ვინ არიან პატრიარქის მტრები და კეთილისმოსურნენი?

ვინ არიან პატრიარქის მტრები და კეთილისმოსურნენი?

"ეკლესიას აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსება 25 მილიონი, 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც დაეხმარნენ. 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც 1 ლარის დახმარებაზე უარი არ უთხრეს"

„ალია“ ესაუბრება მიტროპოლიტ მელქისედეკ (ელიზბარ) დიაკონიძეს:

- რა ხდება საპატრიარქოში, რას მივაწეროთ მეუფე იაკობის განცხადებები, მერე, აწ უკვე ყოფილი მეუფე პეტრეს შოკისმომგვრელი განცხადება?

 - მოგესალმებით, პირველ რიგში, ყველა განვლილი დღესასწაული მინდა მივულოცო, თქვენის გაზეთის მეშვეობით ქართველ ხალხს.

ახლა არის უმძიმესი პერიოდი, ჩემი ქვეყნის მომავლისთვის, ვინ გადარჩება, ვინ არის გაბრწყინებული ივერიის მკვიდრობის ღირსი - ახლა გამოჩნდება. ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდენის პირასაა, ბოლო ჟამის ჩათვლით - ახლა გავდივართ გამოცდას, რამდენი ვართ დედის (ღვთისმშობლის) ერთგულნი და რამდენნი ვართ მამის (მამა ღმერთის) ერთგულნი - აი, ამ გამოცდას გავდივართ. მე ვარ გზა, მე ვარ კარი, ჩემით შეხვალთ, ჩემს გავლით შეხვალთ სასუფეველში, გვეუბნება ქრისტე, დედა ღვთისმშობელიც იქვე დგას, მაგრამ საშუალება უნდა მივცეთ, უბრალო ენით რომ ვთქვა, შუამდგომლობა გაგვიწიოს ქრისტესთან.

გამოვლინდა ვინაა წურბელა, ვინ არის ერთგული ღვთისა და საპატრიარქო ტახტისა. აქ საუბარი არ არის კათოლიკოს-პატრიარქის ერთგულებაზე და სიყვარულზე - საუბარია უკვე საპატრიარქო ტახტის ერთგულებასა და სიყვარულზე. მე 2009 წელს დავიწყე საპატრიარქოს კრიტიკა, იმის თქმა, რაც ცუდია, რაც არ მომწონდა, კი არ ვამხელდი, გავამხელდი - ხმამაღლა ვამბობდი სიმართლეს. მე კი არ ვაკრიტიკებდი საპატრიარქოს ან პატრიარქს - მე ვსაყვედურობდი მამას, ამ უგვანო და უღირსი ხალხის გვერდით დაყენების გამო. ახლაც გამომიგზავნეს ვიღაც ქალბატონის, ხმამაღლა ვიტყვი და ნაბჟუტურევი, რომ მე ვარ საზიზღარი, თურმე, კი, მე ვარ ცოდვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც სამშობლოს დარაჯობაზეა საუბარი, ეკლესიის სიწმინდის შენახვაზეა საუბარი, გავეჯიბრები პეტრეებს და იაკობებს - და ამის დამტკიცება შემიძლია ღვთის წინაზე, არ ვაპირებ კაცის წინაშე დამტკიცებას. კარგი ადამიანები ხედავენ შენში - კარგს, ცუდი ადამიანი ხედავს უზნეობას და ცუდს. ბუზის და ფუტკრის მაგალითზე რომ ვთქვათ, ბუზი ყვავილებში რომ დასვა - მაინც სიმყრალეს წამოიღებს და ფუტკარი ნეხვიდანაც კი ნექტარს ამოიღებს. ამიტომაა ფუტკარი ღვთისგან კურთხეული მწერი. აწ გარდაცვლილი არქიმანდრიტ მიქაილ დოლიაშვილის სიტყვები მახსენდება, როგორ ვუთხრა პატრიარქს, რომ გვერდით ის ჰყავს, ვისაც არ უყვარს და ეზიზღება და ვისაც უყვარს - იმას ახლოს არ იკარებს და შორს უშვებსო. მაგრამ, პატრიარქმა ზუსტად ისინი დაიყენა გვერდით, ვისაც, იცოდა რომ არ უყვარდა, რადგან იფიქრა, რომ გვერდით თუ ეყოლებოდა, უკეთ დაანახებდა ეკლესიის სიკეთეს და სიკარგეს - მაგრამ ვერ დაანახა, ვერ გაწვრთნა ბუზი, ვერ აქცია სავლე პავლედ, იმიტომ კი არა, რომ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს არა აქვს ამის ძალა, არც ერთ კათოლიკოსს არ შესწევს ამის ძალა, სავლეს პავლედ ქცევა, მხოლოდ საღვთო ნებაა. რაც შეეხება, პეტრეს და იაკობს. პეტრე დარჩა იმად, რაც იყო, მაგრამ ადრე თუ კერძო ჯიბეში ძვრებოდა, ახლა დიდი ჯიბეში ჩაყო ხელი. საპატრიარქოს და წმინდა ჯიბეში ჩაყო ხელი, გარედან არ ჩანს, საპატრიარქოს წმინდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა, მაგრამ შიგნიდან ხომ ჩანს? გაისუსა ყველა და მე არ გავჩუმდი, იმიტომ კი არა, რომ მეც მინდოდა იმ ჯიბეში ხელის ჩაყოფა? - არ შეიძლება წმინდა ჯიბეში ხელის ჩაყოფა და იმიტომ.

