ქართული „ფშუტმახერობა“ და „გერმანული მოდელი“

ქართული „ფშუტმახერობა“ და „გერმანული მოდელი“

არ ჭირდება ზედმეტი მტკიცება და საყოველთაოდ ცხადია - საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა მძიმე, თუ გამოუსწორებელს არა, სისტემურ მარცხს წარმოადგენს. ეს, მთლიანად, ქართული პარტიულ-პოლიტიკური სისტემის მორიგი ავარიაა და არა მხოლოდ ხელისუფლებისა თუ მმართველი პარტიისა. ბუნებრივია, ქვეყნისა და ხალხის წინაშე მთლიანად პოლიტიკური სისტემაა შედეგებზე ანაგარიშვალდებული, მაგრამ ამ ავარიაში, რაც სისტემამ განიცადა, უწინარესად სწორედ ხელისუფლება, მმართველი პარტია და მისი თავმჯდომარე არიან პასუხისმგებელნი. მიუხედავად იმისა, ვის რა როლი აქვს, შედეგის თვალსაზრისით, არაფერი იცვლება: აშკარაა, მთლიანობაში ამ ჩვენს პარტიულ-პოლიტიკურ სისტემას და მისი მიერ წარმოებულ ე.წ. პოლიტიკურ პროცესს, გარდა განსაცდელზე განსაცდელისა, რასაც პერიოდულად მოწმენდილ ცაზე მეხივით დაგვატეხავს ხოლმე თავს, სხვა არაფერი მოაქვს!

***

ე.წ. სისტემური მარცხის თემასთან დაკავშირებით ერთი „წვერებიანი“ ანეკდოტი მახსენდება საბჭოური წარსულიდან:

ქუთაისში სამოქალაქო თავდაცვის შტაბს ამოწმებდა კომისია „ცენტრიდან“. აღმოაჩინეს, რომ ნამეტანი ჭაკად იყო საქმე და სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილი გახლდათ „პარტიული და საბჭოთა ორგანოების მუშაობა“... კომისიის ხელმძღვანელმა, მაღალი რანგის პარტიულმა მუშაკმა, ქუთაისის სამოქალაქო თავდაცვის შტაბის თავმჯდომარეს, სანამ მისი საქმიანობის შეფასების გამანადგურებელ დასკვნას ხელს მოაწერდა, დიდაქტიკური ინტონაციითა და მკაცრი ტონით ბოლოს ეს ჰკითხა:

- რას გავს, ამხანაგო ჭიჭიკო, თქვენი საქციელი?! ფაქტიურად მთლიანად ჩავარდნილია მუშაობა. აბა, წარმოიდგინეთ, რას მოახერხებდით ასეთი უვარგისი სამოქალაქო თავდაცვის სისტემით, მტერს, რომელსაც არ სძინავს, ქუთაისში რომ ატომური ბომბი ჩამოეგდო?!

- თავი მოგვეჭრებოდა საკავშირო მასშტაბითა და შევრცხვებოდით ბატონოო! - მიუგო უხერხულად თავჩაქინდრულმა, მაგრამ მაინც ქუთაისურად იხტიბარგაუტეხელმა, ამხანაგმა ჭიჭიკომ...

რასაკვირველია, საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნით ატომური ბომბი საქართველოში ნამდვილად არ ჩამოვარდნილა, ქვეყანა არ დაქცეულა, თუმცა უარესად კი შევრცხვით, მსოფლიო მასშტაბითაც გაგვიტყდა სახელი, უხერხულად თავჩაქინდრულებიცა ვართ და ამხ. ჭიჭიკოსგან განსხვავებით, იხტიბარიც გაგვიტყდა, ნირიც წაგვიხდა ქოცებსაც და მათ მხარდამჭერებსაც, ბატონო ბიძინა!

***

გავიხსენოთ, რაც მოხდა: 20-21 ივნისის შემდეგ, როცა დემონსტრაციულად ნათელი გახდა ორ პოლუსიანი, ნელ-თბილი ომის მდგომარეობაში მყოფი, საქართველოს პარტიულ-პოლიტიკური სისტემის კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა, რამაც სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ სტაბილურობას შეუქმნა აშკარა საფრთხე, არა მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის, არამედ, რაც მთავარია - სწორედაც ჩიხში მოქცეული ამ ორ პოლუსიანი პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ფუნდანეტალურად შეცვლის მიზნით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ წამოყენებული იქნა ძალიან გაბედული, თითქოსდა მოულოდნელი, მაგრამ შექმნილი გარემოებების აბსოლუტურად ადეკვატური ინიციატივა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციულად და „ნულოვანი“ ბარიერით ჩატარების თაობაზე.

ამ ინიციატივით, უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური მონაწილეობის, დემოკრატიული პლურალიზმის გაძლიერებისა და ურთიერდაპირისპირებული ორი პოლიტიკური ბანაკის უკვე საშიში დომინაციის დასაძლევად;

მოხდა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციირებაც, რასაც ხელს აწერდა მმართველი პარტიის 92 პარლამენტარი; წარიმართა ამ საკონსტიტუციო კანონპროექტის საერთო-სახალხო განხილვების პროცესი, რომლის მიმდინარეობისას დაიხატა სურათი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს კონსენსუსი ძირითადად მიღწეული ჰქონდათ და 13 ნოემბრამდე თითქოსდა არავითარი საშიშროება არ არსებობდა, რომ ეს კონსენსუსი იურიდიულადაც არ გაფორმდებოდა.

