2018 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს თითქმის 200 მილიონით აჭარბებდა. ასეთი რამ საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა. ეს ორ რამეზე მიუთითებს - ემიგრაციის მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება და ინვესტორების ნდობა საქართველოსადმი - მცირდება.
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის - „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, 2015-18 წლებში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემოდინება ქვეყანაში უფრო სტაბილური პროცესია, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსულ ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას, თუმცა, 2018 წელს სურათი შეიცვალა.
საერთაშორისო ფულადი გზავნილები განვითარებად ქვეყნებში უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. თუმცა, ფაქტს, რომ ფულადი გზავნილები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აჭარბებს, საგანგაშოდ მიიჩნევს „ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი“ პაატა შეშელიძე.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად არის შეზღუდული და შემცირებული. საქართველო არ არის ხელგაშლილი ინვესტორების მიმართ და ეს მთავრობის ნებართვის გარეშე იშვიათად ხდება. სასაცილოც კი არის, მაგრამ მე მახსოვს ეკონომიკის სამინისტროში საგანგებოდ შეიქმნა სპეციალური თანამდებობა, რომელიც აქტიურად იქცა ინვესტიციების მაკონტროლირებელ მექანიზმად. სწორედ ეს არის ამ ყველაფრის შედეგი. აბა, როგორ შეიძლება განვითარებად, ჯანსაღ ქვეყანაში საერთაშორისო ფულადი გზავნილები იყოს უფრო დიდი შემოსავლის წყარო და უცხოური ვალუტის შემოდინების მექანიზმი, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?
საგანგაშო მდგომარეობაა კიდევ ერთი მიმართულებით და კიდევ ერთი მაჩვენებლის მხრივ. ამის შესახებ თავიდანვე ვამბობდი და აშკარა იყო, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით, სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს“, - აღნიშნა პაატა შეშელიძემ.
„საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ თანახმად, ბოლო ოთხ წელში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32%-ით გაიზარდა. ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში კვლავ რუსეთიდან შემოდის.
ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარება საგანგაშოდ სულაც არ მიაჩნიათ მთავრობაში. ის კი არა, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს ჰგონია, რომ შარშან საქართველომ „ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო“. მოგვიანებით, მან ნათქვამი შეასწორე, მაგრამ საინვესტიციო კუთხით რომ პრობლემებია, ეს არც მერე უღიარებია.
„მე მახსოვს, რომ ჩვენი ინვესტიციების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა კლება ინვესტიციების ნაწილში, ეს არის კლება, რომელიც კონკრეტულ ვადებთანაა დაკავშირებული. ასევე ამას ჰქონდა ახსნა - კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დასრულების ფაზასთან დაკავშირებით, მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა არის პოზიტიური“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
საინვესტიცი კუთხით რომ რთული ვითარებაა ამას არა მარტო ქართველი ექსპერტები, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც ადასტურებენ, ოღონდ მათი დაკვირვებით, ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის. ასეთი ტენდენციაა ბოლო დროს მთელ მსოფლიოში. როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი არანჩა გონსალესი აცხადებს, ნდობა ყველგან შემცირებულია.
„რეალობა ისაა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშკარაა. ეს არის იმ ტურბულენტურობის შედეგი, რომელიც დღეს მსოფლიოშია. ვხედავთ შემცირებულ ეკონომიკურ ზრდას, კლებას ვაჭრობაში, ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, რაზეც ბევრს არ ვსაუბრობთ. ავიღოთ 2019 წლის პირველი ნახევარი. საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით 20%-იანი კლება გვაქვს წინა წელთან შედარებით. ასე რომ, ჩემთვის სიურპრიზი არ არის, რომ საქართველოსაც იგივე პრობლემები აწუხებს, რაც მთელს მსოფლიოს. მიზეზი ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ნდობა შემცირებულია. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაბრუნოთ ნდობა და რწმენა ინვესტორებში“, - განაცხადა არანჩა გონსალესმა.