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის "პროფესიონალი" სამართალდამცავები ხელიდან გაუშვებდნენ? ასევე კარგი იქნება, თუ დაინტერესდებიან, რა ბედი ეწია სპორტსაზოგადოება "დინამოს" მილიონობით ღირებულების ქონებას, სპორტულ ბაზებსა და შენობა-ნაგებობებს "ვარდოსანთა" მმართველობის პერიოდში. სპორტკომპლექსებს თბილისში, ბაკურიანში, ფოთში და ა.შ.
1996-2000 წლებში გაყიდული ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები:
1) გიორგი ქინქლაძე, 1996 წელი, "მანჩესტერ სიტი", 3 მილიონი აშშ დოლარი. თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 2) შოთა არველაძე, 1995 წელი, "ტრაბზონსპორი" (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 3) არჩილ არველაძე, 1996 წ. "ტრაბზონსპორი" (თურქეთი), სატრანსფერო თანხის ოდენობა უცნობია. 4) მურთაზ შელია, 1997 წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 5) ზაზა რევიშვილი, 1997 წ. ვლადიკავკაზის "ალანია" 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 6) მიხეილ ყაველაშვილი, 1997წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში" 7). ალექსანდრე იაშვილი, 1997წ. "ფრაიბურგი" (გერმანია), 900 ათასი გერმანული მარკა. თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიაში "ფინანსბანკში", ნაწილი მერაბ ჟორდანიამ ხელზე მიიღო. 8) ლევან ცქიტიშვილი, 1997 "ფრაიბურგი" (გერმანია) 900 ათასი გერმანული მარკა, თანხის ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", ნაწილი კი ხელზე მიიღო მერაბ ჟორდანიამ. 9) ლევან კობიაშვილი, გაიყიდა ორჯერ " 1997წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 100 ათასი აშშ დოლარი, თანხა ჩაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში" და "ფრაიბურგი" (გერმანია) " 1 მილიონ 200 ათასი გერმანული მარკა, ნაწილი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", ნაწილი ხელზე აიღო მერაბ ჟორდანიამ. 10) გახოკიძე გიორგი, 1998 წ. ვლადიკავკაზის "ალანია", 200 ათასი აშშ დოლარი, თანხა ჩაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 11) დემეტრაძე გიორგი, ვლადიკავკაზის "ალანია", 720 ათასი აშშ დოლარი. 130 ათასი აშშ დოლარი გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში", 100 ათასი აშშ დოლარი სს "მზიურში". 70 ათასი აშშ დოლარი, მერაბ ჟორდანიას მითითებით, გადაირიცხა გერმანიის ქალაქ ვისბედენში, 420 ათასი აშშ დოლარი, სავარაუდოდ, მერაბ რატიანმა აიღო ხელზე. 12) კახა კალაძე, 1998წ. კიევის "დინამო", 300 ათასი აშშ დოლარი, გადაირიცხა შვეიცარიის "ფინანსბანკში". 13) გიორგი კიკნაძე, 1999წ. "სამსუნსპორი" (თურქეთი), 90 ათასი აშშ დოლარი, ხელზე აქვს მიღებული "დინამოს" ერთ-ერთ ხელმძღვანელს. 14) კლიმენტი წიტაიშვილი, 2000წ, ისრაელი, 100 ათასი აშშ დოლარი, მოხმარდა "თიბისი ბანკის" კრედიტის დაფარვას. 17) რატი ალექსიძე, 2000წ, "ჩელსი" (ინგლისი). 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი. გამოძიებამ თანხას ვერ მიაკვლია.
სულ, 1996-2000 წლებში, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ, 15 ფეხბურთელის გაყიდვით, 5 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარი, 3 მილიონი გერმანული მარკა და 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოიპოვა. გამოძიებისთვის დღემდე უცნობია, რა თანხად გაყიდეს ფეხბურთელი ძმები არველაძეები თურქეთში.