შიო მღვიმელი - ბავშვების მესაიდუმლე

შიო მღვიმელი - ბავშვების მესაიდუმლე

ვის არ გაუგონია ჩვენი ბავშვების საყვარელი, მოზარდთა სულისა და გულის მესაიდუმლე მგოსნის შიო მღვიმელის სახელი?!

უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში იგი დედის ძუძუსთან ერთად აწვეთებდა ბავშვებს მამულის, ბუნების, ურთიერთის გატანის, ძმობა-ერთობის, გმირობის, ჩაგრულ-დევნილთა და სხ. სიყვარულს.

ვერ გადაშლით თითქმის ვერც ერთ ქართულ საბავშვო ჟურნალის ნომერს, რომ იქ „ძია შიოს“ ლექსი არ შეგხვდეთ. მისი საბავშვო წიგნაკები, განსვენებულ გიგო ტატიშვილის მხატვრობით გამოცემული: „სამი ცელქი“, „ძუნწი“, „ოქროს თავთავი“ და სხ. უკვე საყოველთაოდ ცნობილია და რამდენჯერმე დაბეჭდილი.

საბავშვო მწიგნობრობის გარდა შიო სხვა დარგშიაც ცნობილია და საპატიო ალაგიც უჭირავს ქართველ მგოსანთა შორის. საყურადღებოა, განსაკუთრებით მისი საგმირო და დრო-ჟამის დამახასიათებელი ლექსები.

წელს უკვე ოცდაათი წელიწადი სრულდება, რაც პატივცემული მწერალი თავის კალმით მოზარდ თაობას სულიერად ჰკვებავს. ამ დღის აღსანიშნავად მის პატივის მცემელთ განუზრახავთ სალიტერატურო დილა გამართონ, რომლის შემოსავალი მიეცემა დღეს გაჭირვებაში მყოფ მწერალს.

საზოგადოების ვალია, ნივთიერი მადლობა გადაუხადოს იმას, რომელიც მთელი ოცდაათი წელიწადი სულიერად ემსახურებოდა ჩვენს მოზარდ თაობას და მით საშუალება მისცეს, რომ უფრო მხნედ განაგრძოს თავისი ჩანგის ჟღერა...

ვიზრუნოთ ცოცხლებზე და დამსახურებულ მოღვაწეს სიცოცხლეშივე მივუძღვნათ ნაათალი მაინც, რასაც სიკვდილის შემდეგ არ დავუზოგავდით.

ჩვენის მხრით კი დამსახურებულ მგოსანს ვუსურვებთ დღეგრძელობასა.