ვინ არის

ვინ არის "მღვდელმთავრობიდან განყენებული" პეტრე ცაავა?!

სინოდის გადაწყვეტილებით, სკანდალური განცხადებებით გამორჩეული მეუფე პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადაყენებულია. ვინ არის ეპისკოპოსი, რომელმაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მე-2 “პიდარასტიით და მამათმავლობის ცოდვით შეპყობილად“ მოიხსენია?! “2020NEWS“ გავლენიანი სასულიერო პირის, პეტრე ცაავას ბიოგრაფიას გთავაზობთ:

მიტოპოლიტი პეტრე, ერისკაცობაში პაატა რევაზის ძე ცაავა, დაიბადა 1970 წლის 7 აპრილს ქალაქ სენაკში. 1987 წელს დაამთავრა სენაკის VII საშუალო სკოლა; ხოლო 1992 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი. 1997-2000 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში და ამავე დროს ცხოვრობდა და აღასრულებდა მორჩილებას საქართველოს საპატრიარქოში რეზიდენციაში. 2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მორჩილი პაატა (ცაავა) გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში - სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად. 2000 წლის 27 აგვისტოს ბათუმისა და სხალთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღკვეცა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოს წმ. გიორგის სახელობის ტაძარში და უწოდა სახელი პეტრე, მისი მფარველია წმიდა პეტრე მოციქული; ბათუმისა და სხალთის

მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ იმავე წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, გერგეტის წმ. სამების სახელობის ტაძარში ბერ-დიაკვნად დაასხა ხელი. 2000 წლის 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში ბერ-დიაკონ პეტრეს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მას დაევალა მღვდელმსახურება ყაზბეგის რაიონში, სნოს ხეობის სოფლებში. ამავე დროს მღვდელ-მონაზონი პეტრე განაგრძობს საქართველოს საპატრიარქოს სოფელ სნოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას.

2002 წლის 16 ივლისს, გერგეტობის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმონაზონი პეტრე დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და აღიყვანა იღუმენის ხარისხში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით წილკნის ეპარქიას გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ახალი საეკლესიო ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით მას სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია ეწოდა. ამ ეპარქიის ეპისკოპოსად წმინდა სინოდმა გამოარჩია იღუმენი პეტრე (ცაავა). 2002 წლის 27 ოქტომბერს სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსმა პეტრემ პირველი სამღვდელმთავრო წირვა აღავლინა დაბა ყაზბეგის (დღევანდელი სტეფანწმინდის) საკათედრო ტაძარში. ამ დროიდან იწყებს იგი სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. ოთხი წლის განმავლობაში სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში დაარსდა რამდენიმე მამათა და დედათა მონასტერი, შესრულდა ძირითადი აღდგენითი და განახლებითი სამუშაოები ყოვლადწმიდა სამების გერგეტის ტაძარში და აქ მამათა მონასტერი დაარსდა, გამრავლდა ბერმონაზონთა და ღვთისმსახურთა რიცხვი. აშენდა რამდენიმე ტაძარი, საფუძველი ჩაეყარა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობას. ეპარქიის დაარსების პირველივე თვეს გამოვიდა საეპარქიო გაზეთი “მადლიანი სტეფანწმინდა”, რომელშიც დაწვრილებით აისახა ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები.

2006 წლის 23 დეკემბერს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა, 2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს; მეუფე პეტრეს ჩასვლამდე ეპარქიაში მოქმედი იყო 20 ეკლესია-მონასტერი, მისი ღვაწლით აშენდა და ამოქმედდა 27 ეკლესია-მონასტერი. 2007 წლის 23 იანვარს წმ. სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა.

2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით. ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრეს მოღვაწეობას უკავშირდება 2007 წლიდან მარტვილის სამონასტრო კომპლექსის აღორძინება. სამღვდელმთავრო რეზიდენციის აშენება, მიმდებარე ტერიტორიებზე წმ. ანდრია მოციქულის მამათა და წმ. ნინოს დედათა მონასტრების დაარსება. ეპარქიაში სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვნების გამრავლება, რამდენიმე დედათა და მამთა მონასტრის დაარსება. ეპარქიის რაიონებსა და სოფლებში არსებული ტაძრების აღდგენა და ახალი ეკლესიების მშენებლობის დაწყება. აბაშის რაიონულ ცენტრში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა. სალხინოს დადიანისეული საზაფხულო რეზიდენციის აღდგენის დაწყება და მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის დაარსება. ისტორიული მარნის აღდგენა, ოჯალეშის ჯიშის ვენახების ხელახალი გაშენება და მეღვინეობის განვითარება. ასევე სოფელ სალხინოში ოჯახის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა გიმნაზია-პანსიონის დაარსება. 2007 წლიდან განსაკუთრებულად იდღესასწაულება წმ. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე “ჭყონდიდობა”. ასევე დაწესდა სულთმოფენობის მეორე დღის – ორშაბათის, ანუ მარტვილიის – მატვილობის დღესასწაულის განსაკუთრებული ზეიმით აღნიშვნა. 2008 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქო ტელევიზია “ერთსულოვნებას".

ჯაბა256 სადღაც მის ყარაბაღში მოგზაურობაზე წავიკითხე. 90-იან წლებში აზერების დაზვერვით მოხდა.
4 წლის უკან