ვინ იქნება შემდეგი?

ვინ იქნება შემდეგი?

ბაჩო ახალაიას დაკავება საზოგადოების ისეთივე დაკვეთა იყო, როგორც შევარდნაძის დროს "მხედრიონის" განეიტრალება. 2003-2012 წლებში მოქმედი "მხედრიონი 2" თავისი წინამორბედისგან იმით განსხვავდებოდა, რომ შარვალ-კოსტუმებში გამოწყობილნი, პროკურატურისა და შსს-ს გამოყენებით, კომფორტულად და ევროკავშირის დროშებით მოწყობილი კაბინეტებიდან ძალადობდნენ თუ მოროდიორობდნენ. უბრალოდ, ავტომატის ნაცვლად საპროცესო შეთანხმებებს და "ქონების ჩუქების შესახებ ხელშეკრულებებს" იყენებდნენ.

ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა სამარცხვინო ბრალდებით დააკავეს - სამხედრო მოსამსახურეების ცემა, მათ შორის, თანამოსამსახურეების წინ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ზემოხსენებული ბრალდება მომავალში იგივე ახალაიასთან მიმართებაში ყველაზე უწყინარ მუხლად გადაიქცეს. ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მასმედიაში უფრო მძიმე ბრალდებებზე იყო საუბარი, ვიდრე ცემა-ტყეპაა.

ახალაიას დაკავებას "ნაციონალური მოძრაობა" რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მონათლავდა, ადვილად პროგნოზირებადი იყო. თუმცა იგივე პავლე კუბლაშვილისა თუ დავით საყვარელიძის კომენტარები, რომ სამართალდამცველებს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვთ, კომიკურად ჟღერს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ძველი ხელისუფლების დროს შეიქმნა მაგალითად, "ფოტორეპორტიორთა საქმის" პრეცედენტი, რომელიც "შეკერილ" საქმეებში ალბათ, მსოფლიო ჩემპიონია.

სავარაუდოდ, ახალაიას დაკავებით დაიწყო ძველი ხელისუფლების ყოფილი ჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის პროცესი. თუ შსს-ს ყოფილმა მინისტრმა ყველაფერი "დაფქვა" რაც იცის, ოთხკედელშუა ალბათ, ყოფილი მმართველი გუნდის ბევრი წარმომადგენელი აღმოჩნდება.

ასე რომ, ბაჩო ახალაია ცოტა ფრთხილად უნდა იყოს. მას საფრთხე იმდენად არა ჩეჩნებისა თუ ე.წ. კანონიერი ქურდებისგან ელოდება, რამდენადაც ყოფილი თანაგუნდელებისგან.

ახალაია, კალანდაძე და შამათავა სამხედრო მოსამსახურეების ჩვენების საფუძველზე დააკავეს. თუ ჩვენებაზე მიდგა საქმე, ამის მზადყოფნას საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები გამოთქვამენ. მაგალითად, ბიზნესმენები, რომელიც წართმეული ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

მათ განცხადებებში მუდმივად ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, როგორც ბიზნესმენთა დატერორების "მთავარი კურატორი". სავარაუდოდ, მხოლოდ დროის ამბავია, რომ "კეზერა" პროკურატურაში დაიბარონ.

გამოძიებას ალბათ, კითხვები ექნება ხათუნა კალმახელიძესთანაც. თუ კალმახელიძემ სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს იცოდა პატიმართა წამების შესახებ და არაფერი იღონა მის აღსაკვეთად, ამოქმედდება მუხლი, რომელიც სასჯელს დანაშაულის მფარველობისთვის აწესებს. არსებული ინფორმაციით, ეს შესაძლოა, გამყარდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების ჩვენებებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს ლადო ვარძელაშვილიც, რომლის გუბერნატორობის პერიოდთან დაკავშირებით მედიაში არაერთი სკანდალური დოკუმენტი გავრცელებულა.

ზოგიერთმა ექსპერტმა საქართველოდან დიმიტრი შაშკინისა და ზურაბ ადეიშვილის გაქცევა, მათ "აღიარებით ჩვენებად" მონათლა. თუმცა გამოცხადდება თუ არა მათზე ოფიციალური ძებნა, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში სიტუაციის შესწავლის შემდეგ გადაწყდება. ასევე, არსებული ინფორმაციით, გამოძიების "კლიენტი" შესაძლოა, კუდ-ის ყოფილი შეფი დათა ახალაიაც გახდეს.

ასევე, თუ ახალმა მთავრობამ ბოლო წლებში მერიის მიერ ჩატარებული ტენდერების შეწავლა დაიწყო, შესაძლოა, გიგი უგულავას და სხვა მაღალჩინოსნებს ძილი გაუფრთხეთ.

ხოლო თუ გახმაურებული საქმეების გამოძიება დაიწყო (ჟვანიას გარდაცვალება, გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობები და ა.შ.) მართლმსაჯულებამ შესაძლოა, ქვეყნის ყოფილი პირველ პირებსაც მიუკაკუნოს.