კობა დავითაშვილი და გია ნოდია მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდნენ. ორივე რესპონდენტი თანხმდება იმაში, რომ ქვეყანაში სახიფათო თამაში დაიწყო, მაგრამ სხვადასხვაგვარია მათი მოსაზრებები თამაშის წესების დამდგენებსა და მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების სამართლიანობასა თუ მიზანშეწონილობაზე. დავითაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გუნდი რევანშისთვის ემზადება და მიზნის მისაღწევად თამაშს აკრძალული მეთოდით იწყებს; გია ნოდიას აზრით კი სწორედ ივანიშვილის გუნდი იწყებს სახიფათო თამაშს და სამართლიანობის სახელით პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გეგმავს. ორივე ფიქრობს, რომ საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად საკმარისი არგუმენტები აქვს.
- არის თუ არა ქვეყნისათვის ხიფათის შემცველი "ოპოზიციონერი" პრეზიდენტისა და ახალი ხელისუფლების ერთობლივი მმართველობა?
გია ნოდია:
- დემოკრატიულ ქვეყნებში სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მშვიდობიანად თანაარსებობენ. მათ არც ქვეყნის მართვაში ექმნებათ პრობლემები. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა და შესაძლოა, ამან გარკვეული გართულებები გამოიწვიოს... აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" ვერ ეგუება "ნაციონალებთან" ძალაუფლების გადანაწილებას და ყველანაირად ცდილობს ამ ძალის დისკრედიტაციას.
კობა დავითაშვილი:
- მთავრობაში ოპოზიციონერი პრეზიდენტის არსებობა ბუნებრივად ქმნის ინსტიტუციონალური კონფლიქტის შესაძლებლობას. "ნაციონალების" მხრიდან აშკარაა რევანშისტული განწყობილება. ისინი საბოტაჟის მოწყობით ცდილობენ, ახალი ხელისუფლება ჩიხში შეიყვანონ. უკვე დაიწყეს პროვოკაციების მოწყობა დევნილების დახმარებით. ახლა ციხეებში, აგენტი პატიმრების საშუალებით ცდილობენ არეულობის მოწყობას. თუმცა ჩვენ მათ იმედს არ გავუმართლებთ, ძალიან ფრთხილად ვიქნებით.
- იყო თუ არა აუცილებელი პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება?
გია ნოდია:
- რა თქმა უნდა, ხარჯების შემცირება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის კი არა, ყველა უწყებისთვის შეიძლება, მაგრამ ცუდია, როდესაც ამ თემას პოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებენ. ეს ღირსეული საქციელი არ არის. ხარჯების შემცირება სინამდვილეში, მხოლოდ საბაბია. ივანიშვილმა პრეზიდენტს უკვე მოსთხოვა გადადგომა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციურად ძლიერია და ივანიშვილის პოსტიდან გათავისუფლებაც შეუძლია, ეს არ გააკეთა. მან ისევ ქართველი ხალხის არჩევანს სცა პატივი.
კობა დავითაშვილი:
- სააკაშვილს ივანიშვილის პოსტიდან დათხოვნა რომ შეეძლოს, გააკეთებდა კიდეც. რაც შეეხება ხარჯებს: "ნაციონალებმა" თავად ააბუნტეს დევნილები. ჩვენც ვფიქრობთ, რომ დევნილები უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და ლოგიკურ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ. ვფიქრობთ, არაფერი დაშავდება, თუ სააკაშვილი ნაკლებ ფუფუნებაში იცხოვრებს და მისთვის გამიზნული თანხები დევნილებსა თუ სხვა სოციალურად დაუცველ ადამიანებს მოხმარდება.
- დღეს ქვეყნის უმთავრეს პრობლემად რას მიიჩნევთ?
გია ნოდია:
- ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური პრობლემები, ასევე - დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და რეალური სამართლის დამყარება. ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება საზღვრის გავლება სამართლის დამყარების სურვილსა და პოლიტიკური ანგარიშსწორების ცდუნებას შორის.
