ხუმრობით და სერიოზულად: გადაგდებულნი და გადასაყრელნი

ხუმრობით და სერიოზულად: გადაგდებულნი და გადასაყრელნი

ბიძინამ „გადაგვაგდოო“ და ნაცებსაც მეტი რა უნდოდათ?! ატყდა ერთი აურზაური და აყალმაყალი. სხვებიც, არიქა, ამ „გამიშვი-გამატარეში“ იქნება და ჩვენი საკბილოც რამე გამოჩნდესო, სადღაც შემძვრალნი რომ იყვნენ, უცებ გამოძვრნენ, ტურებივით შეგროვდნენ და ჩვენც ნახირ-ნახირო, ნაცებთან დადგნენ!

მთელი 30 პარტია ჯამაათი, ხუმრობა საქმე ხომ არ არის - ერთი 100 სული ნარჩევი, თუმცა ვერ არჩეული, ქართველი ერთად შეიყარა და რიხიანად განაცხადა: ა, აგერაა გერმანია და აგერ ვართ ჩვენო!

„გერმანული მოდელი“ გვინდა, თუ არადა - ბიძინას მოვჭრით კუდსაო!

უსუფაც დაჯდა და „გერმანული მოდელი“ გადმოაქართულა. კი გადმოაქართულა, მაგრამ ისე, როგორცა სჩვევია - ერთი დიდი და საოცარი „ფშუტი“ გააკეთა (ვისაც არ გაგიათ, რა არის „ფშუტი“, ქართული „ფშუტმახერობა“ და რა კავშირშია „გერმანულ მოდელთან“, ჩემი წინა წერილი გადაიკითხეთ. იხ. https://for.ge/view/176639/qarTuli-fSutmaxeroba-da-germanuli-modeli.html

იცოცხლე, ფშუტი მაგარი გცოდნია, მაგრამ არჩევნები ფშუტურად რომ ვერ ჩატარდებაო, მაგისთვის კონსტიტუცია რომ გვაქვსო?! - გადაასხეს ცივი წყალი.

ისიც არ დაიბნა, როგორც იურისტმა - ვენეციაში გიჩივლებთო! იქ, „ზემოთ“ გაირკვევა მტყუან-მართალიაო!

ემანდ ღმერთი არ გაუწყრეს, მართლა საჩივლელად აქ არ ჩამოვიდესო და ვენეციელები თავისი ფეხით გვეახლენ, მათი აღმატებულება ელჩების მოწვევით: მოდით და ერთად დასხედით, ჩვენ მოგეხმარებით - ერთმანეთისა გაიგეთ, აწონ-დაწონეთ და გაარჩიეოთო!

გაარჩიეს. „სად ფშუტი და სად კონსტიტუციაო?!“ - მოდერატორმა უცხოელებმა ვეღარ აკადრეს, რახან ზრდილობა არ აკლით და ეს კი უთხრეს: ნუ ღელავ, დაწყნარდი, დამშვიდდი, ნუ გეშინია, აქ არა ვართ - კარებს ვერ დაგიკეტავენ, შენ განაგრძე, ეცადე, ცდა ბედის მონახევრეა - იქნება და ხეირიანი რამეც გამოგდისო!

არ დაწყნარდა. არ დაიშალა. ფშუტს ვერ მოეშვა და „ოდირში“ მაინც აგზავნის. აჰა და მაინც - „ზემოთ“ გადაწყვიტონო!

აგზავნის თუ არა, ფშუტი ფშუტია! მაგრამ აყალმაყალისა და აურზაურისთვის სწორედაც რომ მისწრებაა! ნაცებიც ხელებს იფშვნეტენ, მის ფშუტზე ნავთს ასხამენ და ოდესიდან გამოგზავნილ ასანთსაც უკიდებენ! „ხანძარია! ხანძარიო! - ქუჩაში გამოდით და თავს უშველეთო!“ -სირენასავით გაჰკივიან 24 საათი ტელევიზიები!

პატიოსანი ხალხი კი ფშუტზე დანთებულ ამ ცრუ-ხანძარს პირდაღებული შეჰყურებს, მხრებს იჩეჩავს და გაოგნებული ამას თუ იტყვის: „აბა, ამათა ჰყოლიათ თუ ჰყოლიათო!“

***

ეხლა სერიოზულად:

ყოველ ჯერზე იმის ახსნა, რატომ ეწინააღმდეგება 30 პარტიის მიერ შეთავაზებული სამარცხვინო საარჩევნო მოდელი ჩვენს კონსტიტუციასაც, გერმანიაში მოქმედ პერსონალიზებულ-პროპორციულ სისტემასაც და საერთოდ, საღ აზრსაც, უკვე მოსაბეზრებელია. (ვისაც არ გეზარებათ, შეგიძლიათ ამ მოდელის შესახებ დაწვრილებით წაიკითხოთ. იხ: https://www.interpressnews.ge/ka/article/575101-opoziciuri-partiebi-xelisuplebas-2020-clis-archevnebis-axal-models-stavazoben )მაგრამ, ვინაიდან ჯიუტად აგრძელებენ ყოველგვარ აზრს მოკლებულ პოლემიკას ამ საკითხზე, ვცდი და კიდევ ერთხელ, სრული სერიოზულობით დავამტკიცებ (აქ უნდა გაგეცინოთ!), რომ ორჯერ ორი არის ოთხი:

  1. შემოთავაზებული მოდელით პროპორციული პრინციპით ნაწილდება 150 მანდატი, მაშინ, როცა ჩვენი კონსტიტუციით მხოლოდ 77 უნდა განაწილდეს. კონსტიტუციის იმგვარად ინტერპრეტირება, რომ თუკი პროპორციულობას 150-ივე მანდატის განაწილებისას დავიცავთ, 73 მანდატი ვინაიდან იმთავითვე მაჟორიტარულია და პირველ ყოვლისა, ისინი ნაწილდება შედეგების დათვლისას, რის გამოც - პროპორციული წესით მაინც მხოლოდ 77 მანდატი დარჩება გასანაწილებელი, კრიტიკას ვერ უძლებს! ვისაც არ ჯერა, რომ 150 მანდატის პროპორციულად და სამართლიანად განაწილებით შეიძლება მაჟორიტარულად გასანაწილებელი აღარც დარჩეს, აგერ, მარტივი საილუსტრაციო მაგალითი: დავუშვათ, რომელიმე პარტიამ, რომელსაც მაჟორიტარული მანდატი საერთოდ არ შეხვდა (თუნდაც იმიტომ, რომ უარი თქვა მაჟორიტარული კანდიდატების დასახელებაზე, რაც თეორიულად სავსებით დასაშვებია!) პროპორციულად მიიღო მთლიანად ყველა პარტიისათვის ჯამში მიცემული ხმებიდან 60%; უხეში გათვლებით (რაც საერთო სურათს არსებითად ვერ შეცვლის) ეს პარტია, შემოთავაზებული მოდელით მიიღებდა არა 77-ის (როგორც დღევანდელ მოქმედ სისტემაშია), არამედ 150-ის 60%-ს მანდატებისას, ე.ი. 90 მანდატს. აშკარაა -კონსტიტუციის პრინციპი, რომ პროპორციულად მხოლოდ 77 მანდატი ნაწილდება, ამ მაგალითზე უკვე დარღვეულია, რადგან 90 მეტია 77-ზე! ბუნებრივია, ერთადერთი გზა, რომ 73 მაჟორიტარული მანდატი განაწილდეს, ამ შემთხვევაში ისღა იქნება, რომ ამ პარტიას ალალად დამსახურებული, მაგრამ ამ მოდელის მიხედვით უკვე „ზედმეტი“ პროპორციული მანდატები, ჩამოვართვათ და მაჟორიტარებს გავუნაწილოთ, რაც პროპორციულობის პრინციპსაც არღვევს, არჩევნების სამართლიანობასაც და საერთოდ, საღ აზრსაც!

ვინც აქ საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეეცდება, ან ცრუობს ანდა - არითმეტიკას ეომება!

  1. პერსონალიზებულ-პროპორციულ სისტემაში ე.წ. „ზედმეტი“ მაჟორიტარული მანდატების პრობლემა სისტემურად წარმოიშობა, რაც გერმანიაში მოქმედი კანონით წყდება იმგვარად, რომ პარლამენტის (იქაური ბუნდესტაგის) შემადგენლობა რაოდენობრივად მკაცრად შემოსაზღვრული არ არის. ეს „ზედმეტი“ რაოდენობა ემატება პარლამენტის ნომინალურ შემადგენლობას. ჩვენს შემთხვევაში, ვინაიდან პარლამეტი ზუსტად 150 წევრისგან შედგება (რაც რეფერენდუმით 2003 წელს მიღებული და კონსტიტუციაში ასახული გადაწყვეტილებაა), ეს შეუძლებელია! აქაც, შეგვიძლია მოვიყვანოთ მარტივი საილუსტრაციო მაგალითი: თეორიულად დავუშვათ, რომ პარტიამ პროპორციულად მიიღო 10% (ე.ი. უხეში გათვლებით, შემოთავაზებული მოდელით - 15 მანდატი 150-დან), ხოლო მაჟორიტარულ არჩევნებში - 30 მანდატი მოიპოვა (ე.ი. 15-ით, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე ეს პროპორციულად ერგებოდა); გერმანიაში მოქმედი სისტემის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში პარლამენტს დაემატებოდა 15 მანდატი და მისი შემადგენლობა 165-მდე გაიზრდებოდა. ჩვენს შემთხვევაში ეს შეუძლებელია, ამიტომ ამ 15 „ზედმეტი“ მანდატის ბედი სხვაგვარად არის გადასაწყვეტი: ან ეს „ზედმეტი“ მანდატები პარტიას უნდა ჩამოვართვათ (რაც ყოვლად დაუშვებელია), ანდა სხვა საარჩევნო სუბიექტებს უნდა შევუმციროთ პროპორციულად მიღებული მანდატების რაოდენობა! ანუ, ერთ პარტიას შეუძლია მეორეს ზედმეტად მოგებული მაჟორიტარული მანდატით ალალად მოპოვებული „პროპორციული“ მანდატი წაართვას! აშკარაა: პროპორციულობის პრინციპი აუცილებლად, თანაც ყოვლად უსამართლოდ, მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გამო, უნდა უხეშად დავარღვიოთ!

