" მამუკა ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა!"

"ეს ინტერვიუ ჩათვალეთ ჩემს ოფიციალურ ჩვენებად. მე დოკუმენტურად დავამტკიცებ, რომ რაც ვთქვი, ყველაფერი სიმართლეა! მამუკა ახვლედიანს პასუხს იმაზე ვთხოვდი, რატომ იყიდა მერიამ სადავო ქონება. ახვლედიანი მიმტკიცებდა, მერიას არ შეეძლო, სცოდნოდა, რომ ეს ქონება სადავო იყოო, მაგრამ ერთმა პატიოსანმა კაცმა მერიიდან მომცა ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ მერიას ამ საქმეზე სპეციალური შეტყობინება ჰქონდა მიღებული! ამ დანაშაულს უფრო მძიმე დანაშაული მოჰყვა: ისევ ბინის საკითხზე მამუკა ახვლედიანთან მივედი და მან მოულოდნელად ასეთი რამ შემომთავაზა: ეს დავა უნდა დასრულდეს, გადაგიხდით 2 მილიონ ლარს, ოღონდ იმ პირობით, თუ ერთ რამეზე არ გვეტყვით უარსო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუდგა ოპოზიციაში. მოკლედ, ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა!" - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი ბესიკ ფიფია გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მამუკა ახვლედიანმა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა!"

"ახვლედიანმა მითხრა, რომ იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის ხალხთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის დაცვა და უსაფრთხოების სამსახურები გამიკეთებდნენ კორიდორს, რითაც სააკაშვილთან მიახლოების საშუალებას მომცემდნენ. მანამდე სპეცსამსახურები გამატარებდნენ სპეციალურ ტრენინგს, მომცემდნენ მოწყობილობას, რომელიც არ აფეთქდებოდა, უბრალოდ, ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის იმიტაცია. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დაცვა დამაკავებდა. მე კი იმავე დღეს გამოვიდოდი აღიარებითი ჩვენებით, რომ პრეზიდენტის მკვლელობა შემიკვეთა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა და ამაში 2 მილიონ ლარს დამპირდა. უნდა მეთქვა, თითქოს ვალერი გელბახიანმა დამარწმუნა, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც ასე გაამწარა ჩემი ოჯახი, დრო მოჭამა. გარდა ამისა, თითქოს ბადრი პატარკაციშვილი გელბახიანის პირით დამპირდა მაღალხელფასიან სამსახურებს ოჯახის წევრებისათვის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბესიკ ფიფია.

"ახვლედიანი მარწმუნებდა, მაქსიმუმ ორი თვე და როცა ეს ამბავი მიწყნარდება, საპროცესო გარიგებით გაგათავისუფლებთ, გარიგების თანხას კი თავად, ვინმეს ხელით გადავიხდითო. დავიბენი და თან ძალიან შემეშინდა. როცა სახელმწიფო მოხელე ასეთ რამეს გთავაზობს, ბუნებრივია, თუ ნორმალური ხარ, შიში შეგიპყრობს. თავი ხელში ავიყვანე და ახვლედიანს ვუთხარი, მზად ვარ-მეთქი და შევუთანხმდი მეორე დღეს დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრაზე. შეხვედრა მეორე დღის 8 საათზე, მერიაში, ვიცე-მერის კაბინეტში დამითქვა, მე-9 სართულზე. იმავე საღამოს თბილისიდან წავედი. დაახლოებით წელიწადი ერთი ახლობლის სარდაფში ვიმალებოდი. როცა ახვლედიანი დარწმუნდა, რომ აღარ ვეახლებოდი, იმავე ღამეს ჩემს ოჯახში ძალოვანები გამოგზავნეს და ააწიოკეს. ჩემი ოჯახის წევრებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ჩემმა მეუღლემ იმარჯვა და ფარულად ეს ყველაფერი ჩაიწერა!", - ამბობს რესპონდენტი.

"ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩემს დევნას თავი დაანებეს. მეც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი და საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა განვაგრძე. 2012 წლის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე მოულოდნელად კუდ-ის თავმჯდომარე სოსო თოფურიძემ დამირეკა და კატეგორიულად მთხოვა მოდულში მისვლა. ღამის 12 საათზე ვეახლე თოფურიძეს -კაბინეტში დამტოვა, ორი კაცი დარაჯად დამიყენა და ვიღაც სამი პირი მოიყვანა. ერთის გვარს ვერ ვიხსენებ, მაგრამ შემიძლია ამოვიცნო. ერთი იყო საგამოძიებო სამსახურის უფროსი დავითი, მეორე გამომძიებელი დავით გოგოტიშვილი, რომელმაც მითხრა, ამ საღამოსვე სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთო. რასთან დაკავშირებით-მეთქი? ჯერ განცხადებას დაგაწერინებ და მერე გაიგებ, რასთან დაკავშირებითო. კაბინეტიდან საგამოძიებო ოთახში გამიყვანეს, სადაც 4 გამომძიებელი იჯდა, ჯგუფის ხელმძღვანელი დავით გოგოტიშვილი იყო. სანამ განცხადებას დამაწერინებდნენ, ვენაში რაღაც ნემსი გამიკეთეს. ცოტა ხანში იმისთანა ძალასა და ლაპარაკის ხასიათზე მოვედი, რომ თავს ვეღარ ვცნობდი. თამამი და გამბედავი გავხდი...", - განაგრძობს ბესიკ ფიფია.

