გიორგი ვოლსკი:

გიორგი ვოლსკი:"მიხეილ სააკაშვილმა გიორგი კალანდაძე გაწირა"

ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრმა ევროატალანტიკურ სტრუქტურებში რეინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მედიისთვის კომენტარი სახელმწიფო კანცელარიაში გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი იმიტომ გადაიდო, რომ გაერთიანებულ შტაბს ხელმძღვანელი არ ჰყავს და საკმაოდ მოკლე ვადებში გადაწყდება ამ ვიზიტის ჩატარების შესაძლებლობა. დეტალების დასაზუსტებლად "ივერონი" ექსპერტ გიორგი ვოლსკის დაუკავშირდა.

- ბატონო გიორგი, რა მიზეზით გადაიდო ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში?

_ საქართველოს მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გენერალური შტაბის ხელმძღვანელად გიორგი კალანდაძის დანიშვნა, ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს საკითხი, მიხეილ სააკაშვილს ახალ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ჰქონდა. ანუ, სააკაშვილმა ხელოვნურად შექმნა კონფლიქტი. დაზუსტებით მინდა გითხრათ, რომ სწორედ ამ კონფლიქტმა გამოიწვია "ნატოში" შექმნილი გაუგებრობა და მათი მხრიდან ეს ფაქტი ნეგატიურად იქნა შეფასებული.

- საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებას გიორგი კალანდაძის დაკავებას უკავშირებდნენ...

- გიორგი კალანდაძის დაკავება, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლობის საქართველოში ჩამოსვლასთან არ არის დაკავშირებული. დაძაბულობა იმან შექმნა რომ, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მისი ხელისუფლებიდან გაერთიანებული შტაბის უფროსად გიორგი კალანდაძე, არჩევნების შემდეგ 9 ოქტომბერს დანიშნა. ვფიქრობ, რომ ეს მთავარსარდლის დანაშაულია. დარწმუნებული ვარ, რომ ამასთან დაკავშირებით მან გარკვეული შენიშვნაც მიიღო... თუკი მოხდება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა, ეს აუცილებლად უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც ახალი ხელისუფლება პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს.


- რაში მდგომარეობს მთავარსარდლის დანაშაული? მას ხომ აქვს კონსტიტუციური უფლება დანიშვნის შესახებ? მან ეს უფლება გამოიყენა.

- კონსტიტუციური უფლება კი აქვს, მაგრამ არის სახელმწიფო ინტერესები, რომელსაც მთავარსარდალი კონსტიტუციური უფლების გათვალისწინებით ახალი რეალობიდან გამომდინარე იყენებს. რეალობიდან გამომდინარე მთავარსარდალი ახალი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრისთან უნდა შეთანხმებულიყო. მიხეილ სააკაშვილმა ფაქტობრივად კალანდაძე გაწირა იმ დაძაბულობისთვის, რაც შემდეგ შეექმნა. რაც ნატოს სტანდარტისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო.


- გამოსავალს რაში ხედავთ?

- გამოსავალი გახლავთ ის რომ, ახალი მთავრობის კანდიდატურა, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის პოსტთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს. მისი კონსტიტუციური უფლება, პირველ რიგში გამოყენებული უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ სფეროში სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს. მათ შორის ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო, დღის წესრიგიდან კი არ მოხსნილა. ეს არის სერიოზული, საქმიანი, ვიზიტი რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს.