ფრანგ მოციგურავე მორგან სიპრეს არასრულწლოვანი გოგოს მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა USA Today ავრცელებს.
მისი ცნობით, 2017 წლის დეკემბერში სიპრემ 13 წლის ამერიკელ მოციგურავეს თავისი სასქესო ორგანოს ორი ფოტო გაუგზავნა. ამერიკელი მოციგურავე ფლორიდაში, იმავე სპორტდარბაზში ვარჯიშობდა, სადაც სიპრე 2018 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა.
არასრულწლოვნის მშობლების განცხადებით, მაშინ ინციდენტის შესახებ იმიტომ არ გახდა ცნობილი, რომ სიპრეს მწვრთნელები ჯონ ციმერმანი და სილვია ფონტანა მათ დაემუქრნენ. USA Today-ის ინფორმაციით, სიპრემ ფოტოები Instagram-ის ვერიფიცირებული პროფილიდან გაგზავნა. მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს ამერიკული ორგანიზაცია SafeSport-ი, რომელიც სპორტსმენების მიმართ ძალადობის შემთხვევების სფეროში მუშაობს.
28 წლის სიპრე ვანესა ჯეიმსთან ერთად წყვილთა ფიგურულ სრიალში ასპარეზობს. 2019 წელს სიპრე-ჯეიმსის წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მათ ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო და 2018 წლის გრანპრის ფინალის ოქრო. ფიონგჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე სიპრე-ჯეიმსის წყვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.