აქაც, ისევე, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში, ვინც საწინააღმდეგოს დამტკიცებას შეუდგება, ან ცრუობს, ანდაც არითმეტიკას ებრძვის!

საუბედუროდ, საქართველოში აღმოჩნდა 30 პარტია, რომელსაც პრეტენზია კი აქვს ქვეყნის მართვაზე, მაგრამ ან უტიფრად ცრუობს ანდა არითმეტიკას ებრძვის! თანაც, იმდენად არის შეპყრობილი პარლამენტში მოხვედრის ავადმყოფური ჟინით, რომ არად დაგიდევთ არც კონსტიტუციას, არც ელემენტარულ სამართლიანობას და არც საღ აზრს!

***

ისევ ხუმრობით:

ერთმა ენამოსწრებულმა ფბ მეგობარმა ამ „გერმანული ვარიანტის“ გარშემო უაზრო დისკუსიით შეღონებულმა, იხუმრა და თავის პოსტში ირონიით დაწერა: „ნეტა „შევედური მაგიდა“ თუ არის კონსტიტუციასთან თავსებადიო?“

მე ვუპასუხე - კი, თავსებადია, ოღონდ არა პროპორციულად, ე.ი. „ნემეცკი შჩოტით“ მოწყობილი, არამედ თუკი ვინმე, მაგალითად ბიძინა, დაგვპატიჟებს-მეთქი!

ამ ჩვენი ცოდვით სავსე 30 ე.წ. პარტიას, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ყოველმხრივ - იდეურად, მატერიალურადა თუ ორგანიზაციულად, გაკოტრებული და ცარიელ-ტარიელია, არანაირი შეძლება არა აქვს, ფშუტის გარდა, არაფერი გამოსდის, გინდა ქართული და გინდაც „შვედური მაგიდის“ თავი, აბა, სადა აქვს?!

სწორედ ისე არიან, იმერულ სიმღერაში რომაა „...დღეს აქანა ვიქეიფებ, ხვალე იქინეიო, ზეგე ვინცხა დამპატიჟებს, მისი ჭირიმეიო...“ ქეიფისა რა მოგახსენოთ, ან რა ექეიფებათ, მაგრამ პარტიულად „გახურებაც“ რომ არ შეუძლიათ, თუკი ვინმემ არ დაპატიჟა?! თუ დაპატიჯებულები არიან, სხვის ხარჯზე, იცოცხლე, კი გაახურებენ, დღეს აქანა, ხვალე - იქანა და ზეგეც გამოჩნდება ვინცხა, ღვთისნიერი დამპატიჯებელი...

განა ასე არ იყო, როცა ბიძინა გამოჩნდა 2011-ში და დაიპატიჟა ეგ უბედურ დღეზე დაბადებულები, როცა ჩოყლაყისაგან უკვე ცოცხლად დამარხულები იყვნენ?!

ახლა, აქოდა, ბიძინამ „გადაგვაგდოო“, ნაცებთან ჩამოდგნენ, არიქა, მგონი ისევ ჩოყლაყი გვეპატიჟებაო! აბა ჰე, არ დავაგვიანოთ, თორემ, როგორც 2003-ში, დღესაც ხახამშრალნი დავრჩებითო!

მე თუ მკითხავთ, ეს „დამპატიჟე“ ხალხი მხოლოდ „გადასაგდები“ კი არა, გასალახი და გადასაყრელია! როგორც ზუმბა მოგვიწოდებდა დამპალი ვაშლის ამბავში ადრე: „გადაყარე ბიჭო, გადაყარეეე!“

ჰოდა, სულ ტყუილად წუწუნებენ - „გადაგვაგდო“ ბიძინამაო! არადა, ბებიათქვენისამ, ისევ დაგპატიჟებდათ მუქთაზე!

