არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 500-600 ახალი პატიმრისთვის საკნებს საქალაქო სასამართლოს სარდაფებში ამზადებდნენ

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში 500-600 ახალი პატიმრისთვის საკნებს საქალაქო სასამართლოს სარდაფებში ამზადებდნენ

"ნაციონალები" აცხადებდნენ, რომ წარმატებული სასამართლო რეფორმა განახორციელეს და ყველაფერი კარგად იყო. 5 ნოემბერს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძემ შვიდი მანდატური გაათავისუფლა - თამაზ სარალიძე, გიორგი უშვერიძე, ზურაბ ღუღუნიშვილი და სხვები მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მანდატურებმა ტელეკომპანია "კავკასიაში" ისაუბრეს იმ ზეწოლაზე, რასაც მათ მიმართ სასამართლოს ხელმძღვანელობა ახორციელებდა განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის გამო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ნაციონალები 1 ოქტომბრისთვის 6 საკანს ამზადებდნენ მასობრივი დაპატიმრებებისთვის / სასამართლოებში ყველა მნიშვნელოვან პროცესზე მოსასმენ აპარატებს აყენებდნენ და კუდ-ის თანამშრომლები ეზოში მდგარ ჯიპში უსმენდნენ ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პატიმრებს.

"გათავისუფლებულმა მანდატურებმა გუშინ "უფლებადამცველთა გაერთიანების" წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჟუჩოკები ყენდებოდა ადვოკატების, ნაფიცი მსაჯულების მაგიდების ქვეშ, იწერებოდა მათი საუბრები. წინასაარჩევნო პერიოდში მანდატურები გადიოდნენ წვრთნებს, რაც კანონით მათთვის განსაზღვრული არ იყო. სასამართლოს შენობის ქვეშ კეთდებოდა 500-600 კაცზე გათვალისწინებული საკნები, რადგან არჩევნების შემდეგ იგეგმებოდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა დაპატიმრება. ეს ადამიანები ხედავდნენ იმ ზეწოლას, რომელსაც ახორციელებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძის კადრი ვანო ზარდიაშვილი - ავიწროებდა ადამიანებს, ვერ იტანდა განსხვავებულ აზრს და ეს ყველაფერი გრძელდებოდა 1-ელი ოქტომბრის შემდეგაც", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მორალურად მათ არ ჰქონდათ სამსახურის გაგრძელების უფლება. ესენი იყვნენ ბატონ კოტე კუბლაშვილის პროტეჟე მამუკა თურქაძე, ბატონ მიხეილ ჩინჩალაძის პროტეჟე მენეჯერი ვანო ზარდიაშვილი და ბატონ მამია ფხაკაძის პროტეჟე დავით პატიაშვილი. როცა პროცესები იწყებოდა, მოსასმენი აპარატები ყენდებოდა არა მხოლოდ სასამართლო დარბაზებში, არამედ სათათბირო ოთახებშიცა და სასადილო ოთახშიც, ადვოკატისა და განსასჯელის მაგიდის ქვეშაც. მაგალითად, ასე იყო ბიზნესმენების ფუქსისა და ფრენკელის პროცესზე", - აღნიშნა გიორგი უშვერიძემ. თამაზ სარალიძის განმარტებით, "ქართველი ერის მიერ გაკეთებულ არჩევანსა და შექმნილ სხვა რეალობას ისინი მტკივნეულად აღიქვამენ". მანდატურების განცხადებით, სასამართლოს დიდმოხელეები ეუბნებიან, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში 6 თვის შემდეგ მობრუნდება", - დასძენს გამოცემა.

"პირველ რიგში ეს ჩვენი სასამართლოს მენეჯერისა და მისი საახლობლო წრისგან მოდის. მთლიან ვერტიკალში თუ ავიღებთ, ეს ხალხი უშუალოდ მეგობრები და ნათესავები არიან! უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძის მეჯვარე, მისი საახლობლო და სამეგობროა. მენეჯერი ახალი თანამდებობაა, ადრე აპარატის უფროსად იწოდებოდა. ვანო ზარდიაშვილმა პირადად მე გამკილავად მითხრა, შენ ყოველთვის მცდარი პოლიტიკური შეხედულებები გქონდა, ახლაც ასეთი გაქვს, შენი გამოსწორება ალბათ არ იქნებაო და ჩემი ქალაქიდან რაიონში გაშვება მოითხოვა. როგორც შემდეგ გავარკვიე, ყველა სასამართლოში მათი საახლობლოა წარმოდგენილი", - განაცხადა თამაზ სარალიძემ. ხოლო ზურაბ ღუღუნიშვილის თქმით, ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც ძირითად საახლობლო წრიდან ხდებოდა და ნაფიცი მსაჯულების უფროსი ის პიროვნებაა, ვისმა ფირმამაც გაიმარჯვა ტენდერში და ახლა მათ ფორმებს უკერავს", - წერს სტატიის ავტორი.

"ისინი არჩევნებზე ელოდნენ გამარჯვებას. ამის დასტურია ის, რომ 2012 წლის 27 აგვისტოდან ჩვენთან დაიწყო მანდატურების სერიოზული ფიზიკური მომზადება. მოიყვანეს ინსტრუქტორი, რომელიც გვამზადებდა ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგი, რომელიც ფსიქიკურად გვამუშავებდა, რაც მანდატურის სამსახურს არანაირად არ სჭირდება. ელოდნენ საპროტესტო აქციებს, ამზადებდნენ ახალ საკნებს", - განაცხადა ზურაბ ღუღუნიშვილმა. "უშუალოდ მამუკა ფხაკაძე და ვანო ზარდიაშვილი, რომლებიც ჩვენს წვრთნას ესწრებოდნენ, ამუშავებინებდნენ ისეთ ილეთებს, რომლითაც, ფაქტობრივად, პიროვნების გაუვნებელყოფა ერთი დარტყმით შეგვძლებოდა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში იქნებოდა" - აღნიშნა გიორგი უშვერიძემ. მისივე თქმით, ყველაფერი კოტე კუბლაშვილის ხელდასმით ხდებოდა, რომლის პროტეჟე მამუკა თურქაძე მივლენილი იყო პავლე კუბლაშვილის საარჩევნო შტაბში დასახმარებლად", - დასძენს სტატიის ავტორი.