რეგიონებში კრიპტოვალუტების წარმოება უკვე დიდ პრობლემებს აჩენს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ სვანეთში კრიპტოვალუტების საწარმოების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. თუ ასე გაგრძელდა საფრთხის წინაშე დადგენა რეგიონის ელექტრომომარაგებაც.
„ვადასტურებთ, რომ კვლავ მწვავედ დგას კრიპტოვალუტების საწარმოების პრობლემა სვანეთში. თუ გაგრძელდა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ეს ტენდენცია მომავალშიც, საკმაოდ გაგვიჭირდება მხარის სტაბილური ენერგომომარაგება. ვცდილობთ, რომ აღრიცხვა მაინც ვაწარმოოთ მოხმარებული ელექტროენერგიის, თუმცა მხოლოდ ჩვენი მცდელობა ვერ გამოასწორებს სიტუაციას, საჭიროა უფრო კომპლექსური და მასშტაბური ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა უწყების მხრიდან“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.
პრობლემა ცნობილია ეკონომიკის სამინისტროსთვის. მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ერთად, სვანეთში ელექტროენერგიის გადასახადის ამოღების საკითხით სხვა უწყებებიც არიან დაინტერესებულნი და გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
„კრიპტოვალუტის წარმოება და ამისთვის ელექტროენერგიის გამოყენება ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია. არ ვიცი, ამის მიზეზი რა არის - ფასი, თუ სხვა რამ. რაც შეეხება სვანეთში სიტუაციას, ეს ცნობილი ფაქტია, ისტორიულად ასეთი სიტუაციაა, რომ მოსახლეობა და საერთოდ მომხმარებელი ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა, კომპლექსური გადაწყვეტა სჭირდება. „ენერგო-პრო“ აყენებს ამ საკითხს და პერიოდულად განიხილება სემეკში. მე დარწმუნებული ვარ, რაღაც გადაწყვეტილებები აუცილებლად იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში“, - აღნიშნა „ბიემთან“ თვალაბეიშვილმა.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია კი პირდაპირ ამბობს, რომ ცუდია, როცა მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის. შესაბამისი გადასახადი უნდა დაუწესდეს მომხმარებელს, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არ ეძლევა შესაძლებლობა სვანეთში ინვესტირება მოახდინოს და ქსელი შეცვალოს, რაც დღევანდელ პირობებში უკვე პრობლემაა.
„ეს ეხება ფიზიკურ პირებს. იურიდიული პირები დიდწილად ფარავენ გადასახადს. როდესაც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ამოღების მაჩვენებელი დაბალი აქვს, ბუნებრივია, მას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ იქ ინვესტირება განახორციელოს. შესაბამისად, ქსელი, დატვირთვის ზრდის პირობებში, შესაძლოა, ეტაპობრივად მწყობრიდან გამოვიდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი გადასახადი იქნას გადახდილი, რათა ამოღებული ფულით „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეძლოს ქსელის გამოცვლა, დამატებითი ინვესტიციების გაკეთება, ქსელის გაძლიერება და ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქსელის დატვირთვის ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ქსელი გაძლიერდეს“, - აცხადებს ნარმანია.
პრობლემის სიმწვავეზე საუბრობენ არა მარტო ენერგეტიკოსები, არამედ ფინანსისტებიც. „ფინექს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ კრიპტოვალუტის მაინინგი, ანუ მოპოვება მოითხოვს ძალიან ბევრ ელექტროენერგიას. მაგალითად, ციფრული ვალუტის დიდი „ფაბრიკები“ იმდენივეს მოიხმარენ, რამდენსაც ზოგიერთი ქალაქი, ამ დროს კი მათ დენი შეღავათიანი ტარიფით მიეწოდებათ, რაც პრინციპურად არასწორია.
„ბიტკოინის ფასი მოიმატებს თუ მოიკლებს, ეს არც ბიუჯეტზე აისახება და არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მხოლოდ იმ ხალხის ჯიბეზე, ვინც ამ საქმიანობას ეწევა, მცირე და დიდი ფერმების მაგალითზეც. ბუნებრივია, გაიზარდა ფასი და გაიზარდა მოთხოვნაც და კრიპტოვალუტის გამომუშავებაც. მინავლებული ინტერესი კვლავ გაღვივდა, ეს ენერგიაზე მოთხოვნას, რასაკვირველია, გაზრდის“, - აღნიშნა შენგელიამ.
მსოფლიოში 5000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს. ბიტკოინი კი, მოწინავე პოზიციას იკავებს. მას თანმიმდევრობით მოჰყვება ეთერიუმი, რიფლი, ლაითკოინი, მონერო, ეთერეუმ კლასიკი, დეში, მეიდსეიფკოინი, აუგური და ნეუმი.