«ჩემი შვილი პოლიციელებმა საკონტროლო გასროლით მოკლეს,» _ აცხადებს 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელმაც «ნაციონალთა» მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან სპეცოპერაციაზე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა. აქვე, შეგახსნებთ, რომ აღნიშნული სპეცოპერაციის დროს, ზურა ვაზაგაშვილთან ერთად, ძალოვანებმა საშკა ხუბულოვიც მოკლეს. ძალოვანებს ცოცხალი გადაურჩა ბუბა ფუთურიძე, რომელიც ამჟამად პრობაციონერია... პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი ხელისუფლება მხოლოდ ვაზაგაშვილის კი არა, სხვა სისხლიანი საქმის ორგანიზატორ-შემსრულებლებს სათანადოდ დასჯის.
იური ვაზაგაშვილი: - იმ ხალხს, ვინც შიშის სინდრომით იყო შეპყრობილი და ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვალა, ხმა არ ამოიღო, არ ვამართლებ. კაცს, რომელსაც შვილს მოუკლავენ, რისიღა უნდა შეეშინდეს? წლების განმავლობაში, ყველა შვილმკვდარ ოჯახში მივდიოდი, ერთად დადგომას და მკვლელი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გამოთქმას ვთავაზობდი, მაგრამ ზოგი თავს იკავებდა - ეშინოდა. ახლა კი, პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა, ხალხმა შიში დაძლია და ერთად უნდა დავდგეთ, რომ გაუხმაურებელი მკვლელობები გაიხსნას და დამნაშავეები საბრალდებო სკამზე დასხდნენ. ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი საქმეა შეკერილი და ყველას სათითაოდ გადახედვა საკმაოდ შრომატევადია. იმ პოლიციელებს, რომლებსაც დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, მაგრამ იძულებით მკვლელების გვერდზე იდგნენ, მოვუწოდებ, ხმა ამოიღონ. შვილების და ქვეყნის წინაშე მათი ვალდებულებაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ! ყოფილმა ხელისუფლებამ იმდენი ქნა, რომ საზოგადოებას პოლიცია შეაზიზღა. ამასთან, საზოგადოება ორ ნაწილად გაყო: ერთ მხარეს პოლიცია და «ნაცმოძრაობა» იდგა, მეორე მხარეს კი, - საზოგადოება. «ნაციონალების» ლოზუნგი ასეთი იყო: «ვინც ჩვენთან არაა, ჩვენი მტერია!» ამიტომაც, ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების შევიწროვება ხდებოდა. ახლა კი, ავტორიტეტი, პირველ რიგში, პოლიციამ უნდა აღიდგინოს და კანონის დაცვას ემსახუროს. თუკი პროცესები ასე განვითარდება, ნამდვილად მექნება იმედი, რომ გაუხმაურებული საქმეები დროულად იქნება გამოძიებული.
ბატონო იური, როგორც ვიცი, თქვენი ვაჟის მკვლელობის საქმეში ბევრი ახალი დეტალი გამოიკვეთა...
- დიახ, ასეა. ზურას მკვლელებს ხელს აქამდეც ვადებდი, მაგრამ იმ წესიერ პოლიციელებს, რომლებისგანაც ინფორმაცია მქონდა, არ ვასახელებდი, რადგან კარგ დღეში არ ჩავარდებოდნენ. ახლა კი, შევიტანე სარჩელი იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიასაც მივმართავ, რომ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას ნათელი მოეფინოს, თუმცა, ჩემი შვილის საქმე, პრაქტიკულად, გამოძიებულია, ანუ ეს განზრახ მკვლელობა იყო. დაცხრილულ ავტომობილში მსხდომთაგან მხოლოდ ბუბა ფუთურიძე გადარჩა, რომელთანაც მოგვიანებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - ციხეში ოთხი წელი იჯდა, ახლა კი, ექვსი წელი პირობითი აქვს მისჯილი. რასაც ვამბობდი, დაამტკიცა _ მას ქვედა კიდურებში 15 ტყვია მოხვდა, რაც ამოსაღებია და სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. აქამდე ბუბას ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, თუ პოლიციისთვის სასურველ ჩვენებას არ მისცემდა, ოპერაციის გაკეთების საშუალებას არ მისცემდნენ და 30 წელს მიუსჯიდნენ. ფუთურიძე ამბობს, სროლის შეწყვეტის შემდეგ, ხუბულოვი გარდაცვლილი, ზურა კი, ისევ ცოცხალი იყოო. ვიმეორებ: ზურა ცოცხალი იყო და საკონტროლო გასროლით მოკლეს! ამასთან, გამოჩნდა პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ამბობს, ბიჭების მანქანიდან სროლა არ ყოფილა, რადგან მათ იარაღი არ ჰქონდათო. ამ პოლიციელმა ისიც დაინახა, სამინისტროს ეზოში პოლიციამ მანქანა როგორ გააჩერა და ესპერტი ზაზა აქუაშვილი მიიყვანა, მერე, როგორ ჩაამტვრიეს მანქანის უკანა საქარე მინა, საიდანაც თითქოს ბიჭები ისროდნენ. ჩემს შვილს კი, შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ ესროლა, რომელიც ამ სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა! ადგილი ჰქონდა ჩასაფრებას, რაშიც სერიოზული მონაწილეობა აქვს მიღებული მთაწმინდის პოლიციას, რადგან მხოლოდ ამ რაიონიდან 22-მდე პოლიციელი იყო გაგზავნილი სპეცოპერაციაზე. ამასთან, არიან მოწმეები, რომლებიც ჰყვებიან, თუ ვინ ჩააწყო მანქანაში იარაღი. ეს საქმე თავად მკვლელებმა გამოიძიეს და რას იზამდნენ, საკუთარ თავს დააპატიმრებდნენ? ზურას მკვლელობაში მონაწილეობდა გიორგი ხიზანიშვილიც, რომელიც ამჟამად «მატროსოვის ზონის» უფროსია _ ამ თანამდებობაზე სამი კვირის წინ გიორგი ტუღუშმა დანიშნა. სოზარ სუბარმა კი, როცა სახალხო დამცველი იყო, ამ მკვლელობას «სახალხო ჩაცხრილვა» უწოდა. სხვათა შორის, ადეიშვილმა ამ მკვლელობის შესახებ არსებული საბუთები დახია. სპეცოპერაციის კადრებში ჩანს «სპორტულებში» ჩაცმული კაცი _ ვაჟა ლომიძე, რომელსაც მერაბიშვილის მოადგილე, ლევან გვაზავა მფარველობდა. მერე, ის ვინმე ქავთარაძემ შეცვალა, რომელიც ვაჟა ლომიძის ქვისლი აღმოჩნდა. ასე მფარველობდნენ ერთმანეთს მკვლელები...
ბატონო იური, მაინც, ვის ინტერესებში შედიოდა თქვენი შვილის მკვლელობა?
- ეს არის ძალიან სერიოზული საქმე, რომელიც დაგეგმა ლევან გვაზავამ. სპეცრაზმიდან გიორგი ნაკანის ჯგუფიც იყო ჩართული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ სამართალი პურს ჭამს და «ნაცმოძრაობა» თავის მიერ დაღვრილ სისხლში დაიხრჩობა!
არსებული ინფორმაციით, ადეიშვილმა, შაშკინმა და ძმებმა ახალაიებმა საქართველო დიდი ხანია, დატოვეს, თუმცა ვანო მერაბიშვილ და გიორგი ბარამიძე წასვლას არსად აპირებენ. მეტიც, ბარამიძე თანახმაა, რომ აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებასთან ითანამშრომლოს...
- ვანო მერაბიშვილი ყველა მკვლელობის თანამონაწილეა, მისი ცოლი კი, გირგვლიანის საქმეში ფიგურირებს. მერაბიშვილმა ქვეყანა, ჩემი აზრით, იმიტომ არ დატოვა, რომ ის ხალხი, ვისგანაც კვალი მასზე გავიდოდა, დიდი ხანია, გაუშვეს. ეს ხალხი დამნაშავეა, მაგრამ ვიდრე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება, ახალი მთავრობა მათზე ძებნას ინტერპოლით ვერ გამოაცხადებს. ისე, მგონია, რომ მათი მოძებნა გაჭირდება _ ევროპაში მოძებნა არ ჭირს, მაგრამ ზოგიერთი აზიის ქვეყანასა და რუსეთშია. რაც შეეხება გია ბარამიძეს, რომელსაც «კაც-კუბდარს» ეძახიან, მის კისერზეა აფრასიძეების გაუბედურება და ბარამიძე, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ კარგი დღე არ ელის. ამიტომაც ამბობს, გამოძიებასთან ვითანამშრომლებო. ის გაქცევას ვერ შეძლებს _ ვიცე-სპიკერია და თუ გაიქცევა, ეჭვებს უფრო გაამძაფრებს. ისე, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, საზოგადოება უნდა გაძლიერდეს და მან უნდა აკონტროლოს ხელისუფლებაო. თუ ეს არ მოხდება, დამიჯერეთ, საზოგადოება ვეღარ მოითმენს ხელისუფლების თავგასულობასა და უპასუხისმგებლობას. თუ ყველაფრის მიმართ ინერტულები გავხდებით, არასოდეს გვეყოლება დემოკრატიული ხელისუფლება. გირგვლიანის მკვლელებს პირადად სააკაშვილი რომ მფარველობდა, ეს ხომ ნათელია? _ გასამართლების მერე, შეიწყალა და თანამდებობებზეც დანიშნა. ზურას მკვლელი გიორგი ცააძე, რომელიც შეწყალების სიაში არ იყო, პირადად პრეზიდენტმა შეიწყალა და ციხიდან ღამის 3 საათზე გამოუშვეს... სანდრო გირგვლიანის საქმე კი, ალეკო მგელაძემ გააყალბა. რა უნდა პარლამენტში გიორგი ღვინიაშვილს, რომელმაც გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეები გააყალბა? ამ ადამიანს აქვს მორალური უფლება, რომ პარლამენტში იჯდეს და იქიდან, როლანდ ახალაიასთან ერთად, მორალი გვიკითხოს? ამათ თავგასულობას წერტილი მალე დაესმება!