რატომ გრძნობს ციხეში თავს ყველაზე უსაფრთხოდ ბაჩო ახალაია

რატომ გრძნობს ციხეში თავს ყველაზე უსაფრთხოდ ბაჩო ახალაია

"მას შემდეგ, რაც ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა, ბევრი ვერსია გამოითქვა, თუმცა საინფორმაციო საშუალებები, უფრო მეტად ერთ ვერსიაზე აკეთებენ აქცენტს - ახალაიას ჩრდილოკავკასიელების მუქარების გამო უცხოეთში არ დაედგომებოდა და სამშობლოში იმიტომ დაბრუნდა, რომ მისთვის ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილიაო. "ალია" "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" ხელმძღვანელ ზაალ კასრელიშვილს ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რატომ ელოდებიან ჩრდილოკავკასიელები ბაჩო ახალაიას გასამართლებას?

"როგორც მე მითხრეს და ინფორმაცია მაქვს, მან რაღაც საფრთხეები იგრძნო - მას აქვს თავისი კავშირები, რომლის მეშვეობითაც ამ საფრთხეების შესახებ აცნობეს. ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ჩრდილოკავკასიელებმა ახალაიას და მის საახლობლოს ლაფანყურის სისხლიანი ოპერაციის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ ადამიანებს, მათ შორის ახალაიას გარემოცვის იმ წევრებს, რომლებსაც საზოგადოება შეიძლება არც კი იცნობდეს, მთელ მსოფლიოში ეძებენ ცალკე ისლამური იატაკქვეშა ორგანიზაციები, ცალკე ამ ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი პიროვნების ოჯახის წევრები და ცალკე კიდევ არის საქართველოს მოქალაქეთა ერთი ჯგუფი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

"ეს საქართველოს მოქალაქეები ვინ არიან, არ ვიცი, მაგრამ სიტყვა-სიტყვით გადმოგვცეს, მხოლოდ ჩრდილოკავკასიელები კი არა "თქვენებიც ეძებენო". ამის მეტი არაფერი ვიცი. არ დაუკონკრეტებიათ, მაგრამ როგორც ვიცი, ახალაიასთან თავისი ანგარიშები კრიმინალურ ავტორიტეტებსაც აქვთ და იმ ბიზნესმენებსაც, რომელთაც წვალებით შეკოწიწებული ბიზნესი წაართვეს. მე არ ვიცი, ახალაიები იყვნენ თუ არა ჩართული ბიზნესების წართმევაში, მაგრამ ასეთი ინფორმაცია ჩემამდე ნამდვილად მოვიდა", - დასძენს "კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე და შეკითხვას - "ხომ არ იცით რას ამბობენ ჩრდილოკავკასიელები მას შემდეგ, რაც ახალაია დააპატიმრეს?" - პასუხობს:

"სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მაგრამ ცხადია, ციხეში უფრო დაცული იქნება, ვიდრე გარეთ. ერთი ის ინფორმაცია მაქვს, რომ ჩრდილოკავკასიელები ელოდებიან სასამართლო პროცესს, რადგან აინტერესებთ, რა ბრალდებას წაუყენებენ და რის გამო ჩასვამენ ციხეში. აინტერესებთ, იქნება თუ არა ბრალდებებს შორის ლაფანყურის ოპერაცია და განსაჯაროვდება თუ არა ეს საკითხი. ასევე ის, თუ ვინ დასჯება ამ ოპერაციაში დახვრეტილი ბიჭების გამო".