კობა დავითაშვილი:
- "ნაციონალები" ამბობენ, რომ ხალხმა "ქართულ ოცნებას" სოციალური დაპირებების გამო დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ ისინი ჩვენზე გაცილებით მეტ რამეს ჰპირდებოდნენ ხალხს, ათას-ათასი ლარითაც კი სცადეს მისი მოტყუება. ხალხი მათ უბრალოდ აღარ ენდო. დღეს ხალხი სოციალური პრობლემების მოგვარებას კი არა, მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვს.
- როგორ უნდა აღვასრულოთ მართლმსაჯულება ისე, რომ არც ადამიანის უფლებები შევლახოთ და არც დამნაშავეებმა აარიდონ თავი პასუხისმგებლობას?
გია ნოდია:
- ეს ძალიან რთული საკითხია. ახალი ხელისუფლება წინააღმდეგობებში აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ დღეს სასამართლო და პროკურატურა მიკერძოებულია. თუ მართლაც ასეა, ძალიან მაინტერესებს, როგორ აპირებენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების საქმეების სამართლიანად გამოძიებას? ისინი იმთავითვე დისკრედიტაციას უწევენ იმ ინსტრუმენტებს, რომლის გამოყენებასაც აპირებენ. თუ სასამართლო სააკაშვილის დაკვეთას ასრულებდა, ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ სამართალდამცავი უწყებები ივანიშვილის დაკვეთას არ შეასრულებენ?
კობა დავითაშვილი:
- პირველ რიგში, სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმა უნდა განვახორციელოთ. ჩვენ პარლამენტში უკვე წამოვაყენეთ საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების ინიციატივა. ასეთ რამეს, როგორც წესი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპოზიცია ითხოვს, რადგან უმრავლესობას შეუძლია, საქმის გამოძიება შს სამინისტროს ან პროკურატურას დაავალოს. ჩვენ ოპოზიციას საშუალებას ვაძლევთ, საგამოძიებო კომისიაში სოლიდური წარმომადგენლობა ჰყავდეს და გამოძიების პროცესიც გააკონტროლოს.
- რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ ოპოზიციის მოთხოვნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უმცირესობის ან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს?
გია ნოდია:
- იცით, პრობლემა რა არის? "ქართული ოცნების" წარმომადგენლები თავიანთ წინასაარჩევნო დაპირებას არ ასრულებენ. მათ საარჩევნო პროგრამაში უწერიათ, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის უმრავლესობას ოპოზიცია უნდა შეადგენდეს და თავმჯდომარეც ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოს. სხვა საკითხია, გამოიძიებენ თუ არა "ნაციონალები" საკუთარ შეცდომებსა თუ დანაშაულებს. "ქართულ ოცნებას" ეს მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, როდესაც დაპირებას იძლეოდა. გარდა ამისა, "ნაციონალებს" რა გარანტია აქვთ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების შეცდომას ან დანაშაულს ობიექტურად გამოიძიებენ?
კობა დავითაშვილი:
- წინასაარჩევნო პროგრამაში მართლა გვაქვს ნათქვამი, რომ საგამოძიებო კომისიას ოპოზიციის წარმომადგენელმა უნდა უხელმძღვანელოს. ეს პროგრამაში ჩადებული დაპირებაა და არა - კანონი. ამის განხორციელებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. ჩვენ არც საკონსტიტუციო ცვლილების წინააღმდეგი ვართ, მაგრამ მანამდე სხვა ცვლილებებია შესატანი. თუ "ნაციონალები" ფიქრობენ, რომ მათ საქმეებს ობიექტურად არ გამოვიძიებთ, ჩვენ რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი თავიანთი საქმეების ჩაფარცხვას არ შეეცდებიან?! მით უმეტეს, რომ თავიანთ რიგებში კახა ბუცხრიკიძე ჰყავთ - ცნობილი მწამებელი, დათა ახალაიას მარჯვენა ხელი. სხვათა შორის, ის უკვე შეხვდა საქართველოში დაბრუნებულ ახალაიას და ერთობლივი გეგმებიც დააწყვეს.
