დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

დასვამს თუ არა არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს?

მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს, სხვა სტრუქტურების ახალ ხელმძღვანელებთან შედარებით, ყველაზე მასობრივი საკადრო ცვლილების განხორციელება მოუწევს: მიაჩნია, რომ ბევრი პროკურორი და გამომძიებელი უნდა დაითხოვოს სისტემიდან, რათა ქვეყანაში სამართალი და სამართლიანობა დამკვიდრდეს. საზოგადოების დიდ ნაწილს იმედი აქვს, რომ იმ უკანონობას, რომელიც წლების მანძილზე ხდებოდა, წერტილი დაესმება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. პროკურატურის მისაღებში უკვე რამდენიმე დღეა, ადამიანები რიგში დგანან და თავიანთი საქმეების გამოძიებას ითხოვენ. უამრავი სარჩელია შესული: ნაწილი წართმეული ქონების დაბრუნებას ცდილობს, ნაწილი უკანონო განაჩენს აპროტესტებს, ნაწილი - დანაშაულში მაღალჩინოსნებს ამხელს...

- ბატონო არჩილ, როგორი იყო თქვენი პირველი სამუშაო კვირა?
- მუშაობა პროკურატურის თანამშრომლებთან შეხვედრით დავიწყე. ცენტრალური აპარატის ყველა ხელმძღვანელი და საოლქო პროკურორი გათავისუფლდება. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, პირველ დღესვე მათ ამას რომ ეუბნები, მაგრამ ამ ცვლილებებს ვერ გავექცეოდით. არ მევალებოდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებმაც თანამდებობები უნდა დატოვონ, მაგრამ თითოეულს შევხვდი. რეორგანიზაცია აუცილებელია, გარკვეული ხელმძღვანელი რგოლები უნდა შეიცვალოს. ამ ტიპის პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ მაინც რჩება კითხვის ნიშნები: შესაძლებელია, ისეთი ადამიანი, რომელმაც თავისი მონაცემებით, პროფესიონალიზმით მიაღწია კარიერულ სიმაღლეს, გარკვეულწილად სტრატეგიის მსხვერპლი გახდეს და ამის გამო მოუწიოს თანამდებობის დატოვებამ... ეს მათაც კარგად ესმით. პარალელურად, ახალი "სივები" მივიღე, რომლებსაც ვეცნობი. მიმაჩნია, რომ სანამ საკადრო ცვლილებები დასრულდება, მანამდე კონკრეტული საქმეების გამოძიებაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომაც ტაიმ-აუტი ავიღე; განახლებული შემადგენლობა თავისი ფუნქციის შესრულებას მალე შეუდგება. დღეს ქართველი საზოგადოება მიიჩნევს, რომ პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში რეპრესიული იარაღი იყო. ნამდვილად ასეა. პროცესში მონაწილე პროკურორს აზრს არავინ ეკითხება - მან ზუსტად ის უნდა თქვას, რაც დაავალეს. ამ დროს შეიძლება, ისიც თანაუგრძნობდეს ბრალდებულს, მაგრამ ასრულებს იმას, რასაც ასრულებს. იმ ადამიანებსაც, ვინც ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, აქვთ კრიტიკული დამოკიდებულება სისტემის მიმართ და მიაჩნიათ, რომ ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.

- რა მაგალითებს ასახელებენ?
- სისხლის სამართლის პოლიტიკა მთლიანად საპროცესო შეთანხმების დადებაზე იყო აგებული... პროკურატურაში სულ 477 პროკურორი და გამომძიებელია; აქედან მხოლოდ 37 არის გამომძიებელი, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ მიდგომა ძალიან მარტივი იყო: თუ არაფერს იძიებ, დაცვას არ უსმენ და მტკიცებულებებს არ იკვლევ, გამოსაძიებელიც აღარაფერია. ასეთი იყო სისხლის სამართლის პოლიტიკა. ქვეყანაში ამ პოლიტიკას იუსტიციის მინისტრი განსაზღვრავდა. კანონით, ვერტიკალი ისეა აგებული, რომ პირველ პროკურორს ყველა სხვა პროკურორი ემორჩილება; აზრის გამოთქმის შემთხვევაში, თუ ეს აზრი კრიტიკულია, შეიძლება, პროკურორიც რეპრესიის მსხვერპლი გახდეს. ეს ადამიანები ამბობენ, რა არ მოსწონდათ, რა იყო დასაგმობი, რა არის შესაცვლელი.

- რამდენად გულახდილები არიან და თუ აღიარეს, რომ დავალებებს ასრულებდნენ? ამ გასაუბრების შემდეგ ხომ არ აპირებთ, რომელიმე მათგანი თანამდებობაზე დატოვოთ?
- ძალიან გულახდილები არიან. დავალებებზე რომ გვესაუბრა, მაშინ კონკრეტული საქმეები უნდა განგვეხილა. როდესაც სისხლის სამართლის პოლიტიკა განსაზღვრულია, როდესაც მექანიზმი წინასწარ გაწერილია, კითხვებიც აღარ ჩნდება...

- თქვენი აზრით, საპროცესო შეთანხმება უნდა არსებობდეს?
- საპროცესო შეთანხმება ჩვეულებრივი მოვლენაა: ორი მეტოქე - ბრალდება და დაცვა ერთმანეთს ეპაექრება... ამ მექანიზმმა ზუსტად რომ იმუშაოს, სასამართლო მიუკერძოებელი უნდა იყოს, დაცვას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ სასამართლოში სამართალს იპოვის. მაგრამ როცა პროკურორი გკარნახობს პირობას და არ აინტერესებს, ეთანხმები თუ არა, ამ პირობის მიღების გარდა, შანსი არ გაქვს: იცი, სასამართლო პროცესს 100%-ით წააგებ და არ გრჩება არჩევანი. ეს არის მთავარი ხარვეზი - დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა. მეორე ხარვეზი ის გახლავთ, რომ აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდა პროკურორს - ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულზე შეეძლო დაეშვა საპროცესო შეთანხმება.

- ანუ საპროცესო შეთანხმება ყველა საქმესთან დაკავშირებით არ შეიძლება მოხდეს?
- ცხადია. წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული საპროცესო შეთანხმების გამოყენების ფარგლები ამა თუ იმ კატეგორიაზე. ამ კუთხითაც გადაიხედება საპროცესო შეთანხმება. ვთქვათ, პროკურორმა გაიღვიძა ცუდ ხასიათზე და თქვა, - დაგალპობ ციხეში, თუ არ გადაიხდი მილიონს... ასე არ უნდა ხდებოდეს, არადა, რეალურად ასე ხდებოდა. ჯარიმების ზედა ზღვარიც უნდა დადგინდეს. პროკურორს არ უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, ერთ დანაშაულზე ერთს მილიონი გადაახდევინოს და მეორეს - 2.000 ლარი.

- დანიშვნის პირველივე დღეს განაცხადეთ, რომ ადამიანებს აქვთ შანსი, მათი საქმეები გადაიხედოს; ამ კუთხით თუ დაიწყო მუშაობა და რამდენი საქმეა შემოსული?
- ბუნებრივია, აქ იგულისხმება ისეთი ტიპის დანაშაულები, რომელთა გაცხადება აქამდე არ შეეძლოთ, დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია მოხელის მიერ - პროკურორი იქნება, გამომძიებელი, გუბერნატორი თუ სხვა ვინმე. მხოლოდ 3 დღეში 700-ზე მეტი განცხადება შემოვიდა!.. სანამ არ დავკომპლექტდებით, ამას ხელს ვერ ვახლებთ და ამიტომ კონკრეტულად ჯერჯერობით ვერაფერზე ვისაუბრებ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ერთ-ერთი პირველი - ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება იქნება. თუ მოგმართათ მისმა ოჯახმა?
- ჟვანიას საქმეს განცხადების შემოტანა არ სჭირდება - საქმე დახურული არ არის. ამასთანავე, გოგლა ჟვანია უნდობლობას უცხადებს ოფიციალურ ვერსიას. ისედაც დავიწყებთ ამ საქმის გამოძიებას, რადგან რეალურად, სისხლის სამართლის საქმე არ არის დასრულებული.

- რა კატეგორიის საქმეებს გაუწევთ პირად კონტროლს?
- რანგირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმეს თქმა მიჭირს. იმ 700 საქმიდან შეიძლება, ნაწილი ტრივიალური დანაშაულებია, ესეც გასაფილტრია. მინდა, რეზონანსული საქმეების გამოძიება მთავარი პროკურატურის ცენტრალურ აპარატში მოხდეს; ეს საქმეები ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება. ბევრ საქმეს რაიონული პროკურატურები გამოიძიებენ. აქ მთავარია, პროკურორის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა. დიახ, მას დამოუკიდებლობა სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან: პრეზიდენტისგან, პრემიერ-მინისტრისაგან, იუსტიციის მინისტრისაგან. დღეს კანონში წერია, რომ იუსტიციის მინისტრი არის ნომერ პირველი პროკურორი. ამ დროს იუსტიციის მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირია, ის ემორჩილება პრემიერს, პრეზიდენტს. გამოდის, ყველა ხელმძღვანელი პროკურორი ემორჩილება პოლიტიკური თანამდებობის პირს. მოქმედი კანონმდებლობით, მინისტრმა წულუკიანმა წარმადგინა პრეზიდენტთან და მან დამნიშნა; ხვალ შეიძლება, მოხსნაზე წარმადგინოს და პრეზიდენტმა მომხსნას. მიმაჩნია, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით უნდა ინიშნებოდეს. ხელისუფლების ორი შტო უნდა მონაწილეობდეს, რომ არც ერთზე არ იყოს დამოკიდებული და არც - მეორეზე. გავხდი დამოუკიდებელი, აღარ მეშინია გადაწყვეტილების მიღების. შემდეგ, ჩემი უფლებამოსილების ვადა უნდა იყოს წინასწარ განსაზღვრული. გენერალური პროკურორი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყველას მიმართ შეუძლია ბრალის წაყენება, მათ შორის - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შეუძლია დააყენოს, მაგრამ არავის არ შეუძლია გენპროკურორის მიმართ საქმის აღძვრა, სანამ ის ამ პოზიციაზეა.

- თუ კონკრეტულ საქმეში გამოიკვეთა პრეზიდენტის ბრალეულობა, გაქვთ უფლება, მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოთ, ამისთვისაც მზად ხართ?
- მერწმუნეთ, გამომძიებელი თუ დაინახავს, რომ კონკრეტული პირი პასუხისგებაში მისაცემია, ის აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში. თუ მივალთ იქამდე, რომ პრეზიდენტი არის ჩარეული რაიმე საქმეში, მე, მთავარი პროკურორი, მივმართავ პარლამენტს წინადადებით, დაიწყოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო პროცედურა. მოწმის სახით პრეზიდენტის დაკითხვაც შესაძლებელია. ვაცხადებ: მინდა, ვიყო სრულიად თავისუფალი და ვიმოქმედო კანონის შესაბამისად. კონსტიტუციაში წერია: ყველა ადამიანი უდანაშაულოა, ვიდრე არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა. სასამართლოში შედის უდანაშაულო ადამიანი, შედის პროკურორი, რომელმაც უნდა მოახერხოს და დაამტკიცოს მისი ბრალეულობა. ჩვენთან ეს არ ხდებოდა. ადვოკატს საქმის მოგების შანსს არ უტოვებდნენ. სასამართლო სისტემას რეფორმა სჭირდება. სასამართლოს კადრები რომ შეამოწმოთ, ნახავთ, რომ მოსამართლეთა 90% არის პროკურატურიდან წასული, ან ყოფილი თანაშემწეები, რომლებიც შემდეგ მოსამართლეები გახდნენ.

- ბატონო არჩილ, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალისტებისთვის კონკრეტული საქმეების გაცნობა? რამდენად გაიხსნება პროკურატურა?
- რა წამსაც საქმეში ჩნდება ბრალდებული და მასალები ეძლევა მისი დაცვის მხარეს, სრულიად გახსნილი იქნება. პროკურორებსაც მიეცემათ მითითება, რომ იურთიერთონ მედიასთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეს შეიძლება, ზიანი მიაყენონ. ტელეკამერების წინ დაჭერები რომ ხდებოდა, ეს ყოველგვარ მორალს სცილდება, ამას ვამბობ, როგორც საზოგადოების წევრი. გილიოტინის გამომგონებელს თავი გილიოტინით მოჰკვეთესო - ზუსტად ასე მოხდა, როცა პირველი პროკურორის (იგულისმება ირაკლი ოქრუაშვილი. - ავტ.) აღიარებითი ჩვენება მოვისმინეთ...

- რა კრიტერიუმით არჩევთ ახალ კადრებს და თუ აქვთ შანსი იმ გამომძიებლებს და პროკურორებს სისტემაში დაბრუნების, რომლებიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაითხოვეს?
- პირველ რიგში, პროფესიონალიზმი, გამოცდილება; ასევე უნდა დავადგინოთ, მის კარიერას რაიმე ლაქა ხომ არ აქვს. სასურველია, პირი პროკურორად იყოს ნამუშევარი, მაგრამ უფრო მეტად, პროფესიონალ გამომძიებლებს ვეძებ.