ვინ ამუხრუჭებს ანტიდემპინგური კანონის მიღებას?

ვინ ამუხრუჭებს ანტიდემპინგური კანონის მიღებას?

ანტიდემპინგურ კანონთან დაკავშირებით ვითარება ჯერაც ბუნდოვანია. მისი არათუ მიღება, განხილვაც კი ვერ ხერხდება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე - რისკი, მაშინ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, ხოლო მეწარმეებს - სხვა. ამიტომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა კიდევ ერთი თვით გადაიდო. კაკულია მიიჩნევს, რომ ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის.

„ანტიდემპინგურ კანონზე იმპორტიორებს სხვა პოზიცია აქვთ, მეწარმეებს - სხვა პოზიცია, მაგრამ ჩვენ ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მეწარმეებისთვის გვინდა, თუმცა რისკების დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სამი კანონქვემდებარე აქტი გვაქვს, რომელზე წინასწარ თუ არ იქნა წარმოდგენილი თუ რას გულისხმობს, ასე ადამიანებს გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდებათ. ეს სამი კანონქვემდებარე აქტია: წინასწარი მოკვლევის წესი, რომელიც კანონქვემდებარე აქტია, გადაწყვეტილების მიღების წესი და წინასწარი ტარიფის წესი როგორ განისაზღვრება.

როდესაც ამ სამ კანონქვემდებარე აქტზე საზოგადოებას და ბიზნესს წინასწარ ექნება წარმოდგენა, თუ რა ტიპის იქნება გადაწყვეტილებები, ეს ანტიდემპინგური კანონის მიღებას უფრო გააადვილებს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა ტიპის ფილტრები იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი ვინმემ ბოროტად არ გამოიყენოს. თუ ამ თემებზე შევთანხმდებით, ვფიქრობ, კანონს მხარდაჭერა ექნება.

ეს არ არის კანონი, რომელიც დღეს სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, თუმცა პრევენციისთვისაც არ არის ცუდი. თუ ბიზნესის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აქ პოზიტივი უფრო მეტია, ვიდრე -რისკები, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ერთი თვით გადაიდო საკომიტეტო განხილვა და შესაძლოა, კიდევ გადავდო იმიტომ, რომ იმ სამ კანონქვემდებარე აქტზე, რომელიც ჩამოვთვალე, ვფიქრობ, ბიზნესს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა კაკულიამ.

ოპოზციაში კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული კანონი სუსტ ადგილობრივ ბიზნესს არ დაიცავს. კარგა ხანია კანონპროექტის მიღებაზე მიდის საუბარი და ჯერ წესიერად განხილვაც კი ვერ შედგა. რომან გოცირიძის აზრით, იგი სიკეთეს ვერ მოიტანს.

„ამ კანონის მიღება ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. ეს იქნება ლობისტობის, ჩალიჩის საშუალება. როცა ლარი ავარდება და ვისაც კი გაუძვირდება ქათამი, იტყვის, თურქული ქათამი დემპინგით შემოდისო.

წავიკითხე, რომ „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“ ამბობს, 30%-ით გაგვიძვირდაო დენი. 30-ით კი არა, 60%-ით გაგიძვირდებოდათ, ქვეყანაში მარეგულირებელი კომისია რომ მუშაობდეს და დენის ტარიფზე რეალური ფასები იყოს, რადგან ენერგეტიკა გაკოტრებულია და მერე იტყვიან, იცით რა, ჩემი პროდუქცია არ იყიდება და ირანული და თურქული დემპინგით შემოდისო.

ეს კანონი ძლიერების ხელში ბერკეტი იქნება, სუსტი ბიზნესი ამას ვერასდროს გამოიყენებს. ეს 5-10 ადამიანის ბიზნესისთვის კონკურენციის შეზღუდვის ფორმა იქნება, ბიზნესს არავითარი სიკეთე წაადგება. ეს არის ცუდი კანონი, ამ ცუდი მმართველობის პირობებში.

როცა რაღაცას ვერ გააკეთებ, იმას არ უნდა შეეჭიდო. ხმაურის კანონი მივიღეთ და მუშაობს? გავაძლიერეთ უსაფრთხოების (ნორმები) და ყოველ წელს გაზი ფეთქდება - ამ ხელისუფლების პირობებში ეს კანონი სარისკოა. ეს კანონი ჩვენც არ მივიღეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

კანონის მიღება, ადგილობრივი წარმოების დაცვა რომაა, ამაზე ყველა თანხმდება. მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ის თავად მონაწილეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე და სამომავლოდ ელის კიდევ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას.

„მე თავად ვმონაწილეობ განხილვებში, მათ შორის ბოლო კომიტეტის სხდომაზეც ვიყავი სამუშაო შეხვედრაზე. იქ არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ კანონის მიღება არ მოხდება. გასაგებია, რომ შეიძლება გადაიდოს საგაზაფხულო სესიამდე, მაგრამ მაქვს განწყობა, რომ ამ კანონის აუცილებლად მიიღებენ.

სამუშაო შეხვედრაზე არავის, მათ შორის, არც იმპორტიორების მხრიდან არ დაფიქსირებულა პოზიცია, რომ ეს კანონი მიუღებელია ვინმესთვის“, - აცხადებს ლევან სილაგავა.