ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და მიუნხენურ კლუბში მუშაობაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„უახლოესი დღეების განმავლობაში დოჰაში ვიქნები, შესაბამისად, მომდევნო კვირაში შეხვედრაზე შევთანხმდით. ოთხშაბათს „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დამირეკა, მე კი ტელეფონთან არ ვიყავი. მე მოგვიანებით გადავურეკე, როდესაც ის „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიდიოდა და საჭესთან იჯდა. 4-5 წუთიანი საუბრის დროს მან მითხრა, რომ უახლოესი ორი მატჩის დროს გუნდს ჰანს-დიტერ ფლიკი უხელმძღვანელებს. მან მკითხა, ვარ თუ არა დაინტერესებული „ბაიერნში“ მუშაობით, ვინაიდან ისინი მწვრთნელს ეძებენ. მე კი პასუხისთვის დრო ვითხოვე, იმიტომ რომ ამაზე საერთოდ არ მიფიქრია“, - განაცხადა ვენგერმა Bეინ შპორტს-თან საუბარში.
„ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი თანამდებობიდან 3 ნოემბერს გაათავისუფლეს, თუმცა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოგვიანებით განაცხადა, რომ არსენ ვენგერის კანდიდატურა არ განიხილება.
ვენგერი ლონდონის „არსენალში“ 22 წლის განმავლობაში მუშაობდა, სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, და შვიდჯერ - ინგლისის თასი. ლონდონური კლუბი მან 2018 წლის ზაფხულში დატოვა.