მოხდა სრულიად გამაოგნებელი რამ - 13 ნოემბრის „მაჟორიტარების ბუნტი“, რამაც 14 ნოემბრის კენჭისყრაზე კანონპროექტის საბოლოოდ ჩაგდება განაპირობა. მთელი ეს ფართოდ რეკლამირებული, თვით გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მთელი მსოფლიოს წინაშე დემოკრატიულობით თავმოწონების უტყუარ საბუთად ეფექტიანდ წარდგენილი პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, რასაც მართლაც იმედის თვალით შეჰყურებდა საქართველოცა და მისი პარტნიორი დემოკრატიული სამყაროც, ნულოვანი შედეგით, არარათი დასრულდა!

ამ არარა შედეგს მოჰყვა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ამ ხელისუფლების პირობებში ყველაზე უფრო გრანდიოზული აყალმაყალი და აურზაური, გამოუსწორებელი რეპუტაციული დარტყმა მიიღო მთლიანად ხელისუფლებამ, მმართველმა პარტიამ და განსაკუთრებით - მისმა თავმჯდომარემ, ხოლო ნაცების დესტრუქციულ ბანაკს შეექმნა ისეთი „სტრატეგიული პლაცდარმი“, რომელსაც ვერც კი ინატრებდა ხელისუფლებაზე და საუბედუროდ, კვლავაც ქართულ სახელმწიფოზე შესატევად!

ცხადია, მთავარი დარტყმა მიიღო არა ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ, არამედ სწორედ ქართულმა სახელმწიფომა და ქართველმა ხალხმა!

აღმოჩნდა, რომ ამ ძირითადი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დამაგვირგვინებელი პოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანი იყო პარტიულ-პოლიტიკური სისტემის ჩიხიდან გამოყვანა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მყარი საფუძვლების შექმნა, სრული კრახით დასრულდა!

ქართველი ხალხი ჩავარდა ისეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, როცა ძირითადი პოლიტიკური პროცესის არსად - „არარას ქმნა“ წარმოჩინდა! თუმცა, „არარას ქმნა“ პოლიტიკაში, როგორც წესი, არასასურველი ხმაურის გარეშე ხდება ხოლმე. აი, ჩვენი პოლიტიკა იმითია გამორჩეული, რომ ეს „არარას ქმნა“, პირიქით - ქვეყნისათვის თავ-გზის ამრევი აურზაურისა და აყალმაყალის თანხლებითა ხდება; ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ქართულად - პოლიტიკა ერთი დიდი, ხმაურიანი და თვალსასეირო „ფშუტის“ გაკეთებად იქცა! მისგან საზოგადო სარგებლის მიღებისა ჭკუათამყოფელს აღარც აღარავისა სჯერა! უარესიც - ვეჭვობ, შეგვიძლია თავიც კი გამოვიდოთ და მსოფლიოს ვაჩუქოთ მაგალითი პოლიტიკურ ლექსიკონებში შესატანი გამაოგნებელი მოვლენისა, რასაც გერმანულად - „ფშუტმახერობა“, ინგლისურად - „ფშუტმეიკერობა“, რუსულად კი - „ფშუტოდელიე“ შეიძლება ეწოდოს. ქართველებს უცხოური სიტყვები ძალიანაც მოგვწონს და გემოვნების ამბავია, რომელს ავირჩევთ - ზოგს გერმანული, ზოგს ინგლისური ანდა ლათინური, სულაც - რუსული, მოეწონება, შენ ოღონდ აირჩიე, რაც გაგიხარდება, სულო და გულო!

თუმცა, „პატენტი“ უთუოდ ჩვენია, ქართველებისაა და ამას ძველი ქართულ-ხალხური სიბრძნეც ადასტურებს, რადგან სწორედ აქედან მომდინარეობს ამ სიტყვის - „ფშუტის“ ეტიმოლოგია. ადრე, ერთ ძველ წერილში, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, „ფშუტმახერობა“ (მე გერმანული ტერმინი ავირჩიე და რატომ - ქვემოთ გამოჩნდება), როგორც მოვლენა, ავხსენი და ძველი ქართული იგავ-არაკის სახით მკითხველს გავახსენე კიდეც. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ამიტომაც კიდევ გავიმეორებ, რადგან გამეორება ცოდნის დედაა. აი, ეს არაკიც:

ფშუტმახერის ამბავი

ერთმა წინდახედულმა გლეხმა, რომელსაც პროფესიული განათლების სიკეთე კარგად ესმოდა, ვაჟი გააგზავნა ქალაქად მჭედელის ხელობის დასასწავლად. გვარიანი ხარჯიც გაწია და სულმოუთქმელად ელოდა, როდის დაუბრუნდებოდა განსწავლული „მამის იმედი“, გახსნიდა ახალ სამჭედლოს და ტექნოლოგიური წინსვლა გლეხის ოჯახსაც სულს მოათქმევინებდა.

