"პარტია "თავისუფალი საქართველო", სხვებისგან განსხვავებით, არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში გათქვეფას და შეერთებას არ აპირებს. შევინარჩუნებთ ჩვენს კურსს და მუდმივად ვიქნებით ოპოზიციაში როგორც ხელისუფლებასთან, ასევე ოპოზიციასთან და სხვებისგან განსხვავებით, არავის მივუერთ-შევუერთდებით", - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც ახალი ხელისუფლებისა და ხელისუფლებიდან ოპიზიციაში გადასული პოლიტიკური გუნდის მოქმედებებს აფასებს.
- ყოფილი ხელისუფლების თქმით, "ქართული ოცნება" ისეთ რამეს შეჰპირდა საზოგადოებას, რომლის შესრულების თავიც არ აქვსო... უბრალოდ, სირცხვილია, ერთი კვირის დამტკიცებულ მთავრობას უსაყვედურო, რომ დაპირებებს არ ასრულებს. როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს პოლიტიკურ კი არა, ფსიქოლოგიურ პრობლემებზე მიანიშნებს. მათ არ უნდათ, რეალობას თვალი გაუსწორონ. რეალობის აღქმის პრობლემა მუდმივად ჰქონდათ და ამიტომაც მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს...
"ნაციონალები" დაპირებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდნენ, მაგრამ მათი დისკრედიტაცია რამდენიმე თვეში კი არა, 3-4 წლის შემდგომ დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო მათი დისკრეტიდაცია. მანამდე მათ სრული კარტბლანში ჰქონდათ. არადა, იმ ოთხი წლის განმავლობაში სასწაულები აკეთეს, მშვიდობიან აქციებს არბევდნენ, ხალხი ქუჩაში ჩახოცეს, გირგვლიანის მკვლელობა, კაფეებიდან ბიჭების გატაცება და წამება, 16-სართულიანი სახლების დანგრევა და ხალხის ქუჩაში გამოყრა... ამ ყველაფრის შემდეგ ისინი ცდილობენ, რამდენიმე თვეში ივანიშვილის დისკრედიტაცია მოახდინონ და ხალხში იმედგაცრუება შემოიტანონ, იმას ელოდებიან, რომ ხალხი დაიწყებს მოთქმას, "მიშა, დაბრუნდის" დაიწყებს, რაც თეორიულადაც შეუძლებელია. რაღაც მიმდინარე შეცდომები ამ ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, ხალხის წამებით დახოცვასა და კორპუსების დანგრევას არ აპირებენ. ახალ მთავრობასთან რაღაც შეკითხვები მაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ მუშაობაში უკვე ეჭვი უნდა შევიტანო.
- რა შეკითხვებს გულისხმობთ?
- მაგალითად, არ მომწონს სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურა, ამის ჩატარება უფრო დემოკრატიულადაც შეიძლებოდა. აქამდე "ოცნება" გვპირდებოდა, რომ სახალხო დამცველი საზოგადოების აზრის გათვალისწინებით დაინიშნებოდა. თამარ გურჩიანი რომ დაინიშნოს და შემდეგ გამოვიდეს ბატონი გია ხუხაშვილი და თქვას, ეს ხალხის არჩევანი იყოო, არ იქნება მართალი, რადგან ყველა გამოკითხვაში დიმიტრი ლორთქიფანიძე ლიდერობს. აქვე, სოზარ სუბარს ვურჩევ, ამ პროცესს გაემიჯნოს, რადგან მისი ჩარევა იგივეა, კალმახელიძეს ან ახალაიას დაენიშნა სახალხო დამცველი.
- არასამთავრობო ორგანიზაციები ლორთქიფანიძეს ჰომოფობიურ განცხადებებში ადანაშაულებენ...
- ახალგაზრდა იურისტები უსინდისოდ იქცევიან, როცა ამაში სდებენ ბრალს. ჯობს, იმას მიხედონ, გრანტების ათვისებით რომ არიან დაკავებული. სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული კანდიდატებიდან, გელა ნიკოლეიშვილის გარდა, პოლიტპატიმრების თემაზე საუბარს თავს არიდებდა ყველა, მათ შორის გურჩიანი და მუხაშავრიაც, ამიტომ ან ლორთქიფანიძე უნდა დაინიშნოს, ან გელა ნიკოლეიშვილი. გურჩიანის დანიშვნა უბრალოდ სილის გაწვნა იქნება.
- შსს-ზე თქვით, არაფერი შეცვლილაო. კუდი და სოდი უქმდება, თუ სტრუქტურულ ცვლილებებს გულისხმობთ...
- არჩევნებამდე, კოალიცია "ქართული ოცნების" შემადგენლობაში არსებული თითქმის ყველა პოლიტიკური ძალიდან ლამის ყოველდღე გვესმოდა, რომ შს და უშიშროების სამინისტროს გაყოფა უნდა მომხდარიყო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს არ მოხდება. რაც შეეხება კუდსა და სოდს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში არსებობს ერთმანეთისგან ფუნქციურად განსხვავებული შს და უშიშროების სამინისტროები, რადგან არ შეიძლება, ორი ოპერატიული ძალაუფლება ერთი უფროსის ხელში იყოს და ის აკონტროლებდეს. თავის დროზე, მე და "ქართული ოცნების" რამდენიმე ლიდერი, არ მინდა მათი დასახელება, ერთად ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს, რომ საქართველოში მან პირველად გააერთიანა ეს უწყებები... და მხოლოდ ეს არ არის ის, რაც მე "ოცნების" სამოქმედო გეგმაში ხმამაღალ განცხადებად მიმაჩნია.
- კიდევ რას უყურებთ ეჭვის თვალით?
- მედიის თავისუფლებას, რადგან საქართველოსნაირ ქვეყანაში, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მედია ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ ფინანსდება და ეს განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ იყო თვალსაჩინო. მგონი, არავინ შემედავება, რომ ივანიშვილისა და სააკაშვილის ტელევიზიები ერთმანეთის ჩასაძირად გაკეთებულ მარაზმ სიუჟეტებს ახვევდნენ თავს საზოგადოებას. თუ შემდგომშიც ასე გაგრძელდა, ვერც მთავრობა იქნება სრულყოფილი და ვერც ოპოზიცია, და ამ ფონზე ვერც სამოქალაქო საზოგადოება განვითარდება, რადგან მედიის როლი ამ საქმეში ძალიან დიდია.