გაამართლებს თუ არა სკოლების დაყოფა ასაკობრივი ნიშნით?!

გაამართლებს თუ არა სკოლების დაყოფა ასაკობრივი ნიშნით?!

რას მოგვიტანს სკოლების საფეხურებად დაყოფის ახალი კონცეფცია და გაამართლებს თუ არა სკოლების დაყოფა ასაკობრივი ნიშნით?! საქართველოსთვის ეს სიახლეა, მაგრამ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში დაწყებითი კლასები ცალკე შენობებშია განთავსებული, რასაც თავისებური ახსნა აქვს. კერძოდ, სხვადასხვა ასაკის მოზარდების ერთ სივრცეში ყოფნა ბევრი პრობლემის გამომწვევია - უმცროსები ხშირად ითვისებენ მავნე ჩვევებს უფროსკლასელებისგან, მათ შორის, ბილწსიტყვაობას, სწავლობენ სიგარეტის მოწევასა და ნარკოტიკის მიღებას... დიდები პატარებზე ძალადობენ, აგზავნიან მათ საჭმლის მოსატანად და უმცროსებზე დარტყმასაც არ თაკილობენ...


ნეგატიური ფაქტების მიუხედავად, 90-იან წლებში სკანდინავიის ქვეყნებში მრავალი არასამთავრობო იცავდა მოსაზრებას, რომ ერთიანი სკოლა მოზარდების განვითარებისთვის უკეთესი იყო, რადგან უმცროსებს ბევრ რამის სწავლა შეეძლოთ უფროსებისგან.


საქართველოში უკვე ათეულობით წლებია, სკოლები დაყოფილია დაწყებით, საბაზისო და საშუალო საფეხურებად, მაგრამ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები მაინც ერთ შენობაში აგრძელებენ სწავლას. შესაძლოა, სამომავლოდ ეს პრაქტიკა შეიცვალოს, რადგან განათლების სამინისტროში სკოლების საფეხურებად დაყოფის კონცეფციაზე მუშაობენ, რის შემდეგაც გაჩნდება დაწყებითი, ან საშუალო საფეხურის სკოლები. პარალელურად, სკოლამდელი და დაწყებითის საფეხურები გაერთიანდება.


კლინიკური ფსიქოლოგიის დარგის სპეციალისტ კონსტანტინე პოზოვისთვის საინტერესოა, რა მოტივით აპირებს განათლების სამინისტრო სკოლამდელი და დაწყებითი საფეხურების გაერთიანებას?! თუ იმის გამო ტარდება ეს რეფორმა, რომ უმცროსი კლასის მოსწავლეები არ დაიჩაგრონ უფროსებისგან, მიზანი მაინც ვერ მიიღწევა, რადგან უფროსი თუ არ დაჩაგრავს უმცროსს, თანატოლი თანატოლს მაინც ხომ დაჩაგრავს?!


„ერთ სკოლაში მყოფი უფროსი კლასის მოსწავლეები შესაძლოა, უარყოფით გავლენას ახდენენ უმცროსებზე, მაგრამ დადებით გავლენასაც ხომ ახდენენ მათზე და მაგალითსაც ხომ იღებენ უმცროსები უფროსებისგან? დუალისტურია ეს საკითხი. ამიტომ ჯერ უნდა ვიცოდეთ, რის გამო ხდება გაერთიანება - ბავშვის დაჩაგვრის, თუ სხვა პრობლემის გამო და ამის შემდეგ ვიფიქროთ საპილოტე ვერსიაზე“, - აცხადებს კონსტანტინე პოზოვი For.ge-სთან საუბრისას.


პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილი მრჩეველი ზურაბ ვახანია მიიჩნევს, რომ სასურველია ცალ-ცალკე ფლიგელები მოეწყოს ჩვენს სკოლებში, ანუ ერთ შენობაში იყვნენ მხოლოდ დაწყებითი კლასის ბავშვები, მეორეში კი- საშუალო კლასის ბავშვები.


„სკოლამდელი სწავლება შეიძლება შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაში, ოღონდ ეს უნდა იყოს აუცილებლად ხუთწლიანი. ამ ასაკის ბავშებისთვის ჩვეულებრივი საკლასო ოთახები კი არ უნდა მოეწყოს, არამედ მათ საბავშვო ბაღის გარემო უნდა ჰქონდეთ. უდიდესი დანაშაული იყო, „ნაცებმა“ რაც ჩაიდინეს, ხუთწლიანები რომ დასვეს მერხებთან. ბევრ სახელმწიფოში ხუთწლიანი ბავშვები მიდიან სკოლის შენობაში, რათა მიეჩვიონ სკოლის შენობას, მაგრამ იმ „სკოლის შენობაში“ საბავშვო ბაღის გარემოა შექმნილი, ერთი-ორი მაგიდა დგას. თუ ბავშვს სურს, დახატოს, მივა იმ მაგიდასთან და დახატავს. იქ ნოხებია, კოტრიალობენ ბავშვები. რა თქმა უნდა, სასწავლო აქტივობებიცაა, მაგრამ არ არის ისე, რომ ნახევარსაათიანი გაკვეთილი ჩაუტარონ პატარებს, რადგან შეუძლებელია, ხუთწლიანი ბავშვი ნორმირებულ გრაფიკზე დასვა მერხთან“, - აცხადებს ზურაბ ვახანია For.ge-სთან საუბრისას.