გამოხდა ხანი და ვაჟიც დიდი ამბით დაბრუნდა. გლეხმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი. წვრილად გამოკითხა სწორედ იმ გამოცდილ ქალაქელ მჭედელს, ვისაც ვაჟი სასწავლებლად მიაბარა და მისი რჩევით მოაწყო სამჭედლო – ქურა, საბერველი, გრდემლი, ურო თუ სხვა საჭირო ხელსაწყო–იარაღები, ასევე სამუშაო ნედლეულად ბლომად ლითონიც შეუძინა ვაჟს. ჰოდა, დაჰკრა საათმაც და დადგა ის ჟამიც, რომ ვაჟს, თავისი პროფესიული, როგორც დღეს ვამბობთ – „უნარ–ჩვევების“ დემონსტრირება მოეხდინა და მოხუცი მამის გული გაეხარებინა.

ვაგლახ! ფუჭი აღმოჩნდა მამის იმედი და წყალში გადაყრილი გაწეული ხარჯი, რადგანაც ახალგახსნილ სამჭედლოში პროფესიულ უნარებში „ტესტირება“ ასე სავალალოდ წარიმართა:

– აბა, შვილო, სახნისს ხომ გამოჭედავო? –იმედინად ჰკითხა ვაჟს მამამ.

– განა საკითხავიაო, ისეთი სახნისი გამოვჭედო, რომ სახნისის უნახავს გაგხდიო – თამამად მიუგო ვაჟმაც და საქმეს შეუდგა. ქურაში გაადნო ლითონი (სულ მოხუც მამას კი აბერვინა საბერველი), მერე გამდნარ და ყალიბში ჩასხმულ ლითონს გრდემლზეც დაუწყო ვითომ ჭედვა და წრთობა. ერთი შეხედვით მჭედელივით კი ირჯებოდა, მაგრამ ნაწრთობს გასაცივებლად ბოლოს წყალი რომ დაასხა, მის ნაცოდვილარს სახნისთან იოტისოდენა მსგავსებაც კი არ ეტყობოდა...

– ვაჰ, შვილო, ვერ გისწავლია სახნისის ჭედვაო – უსაყვედურა იმედგაცრუებულმა მამამ.

– ეგ არაფერი, არა უშავს, სამაგიეროდ საუკეთესო თოხს გამოვჭედავ, სახნისზე მეტი გასავალი ახლა თოხსა აქვსო – დაამშვიდა მამა ვაჟმა და უკვე გვარიანად დაპატარავებულ ლითონის ნაჭერს თავიდან დაუწყო წვალება შედარებით მომცრო, მაგრამ მაინც სასარგებლო ფორმის მისაცემად, თუმცა იმასაც წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, მის ნაცოდვილარს არც თოხთან არა ჰქონდა არავითარი მსგავსება...

ასეთი უშედეგო საწარმოო ციკლი რამდენჯერმე გამეორდა – თოხის შემდგომად არც უფრო მომცრო ნაკეთობათა: ჯერ არც ნამგალის, მერე არც ნალისა და ბოლოს არც სადგისის გამოჭედვა არაფრით გამოუვიდა ვაჟს. ყოველ ჯერზე ლითონიცა და მამის იმედიც თვალსა და ხელს შუა ილეოდა, ამ მწვალებლობის შემხედვარე მამას გული მოუკვდა. სადგისის გამოჭედვის მცდელობაც რომ ჩაიფუშა, გაჯავრდა კიდეც, მაგრამ შვილმა დასამშვიდებლად კვლავაც მიუგო:

– არა უშავს, აი ნახე, როგორი ხელთუქმნელი ნემსი გამოვჭედოო, არ მინდოდა თქმა, მაგრამ გამოგიტყდები, მარტო ნემსის ჭედვაში გავიწაფე, მეტის სასწავლად დრო არ მეყოო – და ისევ თავიდან შეუდგა სახნისის გამოსაჭედად დაწყებულ და ნემსამდე დაყვანილ საქმეს. ეს ნემსიც ვითომ ჭედა, ჭედა და სულ ბოლოს წყალი რომ დაასხა გასაცივებლად, გახურებულმა და ნაწვალებმა რკინამ „ფშუტ“–ო ერთი კი ხმამაღლა დაიძახა, სულაც დაილია და გაქრა!

– აგერა მამი, შეხე, რა საოცარი „ფშუტი“ გავაკეთე, განა მსგავსი სადმე გინახავსო? ჩემი ხელობა მჭედელობა კი არა, „ფშუტის“ გაკეთება ყოფილა და ვისაც გინდა, ამ საქმეში გამაჯიბრეო! – მაინც არ გაიტეხა იხტიბარი უხეირო ვაჟმა ...

... აი, სწორედ ასე სამასხარაოდა და სამარცხვინოდ, „ფშუტაობად“ აღწერს პროფესიულ კრახს და დილეტანტურ თავხედობას ქართულ–ხალხური სიბრძნე.

„ფშუტაობას“ მე გერმანულად „ფშუტმახერობა“ ვუწოდე და როგორც დაგპირდით, ავხსნი კიდეც რატომ: იმიტომ, რომ დიდი გერმანელი მეცნიერი, სოციოლოგიის მამა, მაქს ვებერი თანამედროვე ქართველი რომ ყოფილიყო, უთუოდ ცეცხლს მისცემდა თავის ბრწყინვალე ნაშრომს: „პოლიტიკა, როგორც მოწოდება და პროფესია“. ცეცხლს მისცემდა და მის მაგივრად ზემოთ მოყვანილ ხალხურ არაკზე დაყრდნობით პოლიტოლოგიურ-სოციოლოგიურ კვლევას დაწერდა: „ფშუტმახერობა“, როგორც ქართველი პოლიტიკოსის ხელობა და მოწოდება!“ დაწერდა და იქნებ უფრო მეტადაც გავარდნოდა სახელი!