ანაფორის სახელით, ართმევდა ადამიანებს მიწევს, ტყეებში ხეებს ჭრიდა და თურქეთში ყიდდა და უამრავი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება. გაიწია პატრიარქზეო, ის რომ სინდისიერი იყოს, ამ დღეში არ აღმოჩნდებოდა. სამეგრელოში, 6 თვით უფროსი ადამიანი რომ გესაუბრება, ფეხზე დგები - რანგით უფროსზე, ხარისხით უფროსზე, სიწმინდით უფროსზე - გაიწია. მაგრამ, პატრიარქი მოწყალეა.

ჩემი დასაცავი რომ შეიქმნებოდა, ვის ეგონა? მე ვსაყვედურობდი, როგორც მამას და ისინი იცავდნენ და თურმე, კი არ იცავდნენ, ახლოს მისვლას ცდილობდნენ უბრალოდ. არაბებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ვინც გაკრიტიკებს, სიმართლეს პირში ვინც მოგახლის - ყველა არა შენი მტერი, ისევე, როგორც ვინც გაქებეს, ყველა შენი მოყვარე არაა.

- ვინ არიან საპატრიარქო ტახტის, პატრიარქის მტრები და კეთილისმოსურნენი?

_ კეთილმოსურნე ძალიან მცირეა, ჩემი ნაცნობებიდან, ძველებიდან, ახლებს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ არც ახლებში მეგულება ბევრი, რადგან, როგორც რუსები იტყვიან, ვაშლის ხესთან, ვაშლი ცვივა.

