შემოდის თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლე?!

შემოდის თუ არა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მეუღლე?!

საჯარო სივრცეში ეკატერინე ხვედელიძის გამოჩენამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსტეტთან დაკავშირებით გავრცელებულმა მისმა ვიდეომიმართვამ ოპოზიცია დაარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე პოლიტიკაში შემოდის. მათი აზრით, ივანიშვილი ამჯერად მეუღლის საშუალებით ეცდება ამომრჩევლების დარწმუნებას, „ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი, რაშიც ივანიშვილს ეკატერინე ხვედელიძის სახელი, მისი ქველმოქმედება და სათნო ადამიანის იმიჯი დაეხმარება.

ეკატერინე ხვედელიძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება მათი ოჯახისთვის პოლიტიკური პროექტი არ არის და ეს უნივერსტეტი კერძო საკუთრება არ იქნება.

„ეს იყო ჩვენი ოჯახის სურვილი, შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას. ეს არ იქნება კერძო უნივერსიტეტი, როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც დააფინანსა ჩვენმა ოჯახმა. ესეც სახელმწიფოს საჩუქრად გადაეცემა“, - აღნიშნა ეკატერინე ხვედელიძემ ვიდეომიმართვისას.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე აქამდე საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდებოდა და თითქმის არასდროს აკეთებდა კომენტარს. თუმცა იგი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის პერიოდში მედიის ობიექტივში ხშირად ჩანდა. ეკატერინე ხვედელიძე ბიძინა ივანიშვილთან ერთად შეხვედრებზე დადიოდა, ამომრჩევლებს ხვდებოდა, მედიასთან კომუნიკაციისგან კი თავს იკავებდა.

შესაძლოა, ჩვენს საზოგადოებას აღარც ახსოვს, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს ეკატერინე ხვედელიძე „ოცნების“ თავმჯდომარედაც მოიაზრებოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა და პოლიტიკურ პარტიასაც ვერ უხელმძღვანელებდა.

აპირებს თუ არა ეკატერინე ხვედელიძე პოლიტიკურად გააქტიურებას 2020 წლის არჩევნებისთვის და მოუტანს თუ არა დივიდენდებს მმართველ გუნდს?!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკატერინე ხვედელიძეს პირადად იცნობს და დიდ პატივს სცემს, როგორც ძალზე სათნო ადამიანს.

„როდესაც ბატონ ბიძინასთან ახლოს ვიყავი, ქალბატონ ეკატერინესთანაც მქონდა ურთიერთობა და მის მიმართ დადებითი დამოკიდებულების გარდა არაფერი გამაჩნია. იგი სითბოს გამოხატავს და მე ვიტყოდი, გავლენასაც ახდენს ბიძინა ივანიშვილზე თავისი ადამიანური დამოკიდებულებით. ქალბატონი ეკა თუ წავა პოლიტიკაში, ამით თავისი ამპლუიდან ცოტათი ამოვარდება, მაგრამ ამაში მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. თუმცა ამაში მაინც ეჭვი მეპარება. უფრო მეტიც, ჩემთვის უცნაური იქნება, თუ ის პოლიტიკაში გამოჩნდება. არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ ეს ქალბატონი ოდესმე პოლიტიკაში მოვიდოდა, მაგრამ, თუ ის ხედავს საკუთარ თავს პოლიტიკაში, რათა მეუღლეს გარედან დაეხმაროს, ეს დასაფასებელია. იგი არ არის რიტორი ადამიანი, არ არის ტრიბუნი ადამიანი, პოპულისტურ რაღაცებს ვერ ილაპარაკებს. ალბათ, ახლაც იმიტომ დათანხმდა საჯარო სივრცეში გამოჩენას, რომ ბიძინა ივანიშვილს სურდა ასე და წინააღმდეგობა არ გაუწია. მათ შორის ძალიან დიდი ჰარმონიაა, მე ეს კარგად ვიცი და მათ ერთმანეთი უყვართ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, როგორც სააკაშვილი იყენებდა ხოლმე სანდრას ფენომენს, სანდრას ფაქტორს, შესაძლოა, ასევე საჭირო გახდეს ეკატერინე ხვედელიძის ფაქტორის გამოყენებაც, მაგრამ კონფლიქტოლოგი მას მაინც არ ურჩევს პოლიტიკაში მოსვლას.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ეკატერინე ხვედელიძეს დიდ პატივს ვცემ და მის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი“.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც ახლა კეთდება მასშტაბური ღონისძიებების სახით, მმართველი გუნდის, თუ ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

„ეკატერინე ხვედელიძე შემოვა თუ არა პოლიტიკაში, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან სათუოა, მაგრამ საჯარო სივრცეში მისი გამოჩენა რომ პოლიტიკური აქციაა, ამაში ეჭვი არ მეპარება. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ქალბატონი ეკატერინეს ფაქტორსაც გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ, მალე ქუთაისშიც გაიხსნება ელექტრომობილების ქარხანა და „ოცნების“ პოლიტიკური ელიტა, მთელი გუნდით იქნება მის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი. ესეც გასაგებია. ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის უკვე გააქტიურებულნი არიან. თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ საარჩევნო კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი აქციების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი. მიშა სააკაშვილის პერიოდული გამოჩენაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ჯერ ოფიციალურად არ არის წინასარჩევნო კამპანია დაწყებული, მაგრამ შეერთებული შტატები იქნება, თუ საფრანგეთი, ყველა ქვეყანაში საარჩევნო კამპანიისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ. ერთი ნაწილია სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი თანხები, მეორეა კერძო შემოწირულობანი“,-აღნიშნა ავთანდილ დემეტრაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

დაარწმუნებს თუ არა ეკატერინე ხვედელიძე ამომრჩეველს, კონსტიტუციონალისტის აზრით, ელექტორატის გარკვეული ნაწილი ამას დადებითად შეხვდება, მაგრამ საეჭვოა, ამას დიდი რეზონანსი ჰქონდეს.

ავთანდილ დემეტრაშვილი არც იმას მალავს, რომ პირადად იგი მიესალმება, თუ ივანიშვილების ოჯახი სოლიდურ თანხებს დახარჯავს მნიშვნელოვან პროექტებში. მისი თქმით, ბიძინას ვერ დავუკარგავთ, რომ მან საკმაოდ დიდი ქველმოქმედება განახორციელა საქართველოში როგორც მიშას დროს, ისე მის შემდეგაც.

„ერთხელ ჭიათურაში გახლდით ჩასული. უკან რომ ვბრუნდებოდი, რამდენიმე სოფელი გამოვიარეთ და ვნახეთ, ყველა სახლი ერთნაირი კრამიტით იყო გადახურული, რაც თურმე ბიძინას ფულით გაკეთდა. არც იმას გამოვრიცხავ, ივანიშვილი ბიზნესსაც ახორციელებდეს საქართველოში, რათა არ დაკარგოს თავისი კაპიტალი, მაგრამ ესეც ნორმალურია. უბრალოდ, საარჩევნო წლის განმავლობაში ამგვარი აქციები არ უნდა ჩატარდეს“.