ბესო სურმავა, რომელიც 10 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო და რომლის სახელითაც ინტერნეტში «ოცნების» ლიდერთა ფარული საუბრები გავრცელდა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუჩინარდა. ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ გამოვიდა სურმავა „შუშის სასახლიდან“, თავისი ნებით ჩაჯდა მანქანაში და უცნობ პირებთან ერთად გაემგზავრა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ, 8 დღის განმავლობაში, არაფერი იცოდა არც ოჯახმა, არც – საზოგადოებამ და არც – შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
27-28 სექტემბერს, სოციალურ ქსელში სურმავას სახელით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ისმის კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრების ერთმანეთისა და ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რბილად რომ ვთქვათ, უპატივცემულო და უდიერ დამოკიდებულების გამომხატველი სიტყვები. თვითონ სურმავა კამერის წინ აცხადებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, ივანიშვილმა დაავალა ,,ქართული ოცნების» წევრების საუბრების ფარული აუდიო-ჩანაწერების გაკეთება. ამასთან, ვიდეომიმართვაში სურმავა ამბობდა, რომ კოალიციის მხარდამჭერთათვის ძნელი მოსასმენი იქნებოდა ყველაფერი ეს, მაგრამ უნდა, რომ ,,პირნათელი იყოს ხალხის და ქვეყნის წინაშე». ფარულ ჩანაწერებში გუბაზ სანიკიძე ივანიშვილსა და ბერას ლანძღავს, გია ხუხაშვილი – რამაზ საყვარელიძესა და „რესპუბლიკურ პარტიას“, ირაკლი ღარიბაშვილი – თინა ხიდაშელს, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილზე, ეკა ბესელია კი, ზაქარია ქუცნაშვილზე საუბრობს.
თავის დროზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურმავა ხონის პოლიციაში ჰყავდათ და მისი ვიდეომიმართვაც იქიდან გაკეთდა. სურმავას ცოლისძმა ნიკა სანოძე, ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი, მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა და პოლიტიკურ შეკვეთად აფასებდა ნათესავის გაუჩინარებას. შს სამინისტროში სურამავას გაუჩინარებაზე შეტანილი განაცხადის შემდეგ, ოჯახში არ მისულა გამომძიებელი საქმის გასარკვევად.
ბესო სურმავას მეუღლე, მაკა ლობჟანიძე აცხადებდა, რომ მის ქმარზე პოლიტიკური ზეწოლა განხორციელდა და იგი გატაცებულია, ხოლო ვიდეომასალა – ფალსიფიცირებული. ცოლს არაბუნებრივად ეჩვენა მეუღლის საუბრის მანერა და ამტკიცებდა რომ იგი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, რაზეც მიუთითებდა გაფართოებული თვალის გუგები, არაადექვატური ქცევა ტელეფონზე საუბრის დროს. გარდა ამისა, მეუღლის მტკიცებით, ბესოს საკმაოდ ზედაპირული შეხება ჰქონდა კომპიუტერთან და ვერ შეძლებდა, რომ „იუთუბიზე“ მასალები აეტვირთა.
3 ოქტომბერს ბესო სურმავა შინ დაბრუნდა. ოჯახის წევრები ამტკიცებდნენ, რომ მას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ დაღლილი და ნაწამები სახე საპირისპიროს ამტკიცებდა. არაფერზე ლაპარაკობდა და, მეუღლის თქმით, დასასვენებლად წავიდა. ისიც ითქვა, დასვენების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაო. თავის მხრივ, ივანიშვილმა ფარულ ჩანაწერებს „ფაბრიკაცია“ უწოდა.
დამთავრდა საარჩევნო ისტერია, პარლამენტი შეიკრიბა, კოალიციის წევრები საზოგადოების წინაშე ერთმანეთის მიმართ მხოლოდ პატივისცემას გამოხატავენ, მაგრამ არავის ახსენდება, სად არის ბესო სურმავა? არადა, სახეზეა დანაშაული, რომლის გამოძიება შეეძლო მოეთხოვა ოჯახს, რომ არაფერი ვთქვათ, გააქტიურებულ ქართულ საზოგადოებაზე.
„ქართულმა სიტყვამ“ კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს შეკითხვით მიმართა: სად არის ამჟამად ბესო სურმავა და აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე მისი გატაცების გამო?
შალვა შავგულიძე, ადვოკატი, „ქართული ოცნების“ წევრი, ვაკის მაჟორიტარი: „ბესო სურმავა?.. ვინ არის ბესო სურმავა?.. ააა... გამახსენდა... არა, არაფერი ვიცი, მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. იქნებ, შალვა თადუმაძეს ჰკითხოთ“.
შალვა თადუმაძე, პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო მდივანი: „ბესო სურმავას საქმესთან არანაირი შეხება არ მქონია. ვერ გეტყვით, სად შეიძლება იყოს, ალბათ, ოჯახს უნდა ჰკითხოთ, სად არის. მაპატიეთ, ვერაფრით დაგეხმარებით“.
ამის შემდეგ პარლამენტარ ეკა ბესელიას მივმართეთ, რომელიც ჩვენმა შეკითხვამ ფრიად გააკვირვა:
ქალბატონო ეკა, ვერ მეტყვით, სად არის ბესო სურმავა, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე მისი გაუჩინარება-გატაცების თაობაზე?
– ბესო სურმავა?.. არა, არაფერი ვიცი მის შესახებ. იქნებ, პრესსამსახურს მიმართოთ.
რომელ პრესსამსახურს, ქალბატონო ეკა?
– ხომ გითხარით, არაფერი ვიცი მის შესახებ.
რატომ დაავიწყდათ „ქართული ოცნების“ წევრებს ბესო სურმავა? ვინ და რა მიზნით გაიტაცა იგი არჩევნების წინ? რატომ არავინ თხოვს პასუხს იმ ფარული ჩანაწერებისთვის, რომლებიც, აშკარად, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მცდელობა იყო? ამ შეკითვებზე პასუხების მისაღებად „ქართული სიტყვა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოსაც დაუკავშირდა.
ლალი ლაშხი: „ბესო სურმავა? კი, მაგრამ ეგ ხომ დაბრუნდა ოჯახში?“
ლალი ლაშხმა მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოსთან, კერძოდ, ლელა აბრამიშვილთან გადაგვამისამართა. ქალბატონმა ლელამ კი, განაცხადა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე (ელფოსტის მეშვეობით) შეუძლია, გასცეს ინფორმაცია...
მოკლედ, ბესო სურმავას ისტორია, არჩევნების შემდეგაც, როგორც ჩანს, ისევ ბურუსითაა მოცული...