ძალიან ცოტა ვიცი, საპატრიარქოს ტახტის ერთგული. შემიძლია, ერთგულები ჩამოვთვალო: მიტროპოლიტი იობი, მთავარეპისკოპოსი ილარიონი, მიტროპოლიტი სერაფიმი, რომელიც უსინდისოდ გააგდეს, მიტროპოლიტი ქრისტეფორე, ცხუმმიტროპოლიტი ქერუდიმი (განუდგა, ასევე), მთავარეპისკოპოსი იოანე გამრეკელი, დიდი მოღვაწე, აწგანსვენებული მთავარეპისკოპოსი ამბროსი, საპატრიარქო ტახტის ერთგული ადამიანი, რომელიც სამღვდელოების პირებმა მოაკვდინეს, შეუკვეთეს მისი სიკვდილი, ან ხელის შეუწყვეს მის მკვლელობას - გაზი არ ჰქონდა სახლში შეყვანილი, დენის გამაცხელებლით, ე.წ. „ატმორით“ აცხელებდა წყალს და ბანაობისას, აბაზანაში გაზით გაიგუდაო. როგორ გაგუდავდა არარსებული გაზი? ვინ არის საპატრიარქო ტახტის მტერი? - ეშმაკი, სატანა, მისი მიმდევრები. გვარები გაინტერესებთ? ბევრნი არიან, ვერ ჩამოვთვლი. ასეა, სადაც დიდი სიწმინდეა, იქ არიან ეშმაკები. ერთი გლეხი გზად მიდიოდა. ჩაუარა დაკეტილ ეკლესიას, ხედავს სახურავზე ერთი ეშმაკი ზის, გადაიწერა პირჯვარი გააგრძელა გზა. შეხვდა მეორე ეკლესია, სადაც წირვა ტარდებოდა, ბევრი ხალხი იყო მისული, ამ ეკლესიის სახურავზე იმდენი ეშმაკი იჯდა, ტევა არ იყო. გაუკვირდა გლეხს - იქ ერთი ეშმაკი იჯდა, აქ ამდენი ხართ, თავზე ასხედხართ ერთმანეთს, ის მარტო რატომ დატოვეთო? - აქ არის ჩვენი სამუშაო, აქაა ხალხი და სიწმინდეც აქაა - იქ არავინ შედის და დარაჯად ერთი ეშმაკიც საკმარისიაო, უპასუხეს. ჯერ საერო ცხოვრებაში შემოიღეს - გადადექი – პრეზიდენტო, წადი - გამსახურდია გააგდეს. ჯერ კიდევ სისხლი გაქვს ხელზე, კისერზე გასხია სისხლი, თვალებზე მოგწოლია სისხლი, იმისათვის, რომ ის კაცი გააგდე, რომელმაც მონობიდან გამოგიხსნა და ახლა პატრიარქს დაუწყეს ჭიდაობა? ეს ჭიდაობა არ შერჩებათ. მეუფე იაკობი გახლავთ ერთ-ერთი მტერი ზვიად გამსახურდიას და მისი ეპოქის დასრულებაში იღებდა მონაწილეობას. ისევე, როგორც, ისტორიას რომ გადავხედოთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეკლესია ებრძოდა ზვიადს, რამდენიმე წევრის გარდა. რუსთაველზე, ბარიკადებზე, ერთადერთი მოძღვარი - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი იდგა და მოუწოდებდა ორივე მხარეს - არ გაესროლათ. მეუფე იაკობი ხაზარაძესთან და კვირიკაშვილთან რომ იყო კუდი კუდზე გადაფსკვნილი, მაშინ არ იყოს ცუდი კვირიკაშვილი? ახლა რომ ამხილა ივანიშვილმა და მოიცილა, ახლაა კვირიკაშვილი ცუდი? გახარია არ არის პატიოსანიო, არ გადაჯდა მაგათ ნავში გახარია და იმიტომ. მე შეიძლება დავიჯერო, რომ პატრიარქის გადაყენებაზე საუბარი შედგა - მაგრამ არა ამ ფორმით, არ მჯერა, რომ იმათ დაუძახეს იაკობს, მოდი, პატრიარქი გადავაყენოთო. ვინ კითხავს კვირიკაშვილს ან გახარიას პატრიარქის გადაყენებას? ან, რომც კითხავდეს, რაღა მეუფე იაკობი აარჩიეს მეკავშირედ? მაგრამ, პირიქით ხომ არ იყო ეგ ამბავი? შენ ხომ არ მიხვედი, მოდი, მომეხმარე პატრიარქის გადაყენებაშიო? ჩემი სახლიდან ჩემმა შვილმა თუ არ გაიტანა ამბავი, მამა გადავაყენოთ და უფროსი შვილი ავირჩიოთო, მეზობელმა რა იცის?

- დეკანოზი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს ახლა საპატრიარქო პრეზიდენტს. ციანიდის საქმეზე რას ფიქრობ?

_ მამალაძე რომ უსინდისო და გათახსირებული კაცია, ბევრ სიგლახეზე ხელის მომწერი, ვიცით, მაგრამ მაგის ჩამდენი არ იქნებოდა. იმდენად ზნედაცემული შეარჩიეს, ამასაც იკადრებდაო, რომ თქვას ხალხმა. მართლა უნდოდათ მაშინ პატრიარქის მოკვლა - მერე, ერთ-ერთმა, აი, აღმოვაჩინე მკვლელიო გამოაცხადა და კიდევ უფრო მიუჩოჩდა უწმინდესს. ეგ რომ ვიცოდე, ვის უნდოდა პატრიარქზე ხელის აღმართვა, წვერით გამოვათრევდი. სამწუხაროდ, ეგ არ ვიცი.

