ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი 7 დეკემბერს დაკრძალეს. ვაკის სამების ტაძარი ხალხით იყო გადაჭედილი.
უამრავი ადამიანი გამოეთხოვა ახალგაზრდას, რომელიც, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
ნიკა დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და 2 დეკემბერს მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს. როგორც კიევის პოლიციის თანამშრომელმა გვითხრა, დავითაშვილი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს.
"დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა ჩაცხრილეს მანქანაში. მანქანის სავარძელს ნატყვიარი ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელზე მსხდომმა პირებმა ესროლეს. შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ღრმა ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის აუცილებლად იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს. ჩანაწერში კარგად ჩანს, სასტუმროდან გამოსული ნიკა დავითაშვილი როგორ უახლოვდება მამაკაცებს. რამდენიმე წუთს ესაუბრება, შემდეგ ჯდება მანქანაში და მიდიან. რაზე ესაუბრებოდა მამაკაცი დამნაშავეებს და რატომ გაჰყვა მათ, უცნობია. ერთი ვერსიით, ამ საქმეში ქართველების ხელი ურევია და არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები მკვლელობის შემსრულებლები იყვნენ", - გვითხრა ჩვენმა წყარომ.
ჩვენი ინფორმაციით, ორი პირი დანაშაულს აღიარებს. მკვლელობა, სავარაუდოდ, ნიკას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ერთი ვერსიით, დამნაშავეები მისთვის თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. პოლიციამ დამნაშავეები მაშინ დააკავა, როცა ქუჩაში მიტოვებულ იმ მანქანასთან დაბრუნდნენ, რითაც ახალგაზრდა გაიტაცეს.
ნიკა დავითაშვილს საქართველოში დიდი ხანია სასმელების ბიზნესი ჰქონდა. როგორც მისი ბიზნესპარტნიორები ამბობენ, კომპანიას სასმელები უკრაინაშიც გაჰქონდა და იქაც ჰყავდათ ბიზნესპარტნიორები.
რატომ მოკლეს ახალგაზრდა კაცი, იმედია, უკრაინელი სამართალდამცავები გამოიძიებენ და გაირკვევა, ვინ იყო ამ შემზარავი მკვლელობის შემკვეთი.
რა აკავშირებდა მოკლულ ბიზნესმენს დავით კეზერაშვილთან?!
2013 წელს საგამოძიებო სამსახურმა დავით კეზერაშვილს სპირტის კონტრაბანდის საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალი წაუყენა. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი წლების განმავლობაში მფარველობდა ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს საქართველოში ეთილის სპირტის ისე შემოტანაში, რომ ის არ მოქცეულიყო დაბეგვრის რეჟიმში. გამოძიებისავე ინფორმაციით, ბიზნესმენები კეზერაშვილზე მისი დის ქმრის, მეირი ჯანაშვილის მეშვეობით გავიდნენ. გამოძიების ცნობით, დავითაშვილს და იმნაძეს სპირტი უკრაინიდან შემოჰქონდათ. უწყების ინფორმაციით, კეზერაშვილმა უკანონო შემოსავლის სახით საერთო ჯამში 12 334 683 დოლარი მიიღო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებაში კეზერაშვილი სასამართლომ გაამართლა.