***

აგერ, დიდი გერმანელი - მაქს ვებერი ვახსენეთ და აქვე ბარემ „გერმანული მოდელის“, როგორც თითქოსდა გამოსავალისა და შექმნილ მდგომარეობაში „ფშუტმახერობის“ ალტერნატივის შესახებაც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

საქმე ისაა, რომ ეს -„გერმანული მოდელი“, როგორც ალტერნატიული საარჩევნო სისტემა, ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა შემოთავაზებული, ალბათ, ყველაზე „კონსტრუქციული“ იმიჯის მქონე პოლიტიკოსის, დავით უსუფაშვილის მიერ. მაშინაც უსუფასა და მისი პოლიტიკური ჯგუფის მიზანი მართლაც უფრო სამართლიანი არჩევნები იყო, როცა მანდატები პარტიებს შორის მიღებული ხმების პროპორციულად განაწილდებოდა და ამ პროპორციას არსებითად ვეღარ დაარღვევდა მაჟორიტარული მანდატების განაწილება პროპორციული არჩევნებისგან დამოუკიდებლად, მაგრამ ეს ინიციატივა საგნობრივად არც კი განხილულა, პირველივე მოსმენით პარლამენტის მიერ ისე იქნა პრინციპულად უარყოფილი. მაშინაც სრულიად მართლზომიერად უარყვეს იმავე დაუძლეველი მიზეზით, რომ მოქმედ კონსტიტუციასთან არ იყო თავსებადი.

„გერმანულ მოდელს“ ე.ი. პერსონალიზებულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ბევრი რამ აქვს საერთო ე.წ. შერეულ ანუ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემასთან. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ იგი პრინციპულად მაინც პროპორციულ საარჩევნო სისტემად მიიჩნევა, იმ მთავარი მიზეზის გამო, რომ მანდატები, რაც პარტიებს ერგებათ, პროპორციული წესით, ე.ი. არჩევნებში პარტიული სიების მიერ მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება. მაჟორიტარიზმი კი იმგვარად ერთვება განაწილებისას, რომ პარტიულ სიებში შეტანილ კანდიდატთაგან სწორედ იმათ მიეკუთვნებათ მანდატები პირველ რიგში, ვინც თავის ოლქში გაიმარჯვა და კონკურენტებთან შედარებით მეტი ხმა მოიპოვა, ზუსტად ისე, როგორც ეს მაჟორიტარულ არჩევნებშია (გერმანიაში მეორე ტური არ ტარდება და ოლქში გასამარჯვებლად საკმარისია ხმების ფარდობითი და არა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება). მხოლოდ ამის შემდეგ, რაც ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული მიიღებს მანდატს, ნაწილდება დარჩენილი მანდატები პარტიული სიების კანდიდატებს შორის, რიგითობის მიხედვით, მაგრამ ისე, რომ პროპორციულობის პრინციპი არ დაირღვეს.

„გერმანული მოდელის“ მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პარტიები ამომრჩეველთა მხარდაჭერის შესაბამისად, მიღებული ხმების პროპორციულად, ე.ი. ყველაზე სამართლიანად და ისე, რომ არც ერთი ამომრჩევლის ხმა „წყალში არ იყრება“ (როგორც ესაა მაჟორიტარულ არჩევნებში, სადაც დამარცხებულ კანდიდატთა მიერ მიღებული ხმების მთლიანი ჯამი არავითარ გავლენას არ ახდენს) და პირდაპირ აისახება არჩევნების შედეგებზე, ინაწილებენ მანდატებს. ამავდროულად, ამ პროპორციული პრინციპის მაჟორიტარიზმთან ერთგვარი ბალასირებული სინთეზით ისიც მიიღწევა, რომ ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა, პარტიის მიერ პროპორციულად მიღებული მანდატების პერსონალიზება თავადვე მოახდინოს, ანუ არა მხოლოდ პარტიებს, არამედ ამ პარტიათა მიერ წარდგენილ პერსონებს შორის არჩევანიც თავადვე გააკეთოს, მაგრამ ისე, რომ მანდატების პროპორციული განაწილების პრინციპიც არ დაირღვეს!

როგორც ვხედავთ, გერმანულმა რაციონალიზმმა საარჩევნო სისტემის შემუშავებისასაც თქვა თავისი გონიერი სიტყვა და რამდენადაც ეს შესაძლებელია, შექმნა ისეთი მოდელი, რაც ორივე, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემების უპირატესობათა სინთეზსა და მათ ნაკლოვანებათა მინიმალიზებას ემყარება.