- თეოლოგები ამბობენ, რომ სინოდის წევრთა უმეტესობა უნდა გადადგეს...

_ რას ქვია უნდა გადადგნენ? უნდა გადაყარონ! მიდი, აბა, უძახე, გადადგებიან? პეტრე გადადგა? შევარდნაძე გადადგა? სააკაშვილი გადადგა? ოხერი და მუდრეგი არ გადადგება. კაცს რომ ორმოში აქვს ხელი ჩაყოფილი და იპარავს - იმას ეუბნები გადადექიო? უნდა გადააგდო. ეკლესიას აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსება 25 მილიონი, 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც დაეხმარნენ. 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც 1 ლარის დახმარებაზე უარი არ უთხრეს. პატრიარქს უნდა გამოაეცხადებინა, ამ 25 მილიონს ხელი არ ვახლოთ და მთლიანად მრევლს მოვახმაროთო - ისედაც არ აკლიათ ქონება და წმინდა ჯიბიდან რასაც იპარავენ, ანაფორის სახელით, რასაც იპარავენ - ის არ ჰყოფნით? რატომ გახდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა საჭირო? გგონიათ აღმაშენებლმა არ უთხრა ამ კრებამდე, წადით, გეყოფათო? მეტიც, გადაწყვიტეს, მეფე მოეკლათ, მაგრამ გაუცხადდათ და აღმაშენებლმა ქუსლები დააჭრა, მაგრამ სიცოცხლე გადაურჩინა. სიცოცხლე იმიტომ შეუნარჩუნა, რომ მოენანიებიათ და სული გადაერჩინათ - მოინანიეს, თუ არა, უცნობია, მაგრამ რომ მოენანიებიათ იმ 150 სამღვდელო პირიდან, ერთსაც რომ მოენანიებია, აღმაშენებლი აპატიებდა, ისევ გვერდით დაიყენებდა და აუცილებლად იქნებოდა ისტორიისთვის ცნობილი, რომ მოინანია, ერთმა მაინც.

არ განემართება ძაღლი კუდი.

- როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ შიდა ომია? თუ გარე ძალები მართავენ პროცესებს?

- გარედან წარმოებულია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასეა, გგონიათ ზვიად გამსახურდიას და კიტოვანს ჰქონდა ომი? რუსის და ამერიკის როლია მთავარი აქ. ერთადაა რუსეთი ამერიკა, ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, ვითომ ომობენ - სად ომობენ? საქართველოს, სირიის უკრაინის ტერიტორიაზე? რატომ? ამერიკა ვერ აგნებს რუსეთს, თუ რუსეთი ვერ პოულობს ამერიკის მიწას? ამერიკა რომ გვებრძვის გასაგებია, მართლმადიდებელი ქვეყანა ვართ და ის სატანისტური ქვეყანაა და გვებრძვის, მე რუსის გამკვირვებია - რატომ არღვევს ღვთის მცნებას, რომ ყველა ერს აქვს უფლება, მის ენაზე მიმართოს ღმერთს? განა, ამიტომ არ აღურია ენები კაცთა მოდგმას უფალმა?

რატომ ჰგონია რუსს, რომ უფალს რუსულად ლოცვა უფრო ესმის და მოსწონს? რუსეთმა რომ ქრისტიანობა მიიღო, ჩვენ უკვე დაღლილები ვიყავით წირვა-ლოცვით და ღვთის სიყვარულით. დააკვირდით რუსულ წირვას - აუცილებლად მაღალ და ბოხ ხმაზე ტარდება წირვა - თხოვს, ჩამოდი და შემიწყალეო, აძალებს. უფალთან მისასვლელად 7 ნიჭია, ყველა ერმა რაღაც ნიჭი აირჩია უფალთან მისასვლელად, ქართველებმა სიყვარული ავირჩიეთ - ამაზე ისაუბრა კიდეც ილია მეორემ, არაერთხელ. ალექსი მეორემ, რუსეთის პატრიარქმა, სვეტიცხოველში ქადაგებისას თქვა: ჩვენ ყველას გვეშინია ღმერთის, თქვენ, ქართველებს გეშინიათ არა ღმერთის, არამედ ღმერთის სიყვარულის დაკარგვისო.

- თანამესაყდრე შიო ამერიკაში წავიდა და იმ დღიდან დაიწყო იაკობმა განცხადებების გავრცელება - საეჭვოდ არ გეჩვენებათ?

- ამერიკა ვერ იქნება საყრდენი. ამერიკაში ვის შეხვდა შიო არ ვიცი, ან, რაზე ისაუბრეს, არ ვიცი. ამბობენ, შიო რუსეთუმეაო, მაგრამ `ამერიკუნე~ ვერ იქნება ვერაფრით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამერიკას არ ჰყავს იმ რაოდენობის მართლმადიდებელი მრევლი, რომ მოკავშირე და საყრდენი გახდეს ჩვენი ეკლესიის, საყრდენი შეიძლება იყოს რუსეთი მოსახლეთა სიდიდით და უკრაინა - მართლმადიდებელთა სიდიდით. უკრაინაში 24 მილიონი მართლმადიდებელი ცხოვრობს. აი, რუსეთში 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ 24 მილიონ მართლმადიდებელს ვერ ნახავ. თავად შეადარეთ.

- ბევრი ჭორი გვსმენია პატრიარქზე, ბევრიც მართალი, მამათმავლობაზე საუბარი არ ყოფილა არასოდეს, არ გაგვიგია. თქვენ გსმენიათ?

- არ გაგვიგია ნამდვილად. ასეთი ფაქტის თქმაც კი ამაზრზენია, მაშინაც კი, თავადაც რომ გქონდეს მასთან ერთად ეს ცოდვა ჩადენილი. კათოლიკოს-პატრიარქზე კი არავის გაგვიგია აქამდე. ვიღაცას მაინც წამოცდებოდა. იმდენიც არ ესმით, რომ თუ პატრიარქია მამათმავალი, თავად ვინ გამოდიან? მამათმავალი რატომ უშუამდგომლებდა წესიერ კაცებს? ეს ხომ არ არის მემკვიდრეობით წოდებები, პრინცებად ხომ არ დაბადებულან? რატომ აკურთხებდა მამათმავალი პატრიარქი ვაჟკაცური სულისკვეთებით გამსჭვალულ ეპისკოპოსებს? პეტრეს გული იმაზე კი არ მოუვიდა, რომ განაგდეს, პეტრეს გული იმაზე მოუვიდა, რომ ვინც გააგდო, მასზე უარესი რომ არის, პატრიარქს არ ვგულისმხობ, ვგულისხმობ იმ მღვდელმთავრებს, რომლებმაც ხმა მისცეს მის გაგდებას. 80-90 იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა 3-4 მამათმავალი განკვეთა ეკლესიიდან. ერთ-ერთი იყო მაშინდელი ჭყონდიდელი იოანე ანანიაშვილი - სურათები ჩამოუტანეს მარტვილელებმა, მაშინ მარტვილის მოსახლეობამ ამ ჭყონდიდელს ნახევარი წვერი გაპარსა. ახლა იგივე ჭყონდიდის მიტოპოლიტი პატრიარქს სდებს ბრალს? მოწმეები მყავსო? - შეიტანოს სასამართლოში.

სამოქალაქოში?

- კი, აბა საეკლესიო სასამართლო არ გვაქვს, სინოდს აქვს ეს ფუნქცია შეთავსებული. რას ჰქვია მოწმეები არ მოაყვანინეს? - საერო სასამართლოში შეიტანოს საქმე და დაამტკიცოს - მაგრამ ვერ დაამტკიცებს და სისულელეში ჩაყოფს ფეხს ისევ. ამ განცხადებით პეტრემ ლიბერალების და ნაციონალების წისქვილზე დაასხა წყალი, იმათ წისქვილზე, ვისი მართულიცაა.

- ყოფილა აქამდე, პატრიარქის გადაყენების შემთხვევა?

