მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე: „ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“

მაისაია ჰაკერულ თავდასხმაზე: „ეს რუსეთის ხელწერას ჰგავს“

„არ გამოვრიცხავ და ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეს რუსეთის ჰაკერული ჯგუფების მორიგი თავდასხმაა, რადგან ეს ძალიან ჰგავს მათ ხელწერას,ვფიქრობ, რომ მასობრივი კიბერთავდასხმა იმ საბრძოლო შეტევების გაგრძელებაა, რომლებიც მათ მცოცავი ოკუპაციის პირობებში შეგვიქმნეს," - ასე ეხმიანება „რესონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია საქართველოს კიბერ-სივრცეში განხორციელებულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმას.

ორშაბათს დილიდან საქართველოს სამთავრობო, საპრეზიდენტო, საორგანიზაციო, კერძო და სატელევიზიო ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები ხორციელდებოდა, თავდასხმების მსხვერპლი ჯამში 2 ათასამდე საიტი გახდა.

ვებ გვერდებზე გადასვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ჩნდებოდა წარწერით "I LL BE BACK" („მე დავბრუნდები").

მაისაიას თქმით, საქართველოს მსგავსი მასობრივი თავდასხმა რუსეთიდან მანამდე ოთხჯერ განხორციელდა, რის შედეგადაც კონკრეტული კომპიუტერები მწყობრიდანაც კი გამოდიოდა.

„კიბერ თავდასხმებზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტელექტუალური სამხედრო მოსამსახურეების ასეულები მუშაობენ, ასევე რუსეთის ეროვნული მართვის ცენტრი და გენშტაბის მეორე მთავარი სამმართველოს მოქმედი კიბერ-ჰაკერული ჯგუფები, რომლებიც სამხედრო პირები არიან, ესენი ყველა რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებით მოქმედებენ.

„სააკაშვილის ფოტოს გამოყენებაზე შესაძლოა ორი ვარიანტი იყოს, ერთი ვარაუდით ეს შესაძლოა ერთგვარი ბოროტი ხუმრობაც იყოს, მეორე ვარიანტით შესაძლოა სააკაშვილის კავშირის მინიშნება იყოს მოსკოვის გარკვეულ დაჯგუფებასთან.

„ასეთი მასობრივი კიბერთავდასხმა საქართველოს აქამდეც ჰქონია, მანამდე საქართველოში მსგავსი ტიპის ოთხი კიბერშეტევა განხორციელდა, მაგალითად 2008 წლის ნოემბერში განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი მეც გახლდით, მაშინ რუსი ჰაკერების დარტყმის ობიექტი ჩემი კომპიუტერიც გახდა, რის შედეგადაც კომპიუტერიდან მთელი მასალები წამეშალა. მე მაშინ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე წიგნს ვწერდი, ამის გამო მასალები შეგროვილი მქონდა და ეს მასალები კიბერშეტევის შედეგად გაქრა," - აცხადებს იგი.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთს ეს ქმედება დაუმტკიცდა, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რათა აგრესიის ფაქტი დააფიქსიროს.

„ეს ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია და თუ დამტკიცდა, რომ ამას ოკუპანტი ახორციელებს, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას უნდა მიმართოს, რომ აგრესიის ფაქტი დაფიქსირდეს. კიბერშეტევა, ანუ ვირტუალური ტიპის აგრესია ნატომ აღიარა, როგორც სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი ფორმა. ქართულმა მხარემ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანის გამოიძიოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. რუსებს ანალოგიური შეტევები განხორციელებული აქვს იგივე აშშ-ში ბრიტანეთში და ა.შ.

„ასეთი ინტენსიური, სახელმწიფო საიტებზე და სხვა ორგანიზაციემზე მასობრივი შეტევა მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და სახელმწიფო ორგანოებზე დაქვემდებარებულ ჯგუფებს შეუძლიათ, ამის გამკეთებლები კერძო ჯგუფები არ იქნებოდნენ, ეს ვარიანტი კი მაძლევს იმის საშუალებას, რომ რუსული კიბერ ომის კლასიკურ ფორმაზე ვივარაუდო," - აცხადებს მაისაია.

ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო", სავარაუდოდ, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გავიდნენ. ინფორმაცია facebook-ით "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და საკუთრების ხელყოფას გულისხმობს.

სოციალისტი ეს რუსეთის ხელწერას კი არ ჰგავს, ეს ჰგავს ხაკერულ შურისძიებას, რომელიც განხორციელდა რუსეთისათვის საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი ხაკერის გადაცემის გამო!! ღმერთმა გენიოსი კაცი გამოგვიგზავნა საჩუქრად და სუვერენულმა ქვეყანამ იმის დაცვა არ ვინებეთ! ჯერ სად ვართ. ამას არაფრით გვაპატიებენ!
4 წლის უკან