წერილი პრეზიდენტს, ანუ სად ხარ, მაღალო!..

წერილი პრეზიდენტს, ანუ სად ხარ, მაღალო!..

წინასაარჩევნოდ სინათლის სიჩქარით მორბენალ ჩვენს პრეზიდენტს, საავადმყოფოს საავადმყოფოზე რომ ხსნიდა, დღის 1 საათზე - კახეთიდან, 2-ზე - რაჭიდან, 3-ზე - აჭარიდან და საღამოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ გვესალმებოდა, მძიმე დღეები უდგას. მას მერე, რაც "იმედი" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, "რეალ TV"-მ საინფორმაციო გამოშვებები შეაჩერა და "რუსთავი 2"-იც ასე თუ ისე მიხვდა, რომელია უმრავლესობა და რომელი უმცირესობა, 5-წუთიანი სატელევიზიო ჩართვები რომელიღაც განახლებული ან უბრალოდ სხვაფრად გადაღებილი სკვერიდან ისტორიას ჩაჰბარდა. მუშტებმოღერილი პრეზიდენტის გამოსვლებს ამჯერად "ფეისბუქზე" მისი ოფიციალური გვერდი აქვეყნებს მხოლოდ. არადა, როგორ მომენატრა ღრუბლებს ამოფარებული მიშას ზღაპრები რუსეთის აგენტურაზე, სიბნელეში და უკუნში დაბრუნებაზე, რუსული ფულით მართულ დესტაბილიზაციაზე.

ეჰ, მაღალო, მაღალო. შენ არ იყავი, რომ გვპირდებოდი, ჩვენს აშენებულ ქვეყანას არავის დავუთმობო; პუტინის პოლიტიკას საქართველოში არ ვაბატონებო; რას ჰგავს ახლა ეს! სკოლებში ლენინის ანდერძს აზეპირებინებენ ბავშვებს, უნივერსიტეტებში კომუნისტური იდეოლოგიით ზრდიან სტუდენტებს, ჯიბეები რუსული ფულით გაგვიტენეს საქართველოს მოსახლეობას, ქართულ ჯარში რუსეთის ჰიმნს ამღერებენ ბიჭებს... სად ხარ, მაღალო!!! ივანიშვილი დამთრგუნველ ანეკდოტებს გვიყვება. ახალაია დაიჭირეს და თუთბერიძეს არ აკავებენ. ესაა დემოკრატია?!.უნდა გოგოს ბიჭთან, უყვარს და რა ქნას?! უთხარი წულუკიანს, "პერედაჩებზე" მაინც შეუშვას თუთბერიძე, თორემ გასკდა გული.

ეჰ, მაღალო, მაღალო, შენს დაგებულ ასფალტზე უსინდისოდ დაიარებიან ახალი მინისტრების ჯიპები. შენი სურათი შეურაცხყვეს, კედლიდან ჩამოხსნეს! სუბარის მრჩევლად მოროშკინა დანიშნეს! პატიმრების კვების რაციონი გაუმჯობესდება, ძუძუს მოაწოვებს ლალიო, ამბობენ. ესაა სამართალი?! რუსი ქალბატონის ძუძუთი უნდა დავაპუროთ ქართველი პატიმრები?!

შენმა მოცეკვავე შადრევნებმაც კი მოიწყინეს, აღარც ცეკვავენ და აღარც მღერიან. ჩიორაც როგორი ნაღვლიანი თვალებით იმზირება ეკრანიდან. გული მიკვდება! ეს შენი ჯამბაზი, ვანო ჯავახიშვილი, ახლა ბიძინას ჯამბაზობაზე ოცნებობს, გაუგია, სინათლეზე ტარიფი გაიაფდაო, დადის და ანთებს შუქს ყველგან. ამას წინათ "ფეისბუქზე" რომ კითხულობდი, ტუალეტში შუქი ვინ დატოვაო, მაგან დატოვა, თვითონ გამოტყდა თავის გადაცემაში, რა ენაღვლება რა!!! მალე უმუშევრად დარჩენილი პრეზიდენტი როგორ გადაიხდის გადასახადებს?!.

მაღალო, მაღალო, შენმა ნაშენებმა დემოკრატიამ მოგიღო ბოლო. რას იზამ, მიშიკო, ყველანი დემოკრატიის შვილები ვართ.