- გადაყენების არა და თავად რომ გადადგა, ასეთი ერთი შემთხვევა იყო: როცა დემეტრე თავდადებულმა მონღოლი ცოლი მოიყვანა და ორი ცოლი ჰყავდა ერთდროულად, ქართველი და მონღოლი, მაშინ გადადგა იმდროინდელი კათოლიკოსი. კიდევ იყო, იძულებითი შემთხვევა, ანტონ მეორე, მიიწვიეს როგორც პატრიარქი მოსკოვში, მოსკოვის ნაცვლად, ჩაიყვანეს ნოვგოროდში, დაამწყვდიეს ერთ ეკლესიაში, თუმცა, პატრიარქის წოდება ვერ ჩამოართვეს - დღეს მისი საფლავიც არ ვიცით სად არის, იმ ეკლესიის ადგილას რაიკომის შენობაა აშენებული.

- ხედავთ თუ არა, საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებში საქართველოს ხელისუფლების როლს?

- ქართული ხელისუფლება ან რუსეთისაა, ან ამერიკის - სხვისი ხელის ბიჭები არიან - უმეტეს შემთხვევაში ორივეს ხელის ბიჭები. ერთი ფილმია, ჩარლი ჩაპლინი მონაწილეობას „ოქროს ციებ-ცხელება“ მექსიკა-ამერიკის საზღვარზეა ჩარლი, გადავა ამერიკის მხარეს, ამერიკელები ესვრიან, გადმოდგამ ნაბიჯს მექსიკის მხარეს, მექსიკელები ესვრიან, ამიტომ, ორივე ხაზზე, ამერიკისაც და მექსიკისაც გაჩაჩხული დადგება და ასე დადის. ასეთი ხელისუფლება გვყავს ჩვენც. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლება ჩვენი არ არის, საქართველოს ზვიადის მერე არ ჰყოლია ქართული და ეროვნული ხელისუფლება. შევარდნაძე პატრიარქის ნათლული იყოო, ტყუილია. შევარდნაძე რომ დაიბადა, მაშინ, ბებიები და ბაბუები, ჩუმად ნათლავდნენ ბავშვებს. შევარდნაძეც მონათლული იყო ბავშვობაში - კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულობა პიარი იყო. მოდი სიმართლე ვთქვათ, უწმინდესი დავალებული იყო მისგან, შევარდნაძემ კბილებით გაიტანა მისი კანდიდატურა, თორემ კერატიშვილი რომ გამხდარიყო პატრიარქი, მამათმავლობა მერე უნდა გენახათ - გაიოზ კერატიშვილი მამათმავალი იყო და არც მალავდა.

- რა უნდა გააკეთოს ამ ხელისუფლებამ?

_ ეს ხელისუფლება პირველ რიგშია გასაგდები - გასაგდები კი არა - დასაჭერი არიან. 2008-ში, რუსი რომ მოდიოდა, თბილისისკენ მოვდიოდი მანქანით, გვერდით ჩამიარა მთელმა მთავრობამ, წითელი ხიდისკენ მიდიოდნენ, გარბოდნენ - ხოდა, ასე კი არ უნდა გავყაროთ, კი არ უნდა გავაქციოთ, დასაჭერები არიან.

- რა გზას ხედავთ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად?

- ხალხმა უნდა ვთქვათ სათქმელი, დღეს მეფე არ გვყავს და რაც აღმაშენებელმა ქნა, ის ხალხმა უნდა გავაკეთოთ. დავაყენოთ მოთხოვნა - აგერ ვდგავართ პატრიარქო, შენს გვერდით და გამოყარე სინოდის ეგ წევრები. მაგრამ ერთი პრობლემაა, გურამიშვილის არ იყოს: „გადედლებული შიშისგან, აღარ ვარგოდნენ მამლადა“. ეკლესიაც მშიშარაა დღეს და ერიც. ეს არ არის ის შიში, რომელიც სიყვარულს შეიქმნის, სიყვარულს შეიქმნის ღვთის შიში და არა კაცის ჯოხი.

