ახალი ხელისუფლება მრავალ დაპირებას იძლევა. "ქართული ოცნების" გეგმებიდან, ბუნებრივია, ყველას თავისი მნიშვნელობა და შესრულების დრო აქვს. მაგრამ არის საკითხები, რომელთა გადაჭრა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ყველა სხვა პრობლემის თავიდათავია. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მომხდარი მკვლელობების, საეჭვო თვითმკვლელობებისა და უბედური შემთხვევების სასწრაფო გამოძიება. სამწუხაროდ, ჩამონათვალი ძალზე ვრცელია: ზვიად გამსახურდიას დღემდე საიდუმლო და ბოლომდე გამოუძიებელი თვითმკვლელობის ვერსია; მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძის სიკვდილის გარემოებები; აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის, ფრედ ვუდროფის მკვლელობა; საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობა, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვა; ექსპერტიზის ბიუროს ახალგაზრდა ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობა; პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობა, გენერალ დავით კეკუას თვითმკვლელობა, საქართველოს უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილის, გენერალ თამაზ ნინუას მკვლელობა და კიდევ სხვა ტრაგიკული ფაქტები. მათ ერთი საერთო მნიშვნელი ჰქონდათ - პოლიტიკური შეფერილობა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა მოლოდინი, რომ საიდუმლოებით მოცული ბევრი შემთხვევა გამოძიებული იქნებოდა და სიმართლე გაირკვეოდა. თუმცა მოლოდინი მოლოდინად დარჩა. უფრო მეტიც, ადრინდელ შემთხვევებს ვინ ჩივის, 2004 წლიდან ტრაგიკული შემთხვევების რიცხვმა იმატა კიდეც. "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა აიღო ვალდებულება, სინათლე მოჰფინოს პოლიტიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს და თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ბოლომდე არ გაირკვა, სხვა დაპირებების შესრულებას საფრთხე შეექმნება, დემოკრატიული და ძლიერი სახელმწიფოს აშენების შესახებ დაპირება კვლავ აუხდენელ ოცნებად დარჩება.
რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს?
ოფიციალური ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის რწმუნებულის მოადგილე რაულ იუსუპოვი კონსპირაციულ ბინაში ნახშირჟანგით გაიგუდნენ.
პირველ დღეებში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენლები სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სწორედ მათმა დაბნეულმა და ხშირად ურთიერთგამომრიცხავმა საჯარო განცხადებებმა განაპირობეს პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში დაეჭვება. ექსპერტებს ისეთი მარტივი თეორიული(!) საკითხები ეშლებოდათ, რომლის უცოდინარობაც მე-4-5კურსის სტუდენტებსაც კი არ ეპატიებათ. მას შემდეგ შვიდ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მრავალი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. საქართველოს მთავარ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე არ დაუხურავს, რის გამოც საზოგადოებას საშუალება არ აქვს, გაეცნოს გამოძიების მასალებს. ამიტომაც იძლევა ბოლო ათწლეულის საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურის, ფრთხილი და წინდახედული პიროვნების, ზურაბ ჟვანიას დაღუპვა დაეჭვების საბაბს.
ბევრი პოლიტიკოსი, ექსპერტი, ჟურნალისტი თუ უბრალო მოქალაქე, რომ არაფერი ვთქვათ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, მიიჩნევს, რომ თბილისში მომხდარი ტრაგედია "უბედური შემთხვევა და შემთხვევითი მოწამვლა" კი არა, წინასწარ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციაა. ზურაბ ჟვანიას ყოფილი მეგობრებიდან თუ მტრებიდან, არავის ეყო გამბედაობა, სიმართლის თქმა მოეთხოვა წინა ხელისუფლებისგან ან თვითონ ეთქვა სიმართლე. მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელს გვიან "გაუნათდა" გონება და განაცხადა: "ვფიქრობდი, რომ ქართულ სპეცსამსახურებს ამდაგვარი მკვლელობის მოწყობის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ვნახე ბადრი პატარკაციშვილთან საუბრის ჩანაწერები და ჩემს ძველ სპეცსამსახურელ მეგობრებს ვესაუბრე, შემდეგ უკვე გამიჩნდა ეჭვი, რომ ტექნიკურად ამის გაკეთება საქართველოს სპეცსამსახურებსაც შეუძლიათ"... უფრო ადრე კი, 2007 წლის სექტემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, სკანდალურ ტელეინტერვიუში განაცხადა: "ზურაბ ჟვანია იმ ბინაში არ გარდაცვლილა, მისი ცხედარი შემდეგ მიიტანეს".
