ციფრული ვალუტის გამომუშავებამ პრობლემები რეგიონებშიც შექმნა

ციფრული ვალუტის გამომუშავებამ პრობლემები რეგიონებშიც შექმნა

ბიტკოინის ფასი დიდი და ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ კვალვ აღმა წავიდა. წლის დასაწყისში თუ ფასი 5000 დოლარს არ აღემატებოდა, ახლა უკვე 9000 დოლარს გადასცდა. შესაბამისად, მის მიმართ ინტერესიც ისევ გაიზარდა და საქართველოში დახურული „მინიფერმები“ კვლავ ამოქმედდა. შესაბამისად, იზრდება ელექტროენერგიის ხარჯიც.

ამ კუთხით ვითარება გართულდა რეგიონებშიც. განსაკუთრებით იქ, სადაც დენი ან უფასოა, ან შეღავათიანი ტარიფით მიეწოდება. მაგალითად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო პერიოდში საოცრად დიდი ტემპით იზრდება, რის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ადგილობრივების მიერ კრიპტოვალუტების მოპოვება წარმოადგენს. „ენერგო პრო ჯორჯიამ“ წლების წინ რეგიონში არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაეხდევინებინა სვანეთის მცხოვრებთათვის ელექტროენერგიის საფასური. თუმცა, იმის გამო, რომ რეგიონში უკანასკნელ პერიოდში ენერგომოხმარება მაღალი ტემპით გაიზარდა, „ენერგო პროს“ სვანეთის ელექტრომომარაგება სულ უფრო ძვირი უჯდება. რამდენადაც კრიპტოვალუტების მოპოვება კომპანიას პრობლემად ექცა, ახლა უკვე სპეციალური ზომების მიღებას გეგმავს.

„სვანეთის რეგიონს ელექტროენერგია ნამდვილად უფასოდ მიეწოდება, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ თავის დროზე, რეგიონის მდებარეობის და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. ბოლო დროს კი ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა, ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებს ელექტროგადამცემი ხაზები და ხშირია ავარიული გათიშვები, ასეთი ზრდა არასდროს ყოფილა გათვალისწინებული, მათ შორის არც კომუნისტების დროს...

კრიპტოვალუტების გამომუშავების მოწყობილობების აღმოსაჩენად, ყველა საფიდერე ხაზზე მოეწყობა საბალანსო აღრიცხვის წერტილები. აგრეთვე, სატრანსფორმატორო პუნქტებზე დამონტაჟდება მრიცხველები, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობის ფონზე, რაც აფერხებს ჩვენ მიერ დაგეგმილი სამუშაოების წარმოებას“, - განუცხადეს „ბიემს“ „ენერგო პრო ჯორჯიაში“.

აღსანიშნავია, რომ საფასურის გადაუხდელობის გამო, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, კომპანიის კარგვა არის 50 მლნ კვტ/სთ 8 მლნ ლარი.

ციფრული ვალუტი გამომუშავების გამო ელექტროენერგიის გაზრდილ ხარჯზე საუბრობს სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანიაც. მისი ინფორმაციით, მოხმარების 10% სწორედ ციფრული ვალუტის მაინინგზე მოდის.

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია, ანუ მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნორმალურ ქვეყნებშიც ასეა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, დაახლოებით იმდენით იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებში გვქონდა, თუმცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 7-8 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, ანუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც სამი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის აქტიური პოლიტიკა; მეორე - კრიპტოინდუსტრია და მისი წარმოება, ანუ ე.წ. მაინინგი, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს და ჩვენი მოხმარების 10 პროცენტზე მეტი სწორედ მასზე მოდის; მესამე - ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს ელექტროენერგიაზე მაღალ მოთხოვნას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Katana . არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი, რომელსაც ელემენტარული სითამამე სჭირდება მხოლოდ: თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენო მთელი მოსახლეობა!
არავითარი შეღავათები არავის!
ყველამ გადაიხადოს დანახარჯი!
ზოგმა მილიონები აკეთოს უფასო ელექტროენერგიით და ზოგ გაჭირვებულს კიდევ, საფასურის გადაუხდელობის გამო, დენი ჩაუჭრან - სადაური სამართალია?!
4 წლის უკან
ფირცხალა სვანების დიდი პატივისცემის მიუხედავად, აუცილებლად უნდა იხდიდნენ გადასახადს !!!! ვინმე შეჭირვებული/გაჭრვებული თუ არის, იმათთვის ასე, თუ ისე მოქმედებს შეღავათები, რომელიც ჩემგან და სხვა ,,მოკვდავებისაგან" შესაბამისად განსხვავდება (მთის კანონიც ეხებათ და სოციალური პაკეთებიც. + სეზონზე ტურისტებისგანაც კარგად ,,შოულობენ" - ვისაც შეშურდეს ....).
და ვინც რამდენს დახარჯავს, გადაიხადოს შესაბამისად !!!
ისე, რა უნამუსოები არიან - სვანეთში ჰესების აშენებას აპროტესტებენ, დენის გადასახადს არ იხდიან და ელექტროგადამცემი ხაზის ანძის მონტაჟისთვის ადგილის დადგენილი ტარიფით გასხვისებაზეც უარს ამბობენ (კვადრატულში 100 $ ითხოვენ :( )...
4 წლის უკან