"ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად “ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ყველაფერი რადიკალიზაციისკენ მიდის, ოპოზიცია მმართველ პარტიას აიძულებს და კარგ ფონს უქმნის იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს“, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა “2020NEWS“ -თან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებით კანონი ირღვევა.
- ბატონო ლევან, “გერმანული მოდელით“ არჩევნების ჩატარება საქართველოში მოქმედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება?
- პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ „გერმანული მოდელის“ პრინციპი ნიშნავს მანდატების მატებას და არა კლებას. სანამ გერმანიაში ამ მოდელამდე მივიდოდნენ, მანამდე 2008 წელს აღნიშნული სისტემის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გერმენულ მოდელს სახელად ჰქვია მაჟორიტარულ-პროპორციული და არა შერეული.
ჩვენი კონსტიტუციის პროპორციულ ნაწილში წერია, რომ თუკი რომელიმე პარტია 3%-ს გადალახავს, მას უპირობოდ გაუნაწილდება მანდატები. გერმანული მოდელის შემთხვევაში, ჩნდება შესაძლებლობა, რომ 3%-იანი ბარიერის გადალახვის პირობებში მანდატები პარტიამ შეიძლება მიიღოს, შეიძლება არა. სწორედ ეს არის უმთავრესი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან .
- თუკი “გერმენულ მოდელს“ კონსტიტუციასთან გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, მაშინ რაში ხედავთ გამოსავალს?
- ნამდვილად ვთვლი, რომ “გერმენულ მოდელს“ საქართველოს კონსტიტუციასთან პრობლემები აქვს, თუმცა არსებობს გამოსავალი. მე რომ პარლამენტში ვიყო, ოპოზიციის შემოთავაზებას დავთანხმდებოდი, ინიციატივას კანონად ვაქცევდი და საკონსტიტუციო სასამართლოში წავიღებდი, რომელიც უტყუარ ჭეშმარიტებას დაადგენდა.
- “ქართული ოცნება“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე მუშაობას? აღნიშნული თავად მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებში ხომ არ იკვეთება?
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მეტად “ქართულ ოცნებას“ და “ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ყველაფერი რადიკალიზაციისკენ მიდის, ოპოზიცია მმართველ პარტიას აიძულებს და კარგ ფონს უქმნის იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ყოფილ ხელისუფლებას ვადამელი არჩევნები თავიდანვე გათვლილი ჰქონდა, მიშა სააკაშვილი ამ სცენარზე მუშაობდა. ვფიქრობ, რომ დღეს “ოცნების“ მთავარი ამოცანა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.
- იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტის პიკეტირებით კანონი ირღვევა, ოპოზიციის მხრიდან ამ ქმედების განხორციელება სწორია?
- პიკეტირება, რომელიც სახელმწიფო დაწესებულების მუშაობას შეუძლებელს ხდის, კანონდარღვევააა, ამიტომ ბუნებრივია, ამ ქმედებას ვერ მოვიწონებ. კრიზისის დროს უმთვრესია ყველა დაინტერესებული მხარე მაგიდასთან დასხდეს და ისაუბრონ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.