უფრო დაწვრილებით, თუ რა არის გერმანული საარჩევნო სისტემა, მკითხველს შეუძლია ჩემს წერილში „ღირსეული არჩევანი საქართველოსთვის: პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა“, გაეცნოს (იხ.  https://for.ge/view/170601/Rirseuli-arCevani-saqarTvelosaTvis---personalizirebul-proporciuli-saarCevno-sistema.html?fbclid=IwAR3zHSro0MDJBpi8kj3_1ePl-GDYwgb8cCOtZuQHxSDBU1QrwmgJyHtz3n4)   

ასევე, შეუძლია ინტერნეტში იოლად მოიძიოს ამ „გერმანულ მოდელზე“ ინფორმაცია და თვალნათლივ დარწუნდეს, რომ ასეთი საარჩევნო სისტემა ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით 2020 წელს განსაზღვრულ საპარლამენტო არჩევნების წესს, პირადად ჩემთვის სამწუხაროდ, ძირშივე ეწინააღმდეგება! კატეგორიული მიზეზი ორია, სახელდობრ:

  1. ჩვენი კონსტიტუციით მკაფიოდ არის დადგენილი, რომ საარჩევნო სისტემა შერეულია, ე.ი. 73 მანდატი მაჟორიტარული, ხოლო 77 კი - პროპორციული პრინციპით ნაწილდება; „გერმანულ მოდელში“ აბსოლუტურად სხვაგვარადაა საქმე - პროპორციული განაწილების პრინციპი ეხება არა მანდატების ნაწილს (ე.ი. ჩვენს შემთხვევაში - 77 მანდატს), არამედ მთლიანად, მათ სრულ რაოდენობას (ანუ ჩვენს შემთხვევაში - 150-ივე მანდატს);
  2. „გერმანულ მოდელში“, ე.ი. პერსონალიზებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის იმ ვარიანტში, რაც გერმანიაში მოქმედებს, ასარჩევ წევრთა რაოდენობა მკაცრად შემოსაზღვრული არ არის. თუ აღმოჩნდება, რომ პარტიების მიერ „მაჟორიტარული“ მანდატების რაოდენობა აღემატება პროპორციული წესით განსაზღვრულს, მაშინ ბუნდესტაგში არა 598, არამედ იმდენით მეტი წევრი აირჩევა, რამდენიცაა ასეთ „ზედმეტ მაჟორიტარულ“ მანდატთა რაოდენობა. ასე მაგალითად - ვთქვათ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში პარტიას პროპორციულად ერგო 598-დან 100 მანდატი, მაგრამ ამ პარტიის კანდიდატებმა მოიგეს 298-დან 110 მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ, ვინაიდან მაჟორიტარული მანდატი ვერ გაუქმდება, ბუნდესტაგში აირჩევა არა 598, არამედ 10-ით მეტი, ე.ი. 608 დეპუტატი. ცხადია, ჩვენს შემთხვევაში ეს გამორიცხულია, რადგან პარლამენტის სრული შემადგენლობა კონსტიტუციითაც და 2003 წლის 2 ნოემბრის რეფერენდუმითაც მკაცრად დადგენილია და ზუსტად 150 დეპუტატს ითვლის, არც მეტს, არც ნაკლებს!

***

რასაკვირველია, ზემოთ ნახსენები ორი კატეგორიული მიზეზის გამო „გერმანული მოდელის“ შემოღება საკონსტიტუციო ნორმის ცვლილების გარეშე, ე.ი. მხოლოდ „საარჩევნო კოდექსით“, სრულიად წარმოუდგენელია!

როცა ჩვენს შერეულ სისტემაში მიღებული მანდატების მთლიანი რაოდენობა მაჟორიტარულ ოლქებსა და ერთ პროპორციულ ოლქში, რომელიც მთელს საქართველოს მოიცავს, მიღებულ მანდატთა არითმეტიკული ჯამია, ბუნებრივია, მანდატების ჯამური განაწილება პარტიებს შორის მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად ვერასგზით ვეღარ მოხდება. „მაჟორიტარული“ და „პროპორციული“ მანდატების ჯამი რომ ისეთივე პროპორციულ დამოკიდებულებაში (როგორიც არის ერთ-ერთი შესაკრების, ე.ი. „პროპორციული“ მანდატების რიცხვი) იყოს ამომრჩეველთა ხმებთან, არითმეტიკულად სხვაგვარად შეუძლებელია, თუკი მეორე შესაკრები, ე.ი. „მაჟორიტარულ“ მანდატთა რიცხვიც, ზუსტად იგივე პროპორციაში არ არის. ცხადია, არითმეტიკული განტოლება რომ შევადგინოთ, მას რაღაც კონკრეტული ამოხსნა ექნება (მაგ. რომელიმე პარტიას სწორედ იმავე პროპორციით შეხვდა „მაჟორიტარული“ მანდატები, როგორც ეს „პროპორციულ“ არჩევნებში), მაგრამ ის, რომ ჯამი ისეთივე პროპორციული იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც ერთ-ერთი შესაკრებია, ეს მიზანი არითმეტიკისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია, რადგან ამის შესაძლებლობას არა იურიდიული, არამედ არითმეტიკის ელემენტარული კანონები აღარ იძლევა!

ვისაც სურს, რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციის შეცვლის გარეშე შემოიღოს, კეთილი უნდა ინებოს და სანამ ამ საბაბით ხელისუფლების დამხობას შეუდგება, ჯერ არითმეტიკის კანონები დაამარცხოს! ე.ი. უნდა დაამტკიცოს, რომ ორჯერ ორი არის ხუთი, ან სამი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ოთხი!

სწორედ ამას ცდილობს ოპოზიცია და ცხადია, მიუხედავად „კონსტრუქციულობის“ იმიჯისა, რაც ღრმად პატივცემულ უსუფასა აქვს, არითმეტიკასთან ომი გონივრულობისა და რაციონალობის ნიმუშად კი არა, არამედ პირიქით - სწორედაც „ფშუტაობის“ მორიგი მაგალითია! ასევე, „კონსტრუქციულობის“ საბაბით ყველაზე უფრო დესტრქუციონერთა ბანაკში ყოფნაც დიდი რაციონალობით არ გამორჩევა, და მით უმეტეს, ასეთი რამ ჩვენს ძვირფას უსუფას პირველად არ მოსდის - 9 აპრილის შემდეგ ეროვნული მოძრაობის რადიკალიზმით დამფრხალმა კომპარტიის რიგებს მიაშურა! ასევე მიაშურა მან „ვარდების რევოლუციისას“ ამბოხებულთა ბანაკს. მოკლედ, მისი კონსტრუქციულობაც კი არსებითად ოპორტუნისტულია და ამიტომაც, მას შესანიშნავად იყენებენ კიდეც ნაცები! იყენებენ და მის ოპორტუნისტულ კონსტრუქციულობას ხმარობენ კიდეც, ვინაიდან ამ „გერმანული მოდელით“ მხოლოდ მორიგ აყალმაყალს ქმნიან! თორემ, საერთოდაც არ აიტერესებთ (განსხვავებით უსუფასგან), გერმანული თუ სულაც მანჯურიული მოდელისა იქნება აქაური საარჩევნო სისტემა. მთავარია ძალაუფლება დაიბრუნონ და რა საარჩევნო სისტემით მოხერხდება ეს, განა აქვს მნიშვნელობა მათთვის?!

ისევ მივადექით ჩვენებური, ქართული პოლიტიკის ძირეულ პრობლემას: „ფშუტმახერობას“, ე.ი. „არარას ქმნას“ აყალმაყალისა და აურზაურის შექმნით! ოღონდ, ოპოზიციის „ფშუტმახერობა“ თავიდან ბოლომდე დესტრუქციულია, დამანგრეველია, ამიტომაც გაცილებით საშიშია და საბედისწერო!

ოპოზიციის უკლებლივ ყველა ამჟამინდელი მოთხოვნა: „რიგგარეშე არჩევნები“, „მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის (რომლის პირობებში ჩატარდება ვადამდელი არჩევნები) შექმნა“, „პროპორციული არჩევნები“ და ა.შ. - რასაკვირველია, აბსოლუტურად ანტი-კონსტიტუციურია! და ხელისუფლებას, სურვილიც რომც ჰქონდეს, მათი დაკმაყოფილება ისე, რომ თავადვე არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არ ძალუძს! როცა ოპოზიცია ასეთ ანტი-კონსტიტუციურ, „ფშუტმახერულ“ და ყოვლად შეუსრულებელ მოთხოვნებს აყენებს, ცხადია - იგი არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს უტევს!

იმთავითვე ცხადია, რომ რაიმე შედეგი, გარდა დესტრუქციული აურზაურისა და აყალმაყალისა, რაც საერთოდაც აღარ ტოვებს არავითარ სივრცეს რაიმე რაციონალური, გონივრული, კონსტრუქციული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკური პროცესისთვის, ოპოზიციურ საპროტესტო ტალღას ვერ ექნება. ეს იმთავითვეა „ფშუტი“, ოღონდ ისეთი, როცა ზემოთ მოყვანილ არაკს, „ფშუტმახერის“ შესახებ, შეიძლება, ქაჯურად ტრაგიკული ფინალი ჰქონდეს - ვთქვათ, იმგვარი, როცა უხეირო მჭედელი ვაჟი უცოდინარობითა და ქაჯობით ისეთ „ტექნოლოგიურ საოცრებას“ ჩაიდენს, რომ სამჭედლო საერთოდაც აფეთქდება და ნაცარტუტად იქცევა!

***

როგორც აღვნიშნეთ, მთელი ის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის საკონსტიტუციო ინიციატივას უკავშირდება, უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთი პროდუქტი, რაც ამ პროცესმა შედეგად აწარმოა, დესტრუქციული აყალმაყალი და აურზაურია.

ახლა, ამ აურზაურსა და დესტრუქციულ აყალმაყალში, როგორც ერთ-ერთმა მძიმეწონოსანმა ოპოზიციონერმა, გუბაზ სანიკიძემ აღიარა, ოპოზიციის მიზანი და „სტრატეგია“ ხელისუფლების „წამოკიდებაა“, ე.ი. ისეთი გრანდიოზული „ფშუტის“ მოწყობა, როცა ხელისუფლება წონასწორობას დაკარგავს, „გაბრაზდება“, კანონის ჩარჩოდან გავა და შედეგად, ლეგიტიმურობას დაკარგავს.