საინტერესოა, რომ 2005 წლის დასაწყისში ნოღაიდელი ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ერთი თვის გადაყვანილი იყო თავდაცვის მინისტრად და ძველი კავშირები ისევ ჰქონდა. ასე რომ, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შესახებ მათ (ისევე, როგორც ხელისუფლების სხვა წევრებს) მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. ამ სისხლის სამართლის საქმეში ბევრი "თეთრი ლაქაა". ეს ეხება ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის საეჭვოდ არაპროფესიონალურ მოქმედებას, მობილური ტელეფონების მოულოდნელ "გაფუჭებას", შემთხვევის ადგილზე გამომძიებელთა ლაფსუსებს, კონსპირაციულ ბინაში არსებულ ნივთებზე გარდაცვლილების თითის ანაბეჭდების არარსებობას, დაცვის წევრების ჩვენებებში არსებულ შეუსაბამობებს და ა.შ. დღეს ჩვენ შევეცდებით, გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა "ტექნიკურად" ამგვარი პოლიტიკური მკვლელობის მომზადება და შესრულება.
სპეცსამსახურების ყველაზე გასაიდუმლოებული ოპერაციები
მშვიდობიან პერიოდში არასასურველი ობიექტის სწრაფი ლიკვიდაციისათვის სპეცსამსახურები თითქმის ყოველთვის ქმნიან უბედური შემთხვევის იმიტაციას, რადგან ჯანმრთელი ადამიანის მოულოდნელი გარდაცვალების "საუკეთესო" ახსნა, საყოფაცხოვრებო პირობებში მისი ტრაგიკული დაღუპვა ან სხვა უბედური შემთხვევაა (ავტოავარია, დენის დარტყმა, აბაზანაში "დახრჩობა", იარაღის "გავარდნა", საკვები პროდუქტით მოწამვლა, გაზით გაგუდვა და ა.შ.). იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას გამუდმებით მეთვალყურეობენ დაცვისა და მაღალკვალიფიციური ექიმები "ლიკვიდატორების" ამოცანა გაცილებით რთულია.
ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიაში დაეჭვების საფუძველს იწვევს ის, რომ მომხდარის "შეფუთვა" აშკარად წააგავს სპეცსამსახურების ხელწერას. რჩება შთაბეჭდილება: ოფიციალური ვერსიის არაორაზროვანი მინიშნებების მიზანი საზოგადოებრივი აზრის ისეთი მიმართულებით წარმართვა იყო, რომ რაც შეიძლება ცოტას გასჩენოდა საქმეში ღრმად ჩახედვის სურვილი.