***

ისევ სერიოზულად:

დიდი მიხეილ ჯავახიშვილის „დამპატიჟე“ არ ეხება მხოლოდ იმ უმძიმეს ეპოქას. ყველა დროში და დღევანდელობაშიც არიან „დამპატიჟეები“. უარესიც: ამ 30 პარტიიდან დიდი უმეტესობა, სწორედ კოლექტიური „დამპატიჟეები“ გახლავან, ოღონდ, რა ქნან, რომ ძირითადად დაუპატიჟებლები და სხვისი ნასუფრალის იმედად რჩებიან ხოლმე?!

რჩებიან და ისევ ფშუტს თუ გაახერხებენ ეს თავის თავის უბედურები, აბა, სხვა რა ხეირს ელით მათგან?! ახლაც, ნახეს ფშუტი, ავარდნენ და გერმანული რახან ეგონათ, ხელიც მოაწერეს! ხელის მოწერა იოლია და რატომ უნდა გაირთულო საქმე, თუკი დაპატიჟებული ხარ და გაგვიანდება, სადღა გცალია - წაიკითხო, მით უმეტეს დაფიქრდე და გაიაზრო, რას მოაწერე ხელი?! რა საჭიროა?!

სავალალოა: იმ საერთაშორისო მხარეების მონაწილეობით გამართულ ე.წ. მოლაპარაკებებზე მთელი მსოფლიოსთვის დემონსტრაციულად გახდა ნათელი: რამდენად დამახინჯებული, „შემოდგომის აზნაურებივით“ გასაცოდავებული, დეკლასირებული, ლამის ჭკუიდან გადასული, თავკერძა და ნასუფრალზე გაფაციცებულია ეს ჩვენი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც ასეთ 30 უბადრუკ პარტიას, რაც 30 ვერცხლსაც უდრის, იტევს!

დიახ: გინდა ხუმრობაში ჩამითვალეთ, თუმცა სერიოზულად ვამბობ:

ეგენი არა მხოლოდ „გადასაგდებნი“, არამედ გადასაყრელნიც ყოფილან!

პარტიულ-პოლიტიკური სისტემა ისევეა დასაფორმატებელი, როგორც მაგ. ის „ვინდოუსი“, რომელმაც გაჭედა, აღარ მუშაობს და თუკი ახალ კომპიუტერს არ შეიძენ, უნდა გაასუფთავო, ანდა წაშალო და დაუვირუსებელი პროგრამა თავიდან ჩაწერო. საქართველო კომპიუტერი ხომ არ არის, გამოცვალო ან ახალი იყიდო! ამიტომ პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელმაც, როგორც ეს ამ „გერმანულმა“ ეპოპეამ გვანახა, საბოლოოდ გაჭედა, წასაშლელი და თავიდან დასაყენებელია! მაგრამ როგორ? არჩევნები უშველის ამას? საკითხავი, აი ეს არის!

 

სოციალისტი მაგარი იყო ბატონო დავით, ძალიან მაგარი! მაგრამ რად გინდა, დიანა ტრაპაიძეს, ნინო ჟიჟილაშვილს, ინგა გრიგოლიას, ემა ტუხიაშვილის, ელენე ხოშტარიას, თინიკო ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილს, ... ტვინში შპრიცით რომ შეასხა თქვენი ნათქვამი, უკან კალიუმის ციანიდს შემოგასხამს და თან დაგჭყივლებს, თავისუფლება "მამა" გიორგისო!
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი გაიხარე, სოციალისტო და მადლობა ღმერთს, რომ კაი გაძლება მოგვცა ქართველებს! ეგეთებისთვის გაგვიძლია? :)
4 წლის უკან
აბარავა მაგრამ როგორ? არჩევნები უშველის ამას? საკითხავი, აი ეს არის!
4 წლის უკან
სოციალისტი ამას ლავრენტი უნდა ბერია!
4 წლის უკან
Serapina უსუფაშვილი არ იყო მართალი, ოღონდ კობახიძემ მაინც ვერ მოიყვანა ისეთი არგუმენტები, საკითხს რომ მეტ-ნაკლებად გასაგებს გახდიდა! პირველი კურსის პროგრამა რომ არის ამაში სწორია... დავდებ ბმულს და საკმაოდ დიდაქტიკურად არის ახსნილი. უბრალოდ, კობახიძეს უნდა განემარტა გერმანიაში ხმის მიცემის ნიუანსები... საარჩევნო ბიულეტენის არსი, განსაკუთრებით პირველი და მეორე ხმის პრინციპი.
ბმული
4 წლის უკან