რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარ მრჩეველთან, მექა ხანგოშვილთან ქართულ-ჩეჩნურ ურთიერთობებზე საუბარი ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ოჯახის ამჟამინდელი ადგილსამყოფელით დავიწყეთ:
- ჯოხარ დუდაევის უმცროსი ვაჟი დეგი ლიტვაში ცხოვრობს, უფროსი - ავლური და ქალიშვილი დანა თავიანთი ოჯახებით - შვედეთში, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა; ქალბატონი ალა დუდაევა კი კვლავ თბილისშია, მას საქართველოს მოქალაქეობა აქვს.
- როგორ შეაფასებთ ამჟამად ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესებს? არსებობს მოსაზრება, რომ დღეს კავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობის ეპიცენტრმა დაღესტანში გადაინაცვლა, რომ ჩეჩენი ხალხი "დაიღალა" და ა.შ...
- 400 წელია ჩეჩნეთი ომის პირობებში ცხოვრობს, ყოველ 50 წელიწადში ერთხელ ჩვენი ერის გენოფონდი განადგურების საფრთხის წინაშე დგება. ვაინახებს - ჩეჩნებსა და ინგუშებს - ძალზე მძიმე ისტორიული ბედი გვერგო წილად. დროდადრო, მშვიდობიანი პერიოდი აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ისეთი მცირერიცხოვანი ხალხის გენოფონდი, როგორც ჩეჩნები ვართ, შეივსოს, ძალა მოიკრიბოს; გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩეჩნეთის ამჟამინდელ ლიდერს, რამზან კადიროვს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, კარგად გაწვრთნილი არმია ჰყავს, რომელიც კარგად იცნობს იქაურ ლანდშაფტს, ამიტომ წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლებმა, ძირითადად, ინგუშეთსა და დაღესტანში გადაინაცვლეს.
- საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩეჩნურ-ქართული ურთიერთობები?
- 1944 წელს ჩეჩენი ხალხის მასობრივმა რეპრესიამ, გადასახლებამ ყაზახეთსა და ციმბირში ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დააყენა, მისი 70 პროცენტი განადგურდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დეპორტაციისას მხოლოდ საქართველოში მცხოვრები 10000 ქისტი (ჩეჩნები და ინგუშები) არ გადაასახლეს, საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. ხოლო როდესაც ე.წ. "ოტტეპელის" შემდეგ ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, მხოლოდ ქართველებმა დაუბრუნეს მათ თავიანთი სახლ-კარი, კერა. დაეხმარნენ, ხელახლა დაეწყოთ ცხოვრება. ამ თემაზე გენიალურმა პოეტმა Gგაბრიელ ჯაბუშანურმა შექმნა ლექსების ციკლი: "ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო", რაც ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობების ძეგლია, ვაინახებმაც კი ვერ შეძლეს თავისი მწუხარების ასე პოეტურად გამოხატვა. თუმცა, ცხადია, ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობები ასე ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა, ის არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. 1990-იან წლებში ჩეჩნების ერთი ნაწილის მონაწილეობას აფხაზეთის ომში დღესაც აქტიურად განიხილავენ სოციალურ ქსელებში, მითი რომ ჩეჩნები აფხაზეთში ქართველების თავებით თამაშობდნენ დღემდე დამსხვრეული არ არის, და ა.შ. არადა, არ არსებობს ამის დამადასტურებელი არავითარი ფაქტობრივი მასალა, ან თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება, მით უმეტეს, რომ ვაინახისთვის წმიდათაწმიდაა ცხედარი, მოწინააღმდეგისაც კი. გამორიცხულია, ვაინახმა ცხედარი შეურაცხყოს. არც სხვას აპატიებენ თანამემამულის ცხედრის შეურაცხყოფას. და რაც მთავარია, აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ იყო ჩეჩენი ხალხის, მისი პრეზიდენტის ნება. იმხანად გროზნოში ვცხოვრობდი, პრეზიდენტმა დუდაევმა ტელევიზიით რამდენჯერმე მოუწოდა თანამემამულეებს, არ წასულიყვნენ საბრძოლველად აფხაზეთში; მახსოვს, როცა ჩვენს მეზობლად აფხაზეთის ომში დაღუპული ახალგაზრდა მებრძოლი მოასვენეს, მამამ მისი სახლში შესვენების უფლება არ მისცა, მან თქვა: ჩემთვის მზე სამხრეთიდან (საქართველოს გულისხმობდა) ამოდისო. საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იხსენებს: "გროზნოში ემიგრაციისას ძალზე განვიცდიდი, როგორ შევხვდებოდით პირველ აღდგომის დღესასწაულს მუსლიმურ სამყაროში და ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩვენთან მოსულმა ჩეჩნებმა პირველი სიტყვები, რაც გვითხრეს, იყო: "ქრისტე აღდგა!" ჩვენს ურთიერთობაში იყო შავი ლაქებიც, მესამე ძალის ჩარევით; რად ღირს ჰაიბახის ტრაგედია, როცა ბერიას ბრძანებით, უშიშროების პოლკოვნიკმა მიხეილ გვიშიანმა (რომელმაც მერე ამ სპეცოპერაციისთვის გენერლის წოდება მიიღო) ერთ-ერთ მთიან აულში 700 ჩეჩენი ქალი და ბავშვი შეყარა საჯინიბოში და ცეცხლი წაუკიდა, ვინც გარეთ გამოღწევას მოახერხებდა, იქვე ხვრეტდნენ... მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვიწია ბეწვის ხიდზე გავლა, უნდა შევინარჩუნოთ ის ძმობა, რაც ჩვენმა წინაპრებმა მხრებით ზიდეს. კრიმინალს ეროვნება არა აქვს.
- როგორ შეაფასებთ ლაფანყურის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს?
- ვიმედოვნებ, ახალი ხელისუფლება ლოპოტას ხეობაში დატრიალებულ ტრაგედიას ობიექტურად გამოიძიებს და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა...
გამოძიების დამთავრებამდე ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებ, ველოდები გამოძიების მიერ ფაქტების დადებას და, ვფიქრობ ბევრი რამ, რაც დღემდე უცნობია, გამოაშკარავდება და ჩემს სათქმელსაც აუცილებლად ვიტყვი. ბოლო ორ ომში ჩეჩნებმა 400 000 ადამიანი დავკარგეთ და, ალბათ, იმ რამდენიმე ადამიანის დაღუპვასაც გადავიტანდით, რომ არ ყოფილიყო ცხედრებით ყოვლად უკადრისი ვაჭრობა და ღალატი; ზემოთ ვისაუბრე, როგორი წმიდათაწმიდაა ჩვენთვის ცხედარი. როგორც კი ამ სპეცოპერაციის მსხვერპლთა ვინაობა გამჟღავნდა, თბილისიდან პანკისის ხეობაში დარეკეს და თქვეს, რომ 7 საფლავი უნდა გათხრილიყო, მათ შორის სამი - ადგილობრივი ქისტებისთვის; დანარჩენი ოთხიდან სამი - ეთნიკური ჩეჩენი იყო, რუსეთის მოქალაქე, ერთი კი - ლეკი, რომელიც მეგზური იყო. ისლამური ტრადიციისთვის მიუღებელია, როცა დილით სამარეს თხრი და მას საღამომდე არ ამოავსებ, არადა, ტელევიზიით აცხადებდნენ, ყველაფერი ისლამური ტრადიციების დაცვით გავაკეთეთო. რაც შეეხება 4 ცხედარს, რომელიც ახლახან მიასვენეს პანკისის ხეობაში, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი სახელდახელოდ, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ერთ-ერთ სოფელში დაკრძალეს, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მებრძოლები თბილისის აეროპორტის გზაზე, უპატრონოთა სასაფლაოზე დამარხეს. როცა ამ საქმის შემსრულებლებმა შეიტყვეს, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალა არსებობდა, ცხედრები სასწრაფოდ პანკისის ხეობაში დააბრუნეს. ყოფილი ხელისუფლება დიდხანს გვევაჭრებოდა ამ ცხედრებით, იმუქრებოდნენ, რომ მათ ტერორისტების იარლიყს მიაკერებდნენ; მშობლებს შვილები მოუკლეს და მათი გლოვის უფლებასაც არ აძლევდნენ, ასეთი რამ რუსებსაც არ ჩაუდენიათ!
- ამჟამად ამ სპეცოპერაციისას დაკავებული ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს...
- ჩატაევის სასამართლო პროცესს უამრავი გულშემატკივარი ესწრება, მათ შორის, პანკისის ხეობიდან ჩამოსული მისი მეუღლე მცირეწლოვანი ბავშვით. ვიმედოვნებდით, რომ ჩატაევს აღმკვეთ ღონისძიებას გირაოთი შეუცვლიდნენ, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ჩატაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია: მას ცალი ხელი რუსებმა მოკვეთეს; ლაფანყურის სპეცოპერაციისას კი სნაიპერმა ესროლა და შემდეგ, ფეხი მოკვეთეს. აღსანიშნავია, რომ ჩატაევი თბილისიდან შუამავლად თვითონ ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა წაიყვანეს. იცოდნენ, რომ მას დიდ პატივს სცემდნენ ალყაში მოქცეული მებრძოლები, რომლებმაც ჩატაევს უთხრეს, რომ მზად იყვნენ უკან, პანკისის ხეობაში დაბრუნებულიყვნენ და იქ დაეყარათ იარაღი, რაც სამართალდამცავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა... სნაიპერმა ჩატაევი ფეხში სწორედ მაშინ დაჭრა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, სანდრო ამირიძის თქმით, ისინი ბაჩო ახალაიასგან საბოლოო პასუხს ელოდნენ. შემდგომში პროცესები ისე განვითარდა, რომ მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.. ახლა მას განგრენის ნიშნები აქვს და სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. საინტერესოა, სად გაექცეოდა გამოძიებას ხელფეხმოკვეთილი ჩატაევი, რომელიც ყავარჯნებითაც კი ვერ გადაადგილდება?! რით იხელმძღვანელა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ, როდესაც ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა? მან ამ არაადამიანური გადაწყვეტილებით, უღირსი ნაბიჯით არა მარტო ახმედ ჩატაევს, არამედ საკუთარ თავს გამოუტანა სამუდამო განაჩენი. პანკისის მოსახლეობა იმედს იტოვებს, რომ ეს ძველი პროკურატურის, სასამართლოს რეციდივია და სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
- ბოლო ხანს ლაპარაკია ჩეჩნების მხრიდან შესაძლო შურისძიებაზე...
- ჩეჩნური მენტალიტეტისთვის მიუღებელია, მოძმის ღალატი, ასევე დაუმსახურებელი ღალატის მიტევება; თუმცა, ეს დაუწერელი კანონი უშუალოდ დანაშაულის ჩამდენს ეხება და არა მთელ ერს. ამიტომ ჩეჩნების მხრიდან ტერაქტებზე საუბარი ყურით მოთრეულია, თუმცა, ამ დანაშაულის უშუალო ჩამდენებს მთელი ცხოვრება არ მოასვენებს დაღვრილი სისხლი...
- თქვენ რამდენიმე ყოფილი მინისტრის მრჩეველი იყავით... რა შეიცვალა თქვენთვის ამ თანამდებობაზე პაატა ზაქარეიშვილის მოსვლის შემდეგ?
- საჯარო სამსახურში ყოფნა ჩემთვის ეროვნული უმცირესობების, საერთოდ, ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის გზაა. ყოფილი მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის პირველ მოადგილეს, ირაკლი ფორჩხიძეს ვუთხარი, რომ ჩემთვის მთავარი ჩემი ხალხის უფლებებისთვის ბრძოლაა, პირველი ვიქნები, ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობის წინააღმდეგ... ამ თვალსაზრისით, ხელისშეშლა არ მქონია და მით უმეტეს, არა მგონია, პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობისას მოხდეს ამგვარი რამ. და თუ მსგავსი რამ მოხდება, ერთი წუთითაც არ დავფიქრდები, ისე დავტოვებ საჯარო სამსახურს. ჩემთვის ჩემს ღირსებასა და ხალხზე მაღლა უფლის გარდა არავინ დგას. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალმა მინისტრმა თათბირი გამართა, ყველა თანამშრომელს ერთად შეგვხვდა, მასთან ცალკე შეხვედრა არც მიცდია, დარწმუნებული ვარ, მას კარგად აქვს გათავისებული ქართულ-ჩეჩნური, კავკასიური პოლიტიკის მნიშვნელობა, მით უმეტეს, დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით.