ინფლაცია ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა

ინფლაცია ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცა

საქართველოში ინფლაცია მაღალი ტემპით იზრდება. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაცია უკვე 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის პიკური მაჩვენებელია.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ინფლაციის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდაა. სურსათის ჯგუფში ფასები 13.5%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი).

ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ჯერ შედეგი არ ჩანს. სებ-ში ამბობენ, რომ ქვეყანაში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება იქამდე, სანამ ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს არ დაუახლოვდება.

ამასთანავე, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ინფლაციის ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორს დღეს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება წარმოადგენს. ინფლაციის ზრდის მეორე ძირითადი ფაქტორი თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდაა, რასაც ეროვნული ბანკი „ერთჯერად ფაქტორად“ მოიხსენიებს. თამბაქოს ნაწარმზე ფასები წლიურ ჭრილში 26.8%-ით არის გაზრდილი.

არასახარბიულო მდგომარეობაზე საუბრობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდშიც. „ლარის გაუფასურებამ გაზარდა წლიური ინფლაცია 6.9 პროცენტამდე ოქტომბრის მდგომარეობით. ჩვენ ველით წლის ბოლომდე, რომ 7,2%-იანი ინფლაცია სამიზნე 3-პროცენტიან მაჩვენებელს 2020 წლის ბოლოს დაუბრუნდება, როცა ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ფასებზე მიილევა და მონეტარული პოლიტიკა საჭიროებისამებრ გატარდება“, - აცხადებენ სავალუტო ფონდში.

მიუხედავად მძიმე ვითარებასა, საქართველოს მთავრობაში სულაც არ ღელავენ. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ინფლაცია საქართველოში არ არის საგანგაშო და ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება.

„ჩვენ ამ ფაქტს ვაღიარებთ, თვალს ვუსწორებთ, რომ ლარის გაუფასურების კვალდაკვალ მოხდა ინფლაციური პროცესების გააქტიურება. ნიშნულები არ არის საგანგაშო, თუმცა ეროვნულმა ბანკმა უკვე მოახდინა რეაგირება. საკმაოდ მძლავრი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა, ჩემი აზრით და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, არ დავიჯეროთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მოხდება ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულამდე დაყვანა და შემდეგ ის გააგრძელებს ქვემოთ სვლას. ამის ყველა წინაპირობა არის და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკისა და მთავრობის პოლიტიკა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სამაგიეროდ, მწვავე შეფასება აქვს ახლახან პოლიტიკაში ფეხშედგმულ ბადრი ჯაფარიძეს.

„ასეთი მაღალი ინფლაცია პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას და განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. საგანგაშოდ მაღალია ინფლაციის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ციფრს, რომლითაც ამაყობენ და აცხადებენ, რომ ოქტომბერში ეკონომიკის მაჩვენებელი გაიზარდა 5%-ით. იცით, რასთან შედარებით გაიზარდა? შარშანდელ მესამე კვარტალთან, როდესაც ძალიან დაბალი ზრდა დაფიქსირდა. დღეს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2020 წლისათვის 4,3 პროცენტი იქნება. საერთაშორისო ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ მშპ-ს ზრდა 4.8 პროცენტი იქნებოდა. ეს არის ძირითადი პრობლემა, რომლის გადაჭრის არანაირი პროგრამა და ხედვა არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან.

ეკონომიკა არაეფექტურად იმართება. ამან გამოიწვია ლარის გაუფასურება, რაც აისახა ინფლაციის გაორმაგებულ ტემპში. მიზნობრივი მაჩვენებელი 3% უნდა ყოფილიყო. ხოლო როდესაც 3%-დან 7%-ს ვიღებთ, ნიშნავს, რომ მათ მიერ გაკეთებული პროგნოზი არასანდოა. შესაბამისად, ეს ადამიანების და ინვესტორების მოლოდინებსაც ცვლის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

უკმაყოფილონი არიან ექსპერტებიც. ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ივნისის ნაცვლად სექტემბერში გაამკაცრა და ინფლაციის მართვის თვალსაზრისით, პრევენციული ზომების მიღება დააგვიანა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდამ ეფექტი ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასწყისში მოახდინოს.

„როდესაც მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, ამას ხშირად საშუალოვადიანი პერსპექტივა აქვს. ვგულისხმობ, რომ ჩვენ რომ მონეტარული პოლიტიკა ივნისში გაგვემკაცრებინა, ინფლაციის მართვის თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიგვეღო და ბერკეტები გამოგვეყენებინა, დღეს შედეგი უკვე დადგებოდა. მაგრამ სექტემბერსა და ოქტომბერში გაზრდილმა განაკვეთმა შედეგი შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოიღოს“, -განაცხადა ანდრია გვიდიანმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.