ფაქტია: ზურაბ ჟვანიას პრემიერ-მინისტრობისას უსმენდნენ და მის ახლო გარემოცვაში სხვადასხვა ძალის აგენტურაც მოქმედებდა. ოჯახის წევრები ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებენ, რომ 2004 წლის ოქტომბერში საზღვარგარეთ მივლინებისას ზურაბ ჟვანიამ საკუთარ ნომერზე კი არ ჩართო როუმინგი (რაც ნებისმიერი რიგითი მოქალაქისთვისაც კი უმნიშვნელო პროცედურაა), არამედ იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს სთხოვა როუმინგიანი ნომრის "სიმბარათი". ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ზურაბ ჟვანიას არ სურდა საქართველოში სცოდნოდათ, რა ნომრით სარგებლობდა ის უცხოეთში. ამ ტრაგიკულ შემთხვევაში სპეცსამსახურების "ყურები" შორიდან ჩანს, თუმცა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებამ ისეთი შორსმიმავალი გეოპოლიტიკური შედეგები გამოიწვია, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურები დამოუკიდებლად ამდენს ნამდვილად ვერ "გაქაჩავდნენ", ისინი, ალბათ, მხოლოდ დაბალი დონის შემსრულებლების სტატუსით მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში. შემკვეთი კი სხვა იყო. საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების მრავალი სპეცსამსახურიდან მხოლოდ ორს (გამოცნობა მკითხველისთვის მიმინდვია) ძალუძდა ამ დონის პოლიტიკოსის ლიკვიდაციის დაგეგმვა-ორგანიზება, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, მათ ასე დილეტანტურად ემოქმედათ და შესრულებისას ამდენი სამხილი დაეტოვებინათ. ისინი, როგორც წესი, "კუდებს" ღრმად მალავენ. თუმცა არსებობს ორი შემთხვევა, როცა უძლიერესი სპეცსამსახურებიც უშვებენ მარტივ შეცდომებს. პირველი, როცა ოპერაცია სასწრაფოდ იგეგმება და ყველა ნიუანსის გათვლას ვერ ასწრებენ, მეორე კი ის შემთხვევაა, როდესაც შესრულებას ადგილობრივ არაპროფესიონალებს ავალებენ. თუმცა არის მაგალითებიც, როცა გამოცდილი სპეცსამსახური სამხილებს შეგნებულად ტოვებდა, ეჭვი არაპროფესიონალებზე რომ მიეტანათ.
ზურაბ ჟვანიას ტრაგიკულად დაღუპვა იმ კატეგორიას განეკუთვნება, როცა "შემთხვევითობა" გამორიცხულია და ჩვენმა მტრებმა კარგად იციან, რომელი საყრდენი უნდა წააქციონ, რათა სტაბილურობა თავზე დაგვემხოს. ამ დროს დაირღვა ბალანსი და ტანდემი - საჯარო-პოლიტიკოსი და არაფორმალური (რეალური) ლიდერი. ცნობილია, რომ ზურაბ ჟვანია ოპერატიული დამუშავების ობიექტი წლების განმავლობაში იყო. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში აქტიურობდნენ საქართველოს (შსს და უშიშროების სამინისტრო) და უცხო ქვეყნების საიდუმლო სამსახურებიც. ზურაბ ჟვანიამ თვითონაც მშვენივრად იცოდა, რომ სპეცსამსახურების სამიზნე იყო. პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ის "მოქკავშირის" ახალგაზრდა კადრების საშუალებით ცდილობდა გაერკვია, თუ კონკრეტულად რა ძალები ცდილობდნენ მის კომპრომეტირებას. თუმცა ამ თემაზე საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებდა.
რამდენიმე წლის წინ, როცა ზურაბ ჟვანიას დაღუპვის გარემოებების შესახებ პირველად ვწერდი, გულწრფელად მჯეროდა, რომ აშკარა სამხილების უქონლობის გამო საქართველოს ხელისუფლება "ზოგჯერ თქმითაც დაშავდების" პრინციპით მოქმედებდა - ხელს ვერ ადებდა იმ პირებსა და ქვეყანას, რომელმაც ეს ჩაიდინა. მჯეროდა, რომ ხელისუფლება სიმართლეს მალე გაარკვევდა. თანდათან ჩემი თვალსაზრისი კარდინალურად შეიცვალა - წლები გადიოდა, წინა ხელისუფლებას კი რატომღაც არ სურდა, მინიშნებითაც კი, სიმართლე გაერკვია, პირიქით - სამხილებისა და მტკიცებულებების გაყალბებით იყო დაკავებული. რატომ? სწორედ ამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი მთავარი პროკურორი პირად კონტროლზე აიყვანს გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობების ყველა ფაქტს და საზოგადოებას ობიექტური გამოძიების შედეგებს გააცნობს.