კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ დავით ფაცაციასთან საუბრისას, "თელასის" ხელმძღვანელ პირთა შესახებ სკანდალური ინფორმაცია და დოკუმენტები გახდა ცნობილი:
- საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ფარდა აეხადა არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც ნაცმოძრაობის წევრებმა მთელ რიგ ორგანიზაციებში ჩაიდინეს. ამჯერად მინდა გესაუბროთ იმ უკანონობაზე, რაც "თელასში" ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ. კერძოდ კი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დააკავეს "თელასის" ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ეროვნებით რუსი, პროკურატურამ (ანუ ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა) საპროცესო გარიგებით, ამ პიროვნების თავისუფლების სანაცვლოდ, 5 მილიონი მოითხოვა. ამ თანხის შეგროვება და გადახდა კი "თელასის" თანამშრომლებს დაეკისრათ. ეს ხუთი მილიონი "თელასის" თანამშრომლების ხელფასებიდან გადაირიცხა, მაგრამ აღნიშნულ ქმედებას განსაკუთრებულ წინააღმდეგობას მაშინდელი ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი უწევდა.
- იმ ადამიანის ვინაობას არ დაასახელებთ?
- რატომაც არა. ეს გახლავთ დავით ქართველიშვილი. ის ნაციონალური ხელისუფლების ამ შეთავაზებას შეეწინააღმდეგა და სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ენერგოსისტემაში, კონკრეტულად კი "თელასში" მომხდარი სერიოზული დარღვევები მეტყველებს ხელისუფლების კორუფციულ ქმედებაზე ამ ორგანიზაციაში. მე მომაწოდეს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორ ახორციელებდა "თელასის" გენერალური დირექტორი ზურაბ არსოშვილი წინასაარჩევნოდ ფინანსურ მაქინაციებს "თელასიდან" ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. ამ დოკუმენტიდან ჩანს, როგორ ურიცხავს "თელასის" კომერციული დირექტორი ზურაბ არსოშვილი ერთი დღის შექმნილ კომპანიას 450 ათას აშშ დოლარს, რაც ბადებს "გონივრული ეჭვის" საფუძველს, რომ ეს თანხა შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ყულაბაში მოხვდა. აქვეა წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტიც, სადაც ვკითხულობთ რომ, შპს "ელენდეფ სერვისი" 26 ივლისს რეგისტრირდება მისამართზე: თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ბაგები, კორ. #2, ბ.60. საიდენტიფიკაციო კოდით 40495352. უფლებამოსილი პირი კი არის გიორგი ნემსიწვერიძე - შპს-ს 100%-იანი წილის მფლობელი. ამ შპს-ს "თელასმა" 2012 წლის 24 აგვისტოს 450 ათას აშშ დოლარი გადაურიცხა საკონსულტაციო მომსახურების 90%-ის სანაცვლოდ. გადარიცხვა მოხდა "ლიბერთი ბანკის" სპეციალურ ანგარიშზე და თანხა ვიზირების გარეშე გადაირიცხა. არსებობს კიდევ დაახლოებით 1,5 მილიონი ლარის გადარიცხვის ამონაწერი, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს ჩაერიცხათ კონსულტაციისთვის. აი, ეს დოკუმენტები არის დასტური იმ კანონდარღვევისა, რასაც ნაციონალური რეჟიმი წინასაარჩევნოდ "თელასში" ზურაბ არსოშვილის საშუალებით ახორციელებდა. დარწმუნებული ვარ, მთავარი პროკურორი და შს მინისტრი დაინტერესდებიან ამ ფინანსური მაქინაციით და აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს "თელასის" ყოფილი დირექტორის, ზურაბ არსოშვილის წინააღმდეგ.
- თუ იცით, ამჟამად სად იმყოფება ზურაბ არსოშვილი და ვინ მოგაწოდათ ეს დოკუმენტაცია?
- ეს დოკუმენტაცია მომაწოდა "თელასის" თანამშრომელმა, ინფორმაციის ნამდვილობა კი საჯარო რეესტრში შეგიძლიათ შეამოწმოთ. რაც შეეხება ზურაბ არსოშვილის ადგილსამყოფელს, როგორც ვიცი, იგი საქართველოდან გაიქცა, როგორც მითხრეს - ნიცაში...