- საპარლამენტო კომისია აგვისტოს ომის მიზეზების გამოძიებასაც აპირებს. როგორ ფიქრობთ - იყო შესაძლებელი ამ ომის თავიდან არიდება?
გია ნოდია:
- ეს ზოგადი პოლიტიკური საკითხია. ეს ომი ერთხელ უკვე გამოიძია საპარლამენტო კომისიამ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ამბის თავიდან გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებული იქნება. გასაგებია, რომ ბოლო დროს ახალი დეტალები გამოიკვეთა და გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც ახალი ინფორმაცია გაავრცელეს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ომის თემაზე ახალი გამოძიება ობიექტური ვერ იქნება.
კობა დავითაშვილი:
- "ნაციონალები" ამ თემით ხშირად სპეკულირებენ და სვამენ კითხვას - ვინ დაიწყო ომი? გოგი გვახარიამ ძალიან კარგად თქვა, - ომი მე დავიწყეო. მშვიდობის მტრედი არა ვარ, ჩემი აზრით, ქვეყანას უფლება აქვს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგი აღადგინოს. ჩვენ "ნაციონალებთან" ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს პრეტენზია; ყველანი ვთანხმდებით, რომ ოკუპანტმა რუსეთმა საქართველოს საზღვარი გადმოლახა. ჩვენ გვაინტერესებს. - რატომ წავაგეთ ეს ომი ხუთ დღეში, რატომ აღმოჩნდა სამხედრო ამუნიცია მტრის ხელში და რატომ გაიქცნენ გენერლები ბრძოლის ველიდან...
- ახალი სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ კონფლიქტების მოგვარების საქმეში რაიმე სახის წარმატებას მივაღწიოთ?
გია ნოდია:
- არა მგონია, რომ ახალი სიტუაცია, კონფლიქტების გადაწყვეტის თვალსაზრისით რაიმე ახალ შესაძლებლობებს გვიქმნიდეს. თუ რეგიონში ფუნდამენტურად არ შეიცვლება სიტუაცია, საქართველოს ხელისუფლებაში ვინც უნდა მოვიდეს, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დათმობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის გარდა, არაფრის გაგონება არ სურთ.
კობა დავითაშვილი:
- სააკაშვილის ხელისუფლება იყო არაკორექტული და არაპრინციპული. ჩვენ ვიქნებით კორექტულები და პრინციპულები. ჩემთვის მუდამ გაუგებარი იყო - როგორ ახერხებდა სააკაშვილი რუსების ლანღვა-გინების ფონზე მათთვის ყველა სტრატეგიული ობიექტის გადაცემას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტების მოგვარება რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შეცვლით უნდა დავიწყოთ. ლეონტიევმა ("ედინაია როსიას" საბჭოს წევრი, გავლენიანი ჟურნალისტი. - ავტ.) ძალიან კარგი განცხადება გააკეთა - აღიარა, რომ აგვისტოს ომი მოსკოვის შეცდომა იყო და ისიც დასძინა, თუ გვინდა მეგობრული საქართველო, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთო.
- როგორ გგონიათ - არის თუ არა ლაფანყურის სპეცოპერაცია გამოსაძიებელი?
გია ნოდია:
- ყველაფრის, მათ შორის ასპინძისა და დიდგორის ომების გამოძიებაც შეიძლება, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის ლაფანყური გამოსაძიებელი?
კობა დავითაშვილი:
- ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ არ ვიცი, ეს საკითხი სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ.
- თქვენი აზრით, არის თუ არა ვალდებული თანამდებობის პირი, თავისი პირადი ცხოვრება გაასაჯაროოს?
