„მღვდლობას ვაპირებდი, მაგრამ ერისკაცად დავრჩი“ - პაატა ზაქარეიშვილის სულიერი ცხოვრება პატრიარქის გვერდით

„მღვდლობას ვაპირებდი, მაგრამ ერისკაცად დავრჩი“ - პაატა ზაქარეიშვილის სულიერი ცხოვრება პატრიარქის გვერდით

პაატა ზაქარეიშვილი ახლად არჩეული პატრიარქის, ილია მეორეს ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი იყო. პოლიტოლოგი „პრაიმტაიმთან“ პატრიარქთან ურთიერთობასა და სხვა საინტერესო დეტალებს იხსენებს:

„ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული სულიერი ცხოვრებით. დედაჩემის ბაბუა იყო მღვდელი და სახლში გვქონდა „ახალი აღთქმა“, ძველი გამოცემა. კითხვა მიყვარდა, გავერთე სახარების კითხვით და ძალიან მომეწონა. ალბათ დიდი ბაბუა რომ მღვდელი იყო, ეგეც მოქმედებდა და ჯერ კიდევ ბავშვმა დავიწყე ეკლესიაში სიარული. მაშინ პატრიარქი დავით V დევდარიანი იყო და მასაც ვიცნობდი. მის დროს სიონში დავდიოდი და ჩემნაირი სულ რამდენიმე ახალგაზრდა იყო. ეკლესიაში მყოფს გარს რუსი ეროვნების მოხუცი ქალბატონები მეხვია, სხვა მლოცველი იშვიათად თუ შემოვიდოდა. მაშინ წირვა რუსულ ენაზე ტარდებოდა. ის კი არა, ახლა სადაც სიონში გუნდი დგას, მაშინ მკითხავი ქალი იჯდა ხოლმე და მკითხაობდა. ძალიან უცნაური რაღაცები ხდებოდა. ჩემი ბავშვობის მეხსიერებას ეს ძალიან აშკარად შემორჩა.

როდესაც დავითი გარდაიცვალა, დაკრძალვაზეც კი ვიყავი. შემდეგ ილია მეორე გახდა პატრიარქი და ქართულ ენაზე პირველად მან ჩაატარა წირვა და ამის მერე იგივე დაამკვიდრა ყველა ტაძარში. არჩევიდან ძალიან მალე, ალბათ 2-3 კვირაში ეკლესიაში დაგვიბარა ახალგაზრდები. თქვენი თანატოლების ნაკლებობააო, გვითხრა. შემდეგ იქ მისული ახალგაზრდები ალბათ საერთო ინტერესების გამო გავერთიანდით და დავმეგობრდით. მე სტიქაროსანი გავხდი. იმ დროს მოქმედმა სტიქაროსნებმა ახლებს გვასწავლეს ეპისკოპოსის, განსაკუთრებულად კი პატრიარქის მომსახურება.

1979 წელს „ფილოსოფიურზე“ ჩავაბარე და რუსეთში წავედი სასწავლებლად. მანამდე მუდმივად პატრიარქის გვერდით ვიყავი. მახსოვს, თვეში ერთხელ ახალგაზრდა სტიქაროსნებს 10-10 მანეთს გვჩუქნიდა ხოლმე, ჩვენ კი რესტორანში ვხარჯავდით. ჩემთან ერთად სტიქაროსნები იყვნენ ე.წ. „თვითმფრინავის ბიჭები“ - ძმები: კახა და პაატა ივერიელები, სოსო წერეთელი. უფრო ხშირად კი მღვდელი, რომელიც „თვითმფრინავის საქმეზე“ დახვრიტეს - მამა თეოდორე ჩიხლაძე. ის მანამდე ჰიპობის იდეით იყო შეპყრობილი და ძალიან დიდ გავლენას ახდენდა კიდეც ჩვენზე თავისი იდეებით. შემდეგ კი მღვდლობა გადაწყვიტა. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვენდობოდი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო.

შემდეგ წავედი ჯარში და იქიდან დაბრუნებულმა ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1988 წელს, ჩემი ჯარში მსახურების დროს გაიხსნა და რექტორი ახლანდელი დუშეთის მთავარეპისკოპოსი, ზოსიმე შიოშვილი გახლდათ. სკანდალი, რაც ახლა ხდება ზოსიმესთან დაკავშირებით, ჩვენ თვალწინ, ჯერ კიდევ მაშინ განვითარდა. აგორდა ეს ამბავი და მთელი სასულიერო აკადემია გუგუნებდა რექტორზე გავრცელებული ჭორის გამო. შემდეგ ის სწორედ ამ ამბების გამო გადააყენეს და რექტორად დანიშნეს გიორგი გამრეკელი, რომელიც ახლა იოვანეა და ქუთაისში გაამწესეს. როდესაც სკოლებში რელიგიის სწავლა დაუშვეს, მე ვიყავი პირველი პედაგოგი სანზონაში, მესამე გიმნაზიაში. შემდეგ ომი დაიწყო, 1992 წელს აკადემიაში ბოლო კურსი მივატოვე და ომში წავედი. ასე რომ, მღვდლობას კი ვაპირებდი, მაგრამ ომმა და კიდევ სხვა ფაქტორებმა განაპირობა, რომ ერის კაცად დავრჩი. თუმცა, მე რომ კონფლიქტოლოგი ვარ, გარკვეულწილად პატრიარქის დამსახურებაცაა. მას ბევრ რამეში ვბაძავდი კიდეც“.

- ახლა როგორაა თქვენი რწმენის საქმე? ისევ ძველებურად მორწმუნე ხართ?

- არ ვარიდებ თავს ამ კითხვაზე პასუხს. რაღა თქმა უნდა, მე ვრჩები მართლმადიდებლად, მაგრამ ძველებურად ეკლესიური არ ვარ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენლები არინ თანასწორი და ქრისტიანობა არ არის პრივილეგია. ყოველი ადამიანი, რომელიც აღიარებს „ახალ აღთქმას“, თავისი ოთხი სახარებითა და ეპისტოლეებით, ყველა ქრისტიანია და ერთმანეთის თანასწორი. სწორედ ეს განმასხვავებს დანარჩენებისგან. მიმაჩნია, რომ ერთმანეთს არ შეესაბამება „ქრისტეს მოძღვრება“ და „მოძღვრება ქრისტეზე“. სულ ერთმანეთს ებრძვის ეს ორი ფენომენი. ქრისტე ერთს ამბობდა და ეკლესია სხვას ამბობს. ეს განცდები არის ჩემში და კიდევ ბევრ ადამიანში. იმიტომაცაა ამდენი განხეთქილებები და დაძაბულობა ეკლესიებში. მოკლედ რომ გითხრათ, დოგმატური ქრისტიანობა ჩემთვის მიუღებელია და თავისუფალი ქრისტიანობა უფრო მისაღებია. ვიღაცამ შესაძლოა, ურწმუნოდ ჩამთვალოს, მაგრამ ეს არ მადარდებს. ბევრი ტალახი და სიბინძურე წამოსულა ჩემკენ, უსაფუძვლოდ. ასეთ დროს უნდა გაიხსენო, ქრისტე როგორ მოიქცეოდა და შენც ისე უნდა მოიქცე, რადგან ის მოიქცეოდა ღირსეულად.