ესეც, ე.ი. „წამოკიდების“ სტრატეგია, „ფშუტმახერობის“ იგავისა არ იყოს, კიდევ უფრო მეტადაც, ნაცნობია ქართულ-ხალხური სიბრძნისათვის. უამრავ ქართულ „საყოფაცხოვრებო“ ზღაპარში გვხვდება „წამოკიდების“ სიუჟეტი, რაც შესანიშნავი ქართული ფილმიდან: „ლონდრე“ ყველას ემახსოვრება - ნოშრევანი იმ პირობით დაიყენებს მოჯამაგირეს, რომ „კონტრაქტის“ არსი სწორედაც „წამოკიდებაა“: ყოვლად უსამართლო ურთიერთობებისას, სადაც ყველაფერი - მოტყუებაცა და ძალმომრეობაც, როგორც დღეს უწოდებენ - „ბულინგიც“ მოსულა, ვინც პირველი გაბრაზდება და მოთმინებიდან გამოვა, ის წააგებს და ყველაფერს კარგავს. „ლონდრეში“ ნოშრევანი დარწმუნებულია, რომ იმთავითვე „წამოკიდებული“ ჰყავს მოჯამაგირე და სწორედ ეს თვითდაჯერებულობა ღუპავს. ფინალი ცნობილია - „წამომკიდებელი“ თავად აღმოჩნდება „წამოკიდებული“, „მიეცი ამეთვისტოო!“ - სახვეწნელად გაუხდება საქმე და ბოლოს სულ გადავა ჭკუიდან...

რასაკვირველია, აქაც სამასხარაოდა და საცინლად არის აგდებული უსამართლობასა და ძალმომრეობაზე, ე.ი. არა პატიოსან პარტნიორობაზე, არამედ პირიქით, „წამოკიდებასა“ და „ურთიერთგადადგდებზე“ დამყარებული „სამოქალქო“ ურთიერთობები...

საქმე ისე მიდის, რომ ხელისუფლების „წამოკიდების“ მოსურნე ოპოზიციას, ბოლოს, როგორც ეს „ლონდრეში“ ხდება, „ნოშრევანიზაცია“ ემუქრება...

ბევრი ოპოზიციური ლიდერი, უკვე კარგავს ადამიანურ სახეს და ლამის ნოშრევანივით გადარეული ხან ქუჩაში და ხანაც ტელევიზიით სულ ერთსა და იგივეს გაიძახის, რისი კონტექსტიც „ნოშრევანიზმის“ გარდა, სხვა აღარაფერია: „გავგიჟდიი, გავცოფდიი, გავცოფდიი, გავგიჟდიიი!“...

ცხადია, ამ აურზაურსა და აყალმაყალში დესტრუქციულ ოპოზიციას წარმატების მიღწევის შანსი, თუკი ქვეყანა თავზე არ დაიმხო, ფაქტიურად არ აქვს. იგი უთუოდ დამარცხდება - მთელი ოპოზიციური „ორთქლის ძრავის“ ენერგია აყალმაყალისას იქნება გამოშვებულ-გახარჯული და საარჩევნოდ, თუკი ისინი მანამდე თავისი ფეხით არ წავლენ საგიჟეთში, ანდა ხელისუფლება ვერ „წამოიკიდეს“, ფორთხვა-ხოხვით თუ მიაღწევენ კენჭისყრამდე...

ოპოზიცია ასე უთუოდ დამარცხდება. მაგრამ, რა ბედენაა ჩვენთვის, ხალხისათვის? ან რაში სჭირდება ხელისუფლებას ასეთი გამარჯვება, თუკი ეს დამაქცევარი პარტიულ-პოლიტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ ხმაურიან ფშუტსღა აწარმოებს, ე.ი. „არარასა იქმს“ აყალმაყალის თანხლებით, არ შეიცვლება?! განა ეს პიროსის გამარჯვება არ იქნება?!

***

როგორც ვხედავთ, კონსტრუქციული გამოსავალი, როცა პოლიტიკა ცალი ფეხით „ფშუტმახერულ“ და მეორეთი „ნოშრევანიზმის“ საფუძველზე დგას, ფაქტიურად არ არსებობს!

„გერმანული მოდელი“ - ერთ-ერთი (ცხადია, არა ერთადერთი!) კონსტრუქციულ გამოსავალთაგანია, თუმცა ასეთი გამოსავლის მიგნებას გონივრული ეროვნული კონსენსუსის გამომუშავება, თანხმობის ძიებისკენ მიმართული პოლიტიკურ-სამართლებრივი, საკონსტიტუციო პროცესი სჭირდება და არა ფშუტის კეთებით გაუთავებელი აყალმაყალისა და აურზაურის გამართვა.

„გერმანული მოდელი“ იმდენადა კი არ არის მიუღწევადი, რომ ის კონსტიტუციასთანაა შეუთავსებელი (ამას ეშველება, რადგან კონსტიტუციის შეცვლა მაინც შეიძლება!), არამედ უწინარესად იმიტომ, რომ „ფშუტმახერულ-ნოშრევანიზებული“ ქართული პოლიტიკა სხვა პოლუსზეა, ხოლო ნებისმიერი ევროპული (მათ შორის „გერმანულიც“) „მოდელი“ პოლიტიკური საქმიანობისა - მის საპირისპირო პოლუსზე. კონსტრუქციული გამოსავლისა და გონივრული კომპრომისის გამომუშავების რესურსი, ვაი რომ ამ პარტიულ-პოლიტიკურ სისტემას, თუ თამაშის წესები საფუძვლიანად არ შეიცვალა, თითქმის აღარა აქვს!

ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ: ქართული პოლიტიკა ფუჭია, ამაოა, დესტრუქციული და არაგონივრული, ევროპული (რისი პროდუქტიცაა თუნდაც გერმანული საარჩევნო სისტემა), პირიქით: თავის იდეალში ქმედითია, საქმეზე ორიენტირებული, გონივრული, კონსტრუქციული და შედეგის მისაღწევად წინასწარ რაციონალურად გათვლილი!

კონსტიტუციურ ცვლილებას მაღალი კვორუმის ეროვნული კონსენსუსი სჭირდება, რაც საკონსტიტუციო კანონპროექტის პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ით მხარდაჭერაში გამოიხატება.

ასეთი გონივრული კონსენსუსის გამომუშავებას საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული, პატიოსანი პარტნიორობა, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა სჭირდება პოლიტიკურ სუბიექტთა შორის და არა ის დესტრუქციული „ფშუტმახერობა“, რასაც ხალხიც კარგად ხედავს და ამგვარ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას გაურბის, რადგან წესიერი კაცი იქ თავის ადგილს ვერც პოულობს და აღარც ეძებს!

აგერ, ჩვენი პარტნიორებიც, ლამის მთელი დემოკრატიული სამყარო, მოგვიწოდებს, რომ ხელი ავიღოთ დესტრუქციასა და ურთიერთწამოკიდებაზე, ფშუტის ნაცვლად საქმეს დავუბრუნდეთ და კონსტრუქციული დიალოგის გზით მივიდეთ გონივრულ კომპრომისამდე! ერთ-ერთი ვარიანტი (მაგრამ ვიმეორებ, არა ერთადერთი, რასაკვირველია!) „გერმანული მოდელიც“ გახლავთ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება არჩევნებში გამარჯვებული, ამ ფშუტმახერულ, დესტრუქციულ მორევში ხალხი და სახელმწიფო კიდევ ერთხელ დამარცხდება!

რატომ უნდა დავმარცხდეთ ყველანი, როცა მაინც ყოველთვის არის შანსი - ყველამ ერთად გავიმარჯვოთ?!

რა დაგვემართა, ასე რამ მოგვაჯადოვა მართლა და მართლა?!

შაქრო მადლობა ავტორს შინაარსიანი და საინტერესო სტატიისათვის. დავძენდი რომ მხოლოდ საარჩევნო კანპნი ვერ განაპირობებს დემოკრატიის განვითარებას. ე.წ. პარტიები საქართველოში არიან სუფთა წყლის ავტორიტარული ორგანიზაციები, მათი ლიდერების, ფეოდალ-პოლიტიკოსების რაზმები. საჭიროა ცვლილებები კანონში პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ, რომელიც მოითხოვს პარტიული ცხოვრების დემოკრატიზაციას. აუცილებელია, რომ პარტიის ხელმძღვანელები იცვლებოდნენ რაღაც დროის შემდეგ.
მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი. დაბალგანვითარებული ქვეყანა, სადაც არ არის საშუალო კლასი, ვერ შექმნის ნორმალურ დემოკრატიულ სისტემას.
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი შაქრო -უდავოდ მართალი ბრძანდებით, ამ სტატიას ერთი აბზაცი აკლია, რაც მერე ფბ-ზე გამოვაქვეყნე, კერძოდ: ესა თუ ის საარჩევნო სისტემა დემოკრატიის მხოლოდ ინსტრუმენტია და არა პირიქით, როგორც ეს ოპოზიციასა სურს ტავს მოგვახვიოს. ბუნებრივია, სამჭედლო კი არა ქმნის მჭედელს, არამედ მჭედელი -მოაწყობს სამჭედლოს ისე, როგორც საჭიროა და მისთვის მოსახერხებელი! არ უნდა დიდი მტკიცება და ისედაც თვალსაჩინოა, რომ მაჟორიტარული, პროპორციული, სრეული თუ ე.წ. გერმანული საარცევნო სისტემები - ყველა დემოკრატიულია, მაგრამ ისინი ოდენ ინსტრუმენტები არიან და მათ სათანადოდ გამოყენებას დემოკრატიის ელემენტარული უნარ-ჩვევები სჭირდება. სამჭედლო კი კარგად იყო მოწყობილი, მაგრამ ფშუტმახერი თუ ხარ და არა მჭედელი, რაში გარგია?! დემოკრატიის მთავარი უნარი კი ეს არის - ურთიერთგანსხვავებული და საპირისპირო ინტერესების მიუხედავად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ყველასთვის მისარები თუ არა, გასაგები მაინც არის და შექმნილი მდგომარეობის ადექვატურია! ეს უნარი ჩვენს დემოკრატიასა არა აქვს და რაც გინდა საარცევნო სისტემა გაუკეთო, ფშუტის მეტს ვერაფერს აწარმოებს!
4 წლის უკან
სოციალისტი ამიტომ ბატონებო, სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა (არამც და არამც საპარლამენტო), ავტრიტარული რეჟიმი კადაფი, სადმ ჰუსეინი, პინოჩეტი... ფასადური დემოკრატიის ელემენტებით! აბა ცხონებულ ბერიას ვიღან გააცოცხლებს?!
4 წლის უკან