გია ნოდია:
- ბუნებრივია, რომ ხალხს თანამდებობის პირების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საძინებელ ოთახში შეუვარდე.
კობა დავითაშვილი:
- თანამდებობის პირი ვალდებულია, რომ საზოგადოების ინტერესი მისი ცხოვრების მიმართ სრულად დააკმაყოფილოს.
- მუქარის ან შანტაჟის მსხვერპლი თუ გამხდარხართ?
გია ნოდია:
- წვრილმანი მუქარის - კი, მაგრამ სერიოზული არაფერი ყოფილა.
კობა დავითაშვილი:
- ყველამ შესანიშნავად იცის, რომ ჩემზე მუქარა და შანტაჟი არ ჭრის, ამიტომ პირდაპირ ტერორზე გადმოდიან.
- ახლობლების წრიდან, ვის რჩევებს ითვალისწინებთ ყველაზე მეტად და განიხილავთ თუ არა ოჯახის წევრებთან თქვენს საქმიანობას?
გია ნოდია:
- ცხადია, მეუღლესთან ვსაუბრობ ხოლმე.
კობა დავითაშვილი:
- დედასთან და მეუღლესთან, ხანდახან - შვილებთანაც.
- ქალი პოლიტიკაში თუ მოგწონთ?
გია ნოდია:
- სავსებით მისაღებია; რა პრობლემაა?
კობა დავითაშვილი:
- კი, ჭკვიანი ქალები მომწონს.
- როდესაც ის თქვენი ოპონენტია?
გია ნოდია:
- იყოს, რა, მე არც მამაკაცებთან ოპონირების დროს ვჩხუბობ და ვიგინები, ამიტომ პრობლემა არ მაქვს.
კობა დავითაშვილი:
- მშვენივრად ვუწევ ოპონირებას.
- სიყვარულის გამო კარიერის დათმობას შეძლებთ?
გია ნოდია:
- არ ვიცი, ასეთი სიტუაცია არ მქონია.
კობა დავითაშვილი:
- კარიერას - კი, მაგრამ ნაკისრ პასუხისმგებლობას - არა.
- სამსახურებრივი მოვალეობის გამო, მეგობარს თუ გასწირავთ?
გია ნოდია:
- თუ საქმეს გააფუჭებს, რა თქმა უნდა, გავწირავ ანუ - გავათავისუფლებ.
კობა დავითაშვილი:
- პირიქით, მე მწირავენ საკმაოდ ხშირად.
- ყოველთვის გულწრფელი ხართ?
გია ნოდია:
- რა თქმა უნდა.
კობა დავითაშვილი:
- ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.
- ადამიანებს ადვილად ენდობით?
გია ნოდია:
- ვერ ვიტყვი, რომ ვისაც ქუჩაში დავინახავ, ყველას ვენდობი, მაგრამ არც პათოლოგიურად ეჭვიანი ვარ.
კობა დავითაშვილი:
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ნდობით ბოროტად ძალიან ხშირად უსარგებლიათ, ადამიანებს მაინც ვენდობი, თუ აფერისტობა სახეზე არ აწერია.
- თქვენ თუ გაგიცრუებიათ ვინმესთვის იმედი?
გია ნოდია:
- კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება, მაგრამ უნებურად შეიძლება, ვინმეს მართლა გავუცრუე იმედი.
კობა დავითაშვილი:
- არა, აქეთ მიცრუებენ.
- თქვენი უმთავრესი მიზანი რა რის?
გია ნოდია:
- საკუთარ თავთან ყოველთვის მართალი ვიყო.
კობა დავითაშვილი:
- კარგა ხანს ვფიქრობდი, - "ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა", - მაგრამ ბოლო დროს დავრწმუნდი, რომ სახელის მოსახვეჭად შეიძლება, ცუდი რაღაცების გაკეთებაც დაგჭირდეს. ახლა მინდა, ისე ვიცხოვრო, რომ უკან მოხედვის არ შემრცხვეს.