განათლების სფეროს ექსპერტი, მკვლევარი ლევან გაბისონია განმარტავს, რომ სკოლამდელი და დაწყებითის ბავშვები ერთდროულად ერთ შენობაში იქნებიან, თუ სხვადასხვა შენობაში, ეს ტექნიკური მხარეა და მარტივია ამის მოგვარება, მაგრამ აქ შინაარსობრივი კონცეფციაა მთავარი. კერძოდ, რეფორმაში უნდა ჩანდეს მასწავლებელი, როგორც ხარისხიანი განათლების მთავარი მიმწოდებელი და მთავარი ფიგურანტი, რაც არ ჩანს.


„სახელმწიფოს მიერ დაშვებული ფუნდამენტური შეცდომა იყო, რომ სკოლამდელი, ანუ ბაღის ეტაპის განათლება არ იყო ერთიანი განათლების სისტემის ნაწილი. ეს მაშინ, როცა სკოლამდელი მზაობის პერიოდი, განსაკუთრებით, 4-5-6 წელი უმნიშვნელოვანესი ასაკობრივი კატეგორიაა სისტემური განათლების პროცესში მოსწავლის ჩასართავად“, - მიიჩნევს ლევან გაბისონია.


განათლების პოლიტიკის მკვლევარ, პროფესორ სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით, სკოლების საფეხურებად დაყოფას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია დაწყებით სკოლას, რომელიც განსხვავდება სხვა საფეხურებისგან, მაგრამ უარყოფითია, რომ ერთი ოჯახის რამდენიმე ბავშვის სხვადასხვა სკოლაში წაყვანა უჭირთ ხოლმე ოჯახებს. ამის გაკეთება უფრო იოლია ქალაქებში.


„სკოლამდელი და დაწყებითი რომ შეერწყას, ამას მარტო განათლების სისტემის ცვლილება არ ეყოფა, ამას თვითმმართველობის სისტემის ცვლილებაც დასჭირდება, რადგან სკოლამდელი განათლება თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია, ანუ სკოლამდელს მართავს მარტო მუნიციპალიტეტი, ხოლო სკოლას მართავს ცენტრალური ხელისუფლება. სანამ ურთიერთობის მოგვარება არ მოხდება და არ გაირკვევა, განათლების საკითხებზე პასუხისმგებლობა ვის გადაეცემა, მანამ რთული იქნება სისტემის გაერთიანება და ხარჯების ოპტიმიზაცია. ეს მარტივი საქმე არ არის, აქ დაფინანსების საკითხებიც დგება“, - აცხადებს სიმონ ჯანაშია For.ge-სთან საუბარში.


მისივე თქმით, უცხოეთში ბევრი მოდელი არსებობს, ბევრ ქვეყანაში სკოლისთვის მოსამზადებელი კლასი სკოლის შენობაშივეა გამოყოფილი, ევროპასა და აშშ-ში ადგილობრივი ხელისუფლება ხსნის სკოლებსაც და ბაღებსაც.


სკოლამდელი და დაწყებითი განათლების გაერთიანება მეორეხარისხოვნად მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს, მკვლევარ მუხრან გულიაშვილს. ჩვენთან საუბრისას ის განმარტავს, რომ ამ საკითხს სასკოლო განათლების ხარისხსა და გაჯანსაღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ვინაიდან პრობლემაა კლასებში მოსწავლეების დიდი რაოდენობა, სკოლებში ტექნოლოგიური პირობების არარსებობა, სირთულეა ისიც, რომ მასწავლებელს თავად უწევს ინტერნეტრესურსების მოძიება.


„ამ საკითხს სასკოლო განათლების ხარისხსა და გაჯანსაღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პრობლემა სხვა რამეშია, ეს ხალხი კი სულ სხვა რამეზე ლაპარაკობს. სკოლამდელი და დაწყებითის საფეხურები ცალკე იქნება, თუ ერთად, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! რა პრობლემებიცაა კლასებში, ჯერ ეს პრობლემები მოაგვარონ. თორემ იმიტაცია, ვითომ რაღაცას ვაკეთებთ, ყველაზე მარტივია“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი.


 

trampi ყოველ დღე ახალ-ახალ ველოსიპედს იგონებენ ...... სინადვილეში კი სისულელეს სისულელეზე უმატებენ
მერე იტყვიან სწავლების დონე სუ უფრო და უფრო დაბლა იწევსო
მა რა მოუვა?? ----ათას სისულელეებს ნერგავენ ამ სკოლებში
კი მამ იმათ(პატრონების) ყველა ნათქვამ--ნაბრძაბნებს, ესე განუსჯელად რატო იღებენ -ასრულებენ ?
ცხენს ვერაფერი დაააკლეს და უნაგიორს დაუწყეს ცემაო...... ნაირნაირი იმპორტნი დირეტივების გამო სკოლებსი წესრიგი ვერ დაუმყრებიათ და ათას ღობე--- ყორეს ედებიან
ესე უფრო უარეს შედეგს მიიღებენ, თუ არადა ნახავენ...
ჯერ თვითონვე ქმნიან სკოლებში პრობლემებს და მერე იმ ე.წ. პრობლემების ,,მოგვარებაში,, გრანტებს იღებენ ....მაგარია
1 თვის უკან