„ადამიანმა თქვა, მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“

„ადამიანმა თქვა, მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. ეს გადაწყვეტილება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ბევრი ეჭვი გაჩნდა. სურგულაძე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოხელე გახლდათ. ასეთ თანამდებობებს კი საკუთარი სურვილით და ერთი ხელის მოსმით არავინ ტოვებს.

„სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო მუშაობს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო, კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაც პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე ამას დავეთანხმები“, - აღნიშნა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტო თავმჯდომარეს სამომავლო გეგმების შესახებ ამ ეტაპზე სიტყვა არ დასცდენია. მან მხოლოდ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დარწმუნებულია, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

„გეთანხმებით, რომ რეფორმის შესახებ გარკვეული კითხვები ისმოდა. ჩვენმა სააგენტომ და გუნდმა იმუშავა ძალიან ბევრი, ძალიან კარგად და დღეს ეს ნეგატივი, ასე თუ ისე, ნიველირებულია. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ.

რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, ის გაგრძელდება წარმატებით, დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ ყოველთვის ვილოცებ. რა თქმა უნდა, მორალურად მუდამ ჩემი გუნდის გვერდით ვიქნები“, - განაცხადა სურგულაძემ.

მედიის გარდა, მოულოდნელი გადაწყვეტილებაზე ეჭვი გაუჩნდათ პოლიტიკოსებსაც. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე გამოეხმაურა სურგულაძის გადაწყვეტილებას და საჯაროდ გამოთქვა თავისი აზრი.

„ფაქტია, დღევანდელი ხელისუფლების კლანური სისტემა ვერ ჰგუობს ასეთი ტიპის ადამიანებს და ხდება მათი განდევნა. მე პირადად არ მჯერა, რომ ლევან სურგულაძე საკუთარი სურვილით წავიდა რეალურად. მისი ასეთი უარგუმენტო გადადგომა-გაშვება დაკავებული 5-წლიანი თანამდებობიდან მხოლოდ დააზიანებს საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობას“, - აღნიშა ქსელში დეპუტატმა.

სამაგიეროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვი არ გასჩენია საქართველოს პრემიერ-მინისტრს. გიორგი გახარიას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის.

„სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს საბჭო და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე. ადამიანმა თქვა, მინდა წასვლაო და ძალით ხომ არ ვამუშავებთ? თან დაგვპირდა, რომ ილოცებს“, - განაცხად გახარიამ.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ლევან სურგულაძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელე გახლდათ. სააგენტოს დირექტორად ის 2018 წლის 15 სექტემბერს დაინიშნა და მხოლოდ 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლის ხელფასის სახით 42 000 ლარი მიიღო. გამოდის, რომ ლევან სურგულაძის ყოველთვიური ხელფასი 14 000 ლარამდე მერყეობდა. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კი, ანუ 2018 წლის სექტემბრიდან დღემდე მას 200 000 ლარზე მეტი აქვს აღებული.

petrekupry ლოცვა ქვას ხეთქავს და საპეინსიო ფონდს გააასმაგებს!
4 წლის უკან