Katana . მტრები და მოყვრები არ ვიცი, მაგრამ ვისაც სიმართლე აინტერესებს, ეს გადაცემა ნახოს, სადაც უამრავი ფაქტია თავმოყრილი და გაანალიზებული: ბმული /> ვისაც სიმართლეზე ალერგია აქვს, ნუ ნახავს, რომ ნერვები არ მოიშალოს და იცხოვროს მშვიდად საკუთარ ილუზიებში (ანუ ტყუილში)!
5 წლის უკან
Katana . რაც შეეხება მიტროპოლიტ მელქისედეკს, ვერ არის ბოლომდე თანმიმდევრული თავის მსჯელობებში.
კარგია, რომ აცხადებს იმას, რაზეც დღემდე (ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ) არც ერთ სასულიერო პირს ხმა არ ამოუღია:

"ეკლესიას აქვს სახელმწიფოსგან დაფინანსება 25 მილიონი, 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც დაეხმარნენ. 25 ადამიანი მაჩვენეთ, ვისაც 1 ლარის დახმარებაზე უარი არ უთხრეს. პატრიარქს უნდა გამოაეცხადებინა, ამ 25 მილიონს ხელი არ ვახლოთ და მთლიანად მრევლს მოვახმაროთო - ისედაც არ აკლიათ ქონება და წმინდა ჯიბიდან რასაც იპარავენ, ანაფორის სახელით, რასაც იპარავენ - ის არ ჰყოფნით?"
ასეთ რამეს თუ საერო პირი დაწერს სადმე, ფარისეველთა მთელი არმია დაესევა - შენ ეკლესიის და ქრისტიანობის მტერი ხარო! - მწარეა სიმართლე და იმიტომ.

"გამსახურდია გააგდეს. ჯერ კიდევ სისხლი გაქვს ხელზე... ის კაცი გააგდე, რომელმაც მონობიდან გამოგიხსნა... ისტორიას რომ გადავხედოთ, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეკლესია ებრძოდა ზვიადს, რამდენიმე წევრის გარდა. რუსთაველზე, ბარიკადებზე, ერთადერთი მოძღვარი - დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი იდგა და მოუწოდებდა ორივე მხარეს - არ გაესროლათ. "

არც დეკანოზ მინდიაშვილისთვის და არც თქვენთვის არ უთხოვია ხალხს, შუაში ჩადექითო, - პ ა ტ რ ი ა რ ქ ს , მხოლოდ პატრიარქს ეხვეწებოდნენ, გამოდით თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ორივე მხარისთვის ავტორიტეტი ხართ და მოუწოდეთ, შეწყვიტონ ქართველებმა ეს დაპირისპირება, ვიდრე უფრო დიდ უბედურებაში - სამოქალაქო ომში არ გადაზრდილაო!
არ ინება!!! - ავადა ვარო...
რომ ენება, ჩაწერდნენ მაგნიტოფირზე და ჩანაწერს მაინც გაუშვებდნენ ყველას გასაგონად, მაგრამ არ ინება! - შეუძლოდ გახლდათ...
აი, მერე, როცა ზვიადი გააძევეს და პუტჩისტებმა გამარჯვება იზეიმეს დანგრეულ-დალეწილ-გადამწვარ, სისხლით მორწყულ რუსთაველზე, ხელად გამოკეთდა პატრიარქი და პუტჩისტებთან ერთად დადგა სანთლებით ხელში!!!
ახსოვს ეს ხალხს და ნუ უსაყვედურებთ, რატომ გახსოვთო!
მე არ ვიცი, შეისმენდნენ თუ არა ერთმანეთის სამტროდ აზავთებული ქართველები პატრიარქის სიტყვას... მაგრამ იგი მართალი იქნებოდა ღვთისა და ერის წინაშე, რომ თავის მხრივ ძალა არ დაიშურა ამ უბედურების შესაჩერებლად...
მაგრამ არ ინება!..
და რატომ არ ინება, ესეც გასაგებია!
5 წლის უკან
Katana .P.S. ვინც უყურა ამ გადაცემას (იხ.ბმული ზემოთ), მიაქცევდა ყურადღებას, რომ პატრიარქი არა მხოლოდ მორალურად უჭერდა მხარს ზვიადის ოპოზიციას, არამედ ფინანსურადაც ეხმარებოდა მას ( მაგ. ჭანტურია-სარიშვილის პარტიას), - ამას მადლიერებით იხსენებს ედეპე-ს ერთ-ერთი მაშინდელი ხელმძღვანელი მამუკა გიორგაძე.
5 წლის უკან