"რომ შემატყვეს, "მზად" ვიყავი, მითხრეს, რასაც გიკარნახებთ, დაწერეო. რა დავწერო-მეთქი? მამუკა ახვლედიანმა შემოგთავაზათ თუ არა პრეზიდენტის ლიკვიდაციაო? თავიდან ბოლომდე დავწერე, რაც იყო. ავუხსენი, რომ ახვლედიანმა პრეზიდენტის ლიკვიდაცია კი არა, ლიკვიდაციის იმიტაცია შემომთავაზა. ამის შემდეგ თოფურიძესთან დათა ახალაიამ დარეკა. არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, მაგრამ მითხრეს, ცამდე მართალი კაცი ხარ, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ ეს ბანდიტები და გამოძიება დავიწყოთ. ცოტა ხანში გაჩვენებთ ახვლედიანს ბატარეაზე მიბმულსო. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, ახვლედიანი ამას უმაღლეს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ხომ ვერ გაბედავდა. დაკითხვა დილის 7 საათამდე გაგრძელდა. მერე გამომძიებლების ოთახში მომასვენეს ტახტზე. დილის 9 საათზე, ისევ განაახლეს დაკითხვა, კიდევ ვინ იცოდა მამუკა ახვლედიანის ამ შემოთავაზების შესახებო. ვიფიქრე, რომ ვთქვა, არავინ იცის, არ მომკლან-მეთქი და ვუთხარი, ჩემმა ოჯახმა-მეთქი. როგორც კი ეს ვთქვი, ჩემი მეუღლე სასწრაფოდ მოიყვანეს დაკითხვაზე. მოიყვანეს იმ ოჯახის წევრებიც, რომელთანაც ვიმალებოდი. 5 დღე მამყოფეს კუდ-ში. ამის დადასტურება შეიძლება ჟურნალით, რომელ დღეს შევედი კუდ-ში და როდის გამოვედი", - განმარტავს რესპონდენტი

"გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ისევ დამირეკა სოსო თოფურიძემ. უჩვეულოდ გულთბილად მომესალმა და მითხრა, მალე შენი ბინის პრობლემა გადაწყდება, ველაპარაკე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს და მობრძანდით ჩვენთან, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდაო. ისევ ვეახლე თოფურიძეს. მითხრა, ყველანაირად ვცდილობთ ბინის ფული მოგცეთ, ქუჩაში არ უნდა დარჩეთო. ეს პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდება, დაივიწყე ვალერი გელბახიანისა და პატარკაციშვილის ამბავი, ეს ახლა აღარ არის აქტუალური და ამჯერად, ის, რაც მამუკა ახვლედიანმა თავის დროზე გითხრა, უნდა გაიმეორო, მაგრამ გელბახიანი - ალასანიათი, პატარკაციშვილი კი ივანიშვილით უნდა შეცვალოო", - აცხადებს აფხაზეთიდან დევნილი და შეკითხვას - "ისევ პრეზიდენტზე თავდასხმის იმიტაცია უნდა მოგეწყოთ?" - პასუხობს:

"არა, მხოლოდ განცხადება უნდა შემეტანა კუდ-ში და ტელევიზიით გამოვსულიყავი, რომ ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტის ლიკვიდაცია შემომთავაზა რამდენიმე მილიონად. განცხადება არჩევნებამდე ორი დღით ადრე უნდა გამეკეთებინა სახელისუფლებო ტელევიზიების ეთერში. ვუთხარი, არავინ დაიჯერებს, სხვა რამეს დავაბრალებ ირაკლი ალასანიას-მეთქი. დავპირდი, რომ სხვა განცხადებას გავაკეთებდი, ისეთს, რომელიც შედარებით ახლოს იქნებოდა "სიმართლესთან". ამ იმედით გამომიშვეს კუდ-იდან. მას მერე, არჩევნების დასრულებამდე, ტყეში ვიმალებოდი!"

"პირდაპირ ვადებ ხელს მამუკა ახვლედიანს, გიგი უგულავას, ზურაბ ადეიშვილს, მაგრამ არა სიტყვით, არამედ მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს მივაწვდი როგორც მთავარ პროკურატურას, ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რაც მთავარია, ვაპირებ მამუკა ახვლედიანის საცხოვრებელ ბინასთან პროტესტის გამოხატვას შიმშილობის აქციით. მამუკა ახვლედიანს ვიწვევ ღია ეთერში - პასუხი უნდა აგოს ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე. მათ წამართვეს საცხოვრებელი, თაღლითურად მიითვისეს ჩემი ბინის კომპენსაციისთვის გამოყოფილი ფული და ამ უსამართლობას რომ არ შევეგუე, ამისთანა ბინძურ საქმეში სცადეს ჩემი გამოყენება. მამუკა ახვლედიანი ამ ბინძური საქმის შემომთავაზებელი იყო, თორემ თავად რომ ამას ვერ დაგეგმავდა, ფაქტია", - დასძენს მამუკა ფიფია.