"8 ნოემბერს თბილისი ყვითელი ავტობუსების გარეშე შეხვდა. წინა დღეს მერიასთან გამართული გამაფრთხილებელი აქციის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სამივე ავტოპარკის 1300-ვე მძღოლმა გაფიცვა გადაწყვიტა. 17-პუნქტიანი მოთხოვნების პაკეტი, სადაც მძღოლები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, 8 ნოემბრის დილას მერიას აახლეს და გააფრთხილეს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. სანამ მძღოლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ, მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე დარჩენილი თბილისელები სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილდებიან, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. "ვერსიის" ინფორმაციით, მძღოლებისა და რკინიგზელების შემდეგ გაფიცვისთვის მეტროპოლიტენის თანამშრომლების ემზადებიან", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით არავითარი საბოტაჟი! ეს არის წმინდა წყლის სოციალური მოთხოვნები!" / ავტობუსის მძღოლებთან ერთად მეტროს თანამშრომლებიც გაიფიცებიან?!
"ავტობუსის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ტყუილია, თითქოს მძღოლები ხელფასის 200%-ით გაზრდას ითხოვენ. მოთხოვნებში წერია გაორმაგება, რაც 200%-ით გაზრდას არ ნიშნავს. მძღოლი ხელფასს საათობრივი მუშაობით ღებულობს, ზოგს 600 ლარი გამოსდის, ზოგს 700. ეს კი იმ დატვირთვის პირობებში, რაც ამ ადამიანებს აქვთ, სასაცილოა... მძღოლები დღესვე არ ითხოვენ ყველა პრობლემის მოგვარებას და ესმით, რომ შრომითი პირობების გაუმჯობესებას დრო სჭირდება. უნდათ, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს მძღოლების მოთხოვნების გაითვალისწინონ. არავის უხარია გაფიცვები, მით უმეტეს ამ ხალხს ყოველდღიურად სულ ცოტა 80 ლარი აკლდება, მაგრამ როცა სხვა გზას არ გიტოვებენ, რა უნდა ქნა?" - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მძღოლთა გაფიცვის ორგანიზატორი, ტრანსპორტის პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია.
"ეს არის წმინდა წყლის სოციალური მოთხოვნები და არავითარი საბოტაჟი. რაღაც გაურკვეველ ერთი კაცის პარტიებს უნდათ, რომ ამ გაფიცვებს ეს მიმართულება მიეცეს, მაგრამ არ გამოუვათ. ვერავინ იტყვის, რომ მძღოლები აქამდე ჩუმად იყვნენ და ახლა ამოიღეს ხმა. ყველა ახსოვს გაფიცვებვი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩვენც გვდევნიდნენ, გვიჭერდნენ და გვცემდნენ" , ამბობს ლავრენტი ალანია და შეკითხვას - "ასე თუ ისე, ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის ზღვარზეა. ვინ იქნება შემდეგი, მეტროს თანამშრომლები ხომ არა?" - პასუხობს:
"მეტროს თანამშრომლებსაც აქვთ თავისი მოთხოვნები გაგზავნილი მერიაში და მოლაპარაკების რეჟიმში არიან, მაგრამ გაიფიცებიან თუ არა, არ ვიცი. მე არც ავტობუსების მძღოლების გაფიცვას ველოდი. წუხელ ღამით გადაწყვიტა ყველა ავტოფარეხის მძღოლმა, რომ დღეს არც ერთს არ გამოეყვანა მანქანა. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ და ზეგ, მაგრამ ვიცი, რომ შექმნილი ვითარება მალე უნდა მოწესრიგდეს, უნდა მოხდეს მოლაპარაკება და ქალაქში ტრანსპორტის ნორმალური მოძრაობა აღდგეს".
"ამ ეტაპზე მძღოლებთან შეხვედრები მიმდინარეობს და მათ მოთხოვნებზე ვმუშაობთ. ჩვენ მრავალი წლის მანძილზე ვქმნიდით იმ მეურნეობას, რასაც ავტობუსები ჰქვია და ყველაზე მეტად გვინდა, თითოეულ მძღოლს საუკეთესო პირობები ჰქონდეს. დღეის მდგომარეობით, წარმოდგენა არ მაქვს რა ბიუჯეტი ექნება ქალაქს. პასუხი ზუსტად გვეცოდინება ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ. მანამდე კი ყველაფერი უნდა გადავიდეს ცივილიზებულ ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში ასეც მოხდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრიასას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე და შეკითხვას - "როდისაა ეს "უახლოესი ხანები" - ხვალ, ზეგ თუ ერთი კვირის მერე?" - პასუხობს:
"ახლა არის გაფიცვა, არსებობს მძღოლების მოთხოვნები, რაზეც ვმუშაობთ და ავტობუსების მოძრაობა უახლოეს ხანებში აღდგება. რაც შეეხება მეტროპოლიტეს - მეტრო და ავტობუსი ერთი. შესაბამისად, იქ დასაქმებულ თანამშრომლებს თითქმის ერთი და იგივე მოთხოვნები აქვთ. ასე რომ მნიშვნელობა არ აქვს, გაიფიცება თუ არა მეტრო. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელი მუშაობს იმისთვის, რომ ტრანსპორტის მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგეს".
"8 ნოემბერსვე ქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა იმ სიტუაციის გამო, რომელიც ავტობუსის მძღოლების გაფიცვამ გამოიწვია. "ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ერთი კოლექტივი. მომავალი წლის ბიუჯეტი უკვე ახალი მთავრობის პრეროგატივაა. მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ აქციის მონაწილეების მოთხოვნები და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ", - განაცხადა უგულავამ მოგვიანებით მძღოლებმა გენპროკურატურაში შესაბამისი მიმართვა შეიტანეს და მოითხოვეს, დაიწყონ გამოძიება თბილისის სატრანსპორტო სისტემაში ჩადენილი კანონდარღვევების აღმოჩენის მიზნით. უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, გიგი უგულავას, აკაკი ჯოხაძის, სატრანსპორტო სამსახურის ყოფლი ხელმძღვანელის ბესო ჩიკვილაძის და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის ქმედებების შედეგია, რომ მძღოლები გაფიცვამდე მივიდნენ, ამიტომ "მათ წინააღმდეგ უნდა დაიწყოს გამოძიება, რათა დაისაჯონ დამნაშავეები", - აღნიშნავს გამოცემა.