ქალაქი ყვითელი ავტობუსების გარეშე

ქალაქი ყვითელი ავტობუსების გარეშე

8 ნოემბერს თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების ზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. ამ დროისათვის ქალაქში არსებული სამივე ავტოპარკი და 1300 მძღოლი გაფიცულია. მძღოლების განცხადებით, გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. როგორც მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, სახელფასო ბიუჯეტი ამ ეტაპზე არ იძლევა ხელფასის გაზრდის შესაძლებლობას, ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორი კი მძღოლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს, რასაც ამ ეტაპზე მძღოლები არ სთანხმდებიან. როდის აღდგება დედაქალაქში ყვითელი ავტობუსების მოძრაობა?

8 ნოემბრის დილას ავტობუსის გაჩერებაზე გამოსულ წიგნების გამყიდველს დიდხანს მოუხდა ყვითელი ავტობუსის ლოდინი, მაგრამ უშედეგოდ. ყვითელი ავტობუსი 8 ნოემბრის დილას თბილისში არ გამოჩენილა. გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოები კი, სადაც მგზავრები ავტობუსების განრიგს ეცნობიან, მხოლოდ საათს აჩვენებს: ”ვიდექი, დიდხანს ვიდექი. არც კი ვიცოდი, გაფიცულები რომ იყვნენ. წიგნების წამოსაღებად უნდა მივსულიყავი ოჯახში, მაგვიანდებოდა და იძულებული გავხდი ტაქსი გამეჩერებინა. არადა, სად გვაქვს ტაქსის ფული? ჩვენთვის ყველაზე იაფი ტრანსპორტი ავტობუსი და მეტროა და ესენი თუ გაიფიცებიან, რაღა გვეშველება”...
ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ? ჩვენც გვინდა საპირფარეშოში წასვლა. ქალაქში არც ერთ ბოლო გაჩერებაზე არ არის სველი წერტილი ...
თენგიზ ბაბლიაშვილი

მუნიციპალური ავტუბუსების მძღოლებმა განცხადება მოსალოდნელი გაფიცვის თაობაზე ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთეს. გაფიცვის სავარაუდო თარიღად მაშინ 12 ნოემბერი დასახელდა, თუმცა 1300-მა მძღოლმა ავტობუსის საჭესთან დაჯდომაზე უარი 8 ნოემბერს თქვა, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი ისინი უვადო გაფიცვის შესახებ ლაპარაკობენ. ხელფასების გაზრდა, სამუშაო პირობების გაუმჯობესება, თბილისის მერისა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლება - ეს ის მოთხოვნებია, რომლის შესახებაც ისნის ავტოპარკთან შეკრებილი მძღოლები რადიო თავისუფლებას ესაუბრებიან. ერთ-ერთი მძღოლი, თენგიზ ბაბლიაშვილი, ყურადღებას განსაკუთრებით სამუშაო პირობებსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ დაწესებულ ჯარიმებზე ამახვილებს. გასულ თვეში თენგიზ ბაბლიაშვილის ჯარიმამ 170 ლარი შეადგინა, მაშინ როცა მისი ხელფასი მხოლოდ 500 ლარს აღწევს:

”ადამიანები ვართ, რობოტები ხომ არ ვართ? ჩვენც გვინდა საპირფარეშოში წასვლა. ქალაქში არც ერთ ბოლო გაჩერებაზე არ არის სველი წერტილი. ამიტომ იძულებული გავხდი, რომ შორს გავსულიყავი და უკან მობრუნება ორჯერ 5-5 წუთით დამაგვიანდა და არც კი გამაფრთხილეს, ისე ჩამომაჭრეს 171 ლარი”, - ამბობს თენგიზი.

 20 წუთიანი შესვენება საშუალოდ 13 საათიანი სამუშაო დღის განმავლობაში - ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის შესახებაც ისნის ავტოპარკთან შეკრებილი მძღოლები ერთხმად საუბრობენ. მათი თქმით, დაგროვილი პრობლემების თაობაზე ხმის ამოღება მძღოლებმა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალა და გაჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლება მათი პრობლემებით დაინტერესდებოდა:

ცოცხების გვეშინოდა და აქამდე ხმას ვერ ვიღებდით.
17-18 საათი საჭესთან რომ იჯდება ადამიანი თითქმის შეუსვენებლად, იმას ავარია რომ მოუვიდეს, რითი იმართლოს თავი? ისეთი მძიმე სამუშაოა, რომ მორიგეობიდან მისულები სახლში კი არ ვისვენებთ, უბრალოდ, ვყრივართ, აი, კაცურად გეუბნები.

ამხელა სამუშაო დღის განმავლობაში შესვენება მხოლოდ 20 წუთი გვაქვს. თუ იმ შენს განსაზღვრულ ოც წუთში საცობში მოყევი, იმ დღეს ვერც საჭმელს შეჭამ და ვერც საპირფარეშოში შეხვალ. ან სად არის, საერთოდ, საპირფარეშოები?

 თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლების ხელფასი 500-დან 600 ლარამდე მერყეობს. მათი საათობრივი შემოსავალი 4 ლარსა და 18 თეთრს შეადგენს. როლანდ ბრეგაძე, ყვითელი ავტობუსის მძღოლი, აღწერილი სამუშაო პირობების ფონზე, ხელფასის გაორმაგებას მოითხოვს:

”კი არ მოვითხოვთ, გვეკუთვნის. ჩვენი ხელფასი საათში 10 ლარს უნდა შეადგენდეს”.

ლევან კოპლატაძემ, ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გაფიცულ მძღოლებს პრობლემების ერთობლივი განხილვა 8 ნოემბერს შესთავაზა, თუმცა მას არაფერი უთქვამს კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ:

”შეგვიძლია შევთანხმდეთ ფორმატზე. შევიკრიბოთ ხუთ-ხუთი ადამიანი ავტობაზებიდან და ავიდეთ კაბინეტში სასაუბროდ. არის მეორე ვარიანტი, რომ შევიკრიბოთ სამოც-სამოცი ადამიანი თითო პარკიდან და შევხვდეთ სადმე, დიდ დარბაზში”.

ლევან კოპლატაძის ამ შეთავაზების მიუხედავად, მძღოლები 8 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ გაფიცვის შეწყვეტას მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

თბილისის მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე ჯერ კიდევ 6 ნოემბერს აცხადებდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში, რომ მძღოლთა მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ვერ დაკმაყოფილდება, რადგან სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც ამ დროისათვის 45 მილიონ ლარს შეადგენს, ხელფასის გაზრდის შესაძლებლობას არ იძლევა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ, მძღოლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, გაფიცვა არ შედგებოდა, მაგრამ მისი ვარაუდი არ გამართლდა. მეტიც, მძღოლების მიერ დაანონსებულმა გაფიცვამ სამი დღით გადმოინაცვლა. ამჯერად რადიო თავისუფლება აკაკი ჯოხაძეს მძღოლებისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების პერსპექტივაზე ესაუბრა. მან თქვა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით და მძღოლების მოთხოვნა სამუშო პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება, თუმცა ის კონკრეტიკისგან თავს იკავება.

”მძღოლების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებადია, თუმცა მათ მოთხოვნებს აქვს კონკრეტული ვადები, რომლებსაც მძღოლებს უკვე სამუშაო ვითარებაში გავაცნობთ. ასე რომ, ვფიქრობთ, ამ ეტაპზე პრობლემა მწვავედ აღარ დგას”, - მიაჩნია აკაკი ჯოხაძეს.

აკაკი ჯოხაძე იმედს გამოთქვამს, რომ, მძღოლებთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, 9 ნოემბრის დილიდან ქალაქში ყვითელი ავტობუსების მოძრაობა აღდგება.