კვლავ გაურკვეველი რჩება, თუ საიდან დაფინანსდება თბილისელთა სოციალური შეღავათებისა და დაზღვევის პროგრამისათვის საჭირო ხარჯი, რომელიც, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ ბიუჯეტს უნდა გაეწია. ახალმა მთავრობამ 2012 წლის 19 ოქტომბრამდე არსებული სტატუსკვოს აღდგენა გადაწყვიტა და პროგრამის დაფინანსება დედაქალაქის თვითმმართველობას დაავალა. ვითარებაში სიცხადე ვერ შეიტანა 9 ნოემბერს გამართულმა მთავრობის სხდომამ, რომელშიც მონაწილეობის მიღებაზე უარი ეთქვა თბილისის მერს გიგი უგულავას.
საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია თითქმის ორი კვირაა ვერ თანხმდებიან საკითხზე, რომელიც ასობით ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქის მომავალს ეხება. თბილისის მერის გიგი უგულავას თქმით, მთავრობის სხდომაზე მისი მისვლის უმთავრესი მიზეზიც შექმნილი ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა იყო:
„არ მივსულვარ იმისათვის, რომ რაიმე შოუ მოგვეწყო. მივედით კონსტრუქციული განწყობილებით, რომ საკითხი, რომელიც ეხება 600 ათასი თბილისელის შეღავათიან მგზავრობას, 4 ათასი მრავალშვილიანი თბილისელის ოჯახს, 90 ათასი ადამიანის ჯანმრთელობას, ეხება ყველა სტუდენტს, პენსიონერსა და პედაგოგს - ამ საკითხში გავრკვეულიყავით, ჩამოვყალიბებულიყავით, მაგრამ პასუხად მივიღეთ ის, რომ თურმე დღის წესრიგში ეს საკითხი არ არის“.
გიგი უგულავას თქმით, საკითხის განხილვაზე უარი პირადად პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ასევე ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა მისგან სუბორდინაციის დაცვა და სხდომის დატოვება:
„განხილვა არ ყოფილა. როცა გადავწყვეტთ ამ საკითხის განხილვას, მაშინ შეგატყობინებთო. ასეთი პასუხი არის ცინიზმის მწვერვალი... ეს შენობა ნელ-ნელა გადაიქცევა ქაჯეთის ციხედ, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანის საამებლად მოხდება ყველაფერი“.
მოგვიანებით თბილისის მერიამ გიგი უგულავასა და ბიძინა ივანიშვილის კამათის ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება მოითხოვა. უგულავას თქმით, პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებდა სოციალურად დაუცველთა საკითხის განხილვას. თბილისის მერის ამ განცხადების პასუხად, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ის მიზეზი დაასახელა, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ არ ჩათვალა დედაქალაქის მერის მთავრობის სხდომაზე დასწრება:
„ქალაქის მერი მთავრობის წევრი არ არის. შესაბამისად, მთავრობის წევრების გარდა სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მოწვეულები არიან. ქალაქის მერი მოწვეული არ ყოფილა და ამიტომ მას არ ჰქონდა სხდომაზე დასწრების უფლება. ამდენად, პრემიერმა მოსთხოვა, დაეტოვებინა მთავრობის სხდომის დარბაზი“.
ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა თბილისის მერის განცხადების იმ ნაწილზეც, რომელიც პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს შეეხება. ნოდარ ხადურის თქმით, დაფინანსების წყაროს თვალსაზრისით სადავო და საკამათო არაფერია. მისი განმარტებით, ეჭვს იწვევს მხოლოდ მერიის გადაწყვეტილება:
„არაფრის განხილვას ახლა აზრი არ აქვს. ერთადერთი არის ის, რომ ქალაქის მერიამ აღადგინოს ის ვალდებულებები, რაც ჰქონდა და მთავრობისკენ თითის გამოშვერას დაანებოს თავი. გადავუგზავნი მთავარ პროკურორს დოკუმენტს, რათა გავარკვიოთ, რატომ, რის საფუძველზე მიიღო 12 ოქტომბერს ქალაქის მერიამ გადაწყვეტილება ხარჯები ჩამოეჭრა ქალაქის სოციალური პროგრამებისათვის და დაეფინანსებინა მშენებლობები“.
თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ ქალაქი პროგრამის დამოუკიდებლად დაფინანსებას ვერ შეძლებს და რომ საჭიროა კომპრომისული გამოსავლის მოძებნა, რასაც, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ამბობს, შეგნებულად ეწინააღმდეგება ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებზე ზეწოლას ახორციელებს.
„თბილისის მერიასთან დაკავშირებული პრობლემაც ლოგიკური გაგრძელებაა ყველა იმ წინა მცდელობისა, რომელიც ითვალისწინებდა არაკანონიერი გზით, მუქარით ჩარევას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და ზეგავლენის მოპოვებას იმ შტოებში, სადაც ჩარევის არავითარი კონსტიტუციური უფლება არ გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას“, - უთხრა ჩიორა თაქთაქიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მთავრობასა და თბილისის მერიას შორის მიმდინარე დავა, ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის თქმითაც, ტექნიკურზე მეტად პოლიტიკური ელფერის მატარებელია. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი აბაშიშვილის თქმით, საფუძვლიანია შეკითხვა იმის თაობაზე,თუ რამდენად რაციონალურად ხარჯავს თბილისის მერია ბიუჯეტს, მაგრამ, პარალელურად, საქართველოს მთავრობასა და თბილისის მერიას შორის უფრო კვალიფიციური დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს.