ადრეც ვწერდი და ახლაც იმავეს მოგახსენებთ, რომ მაოგნებს ჩემი ზოგიერთი კოლეგის საქციელი წლების განმავლობაში. როცა ადამიანს შეუძლია, ორ წამში იცვალოს ფერი და სულ სხვა რელსებზე გადავიდეს, ეს მისი პიროვნული კეთილდღეობისთვის საუკეთესო ვარიანტია, ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი კი არ აქვთ, არამედ ამგვარი რამ ორგანიზმში საერთოდ არ მოეპოვებათ. შუბლი არის, მაგრამ ძარღვი - არა. ეს მარტივი ამბავია, რადგანაც არ გიწევს მისი ძიება და შესაბამისად, გაწყვეტა. ქამელეონივით მუდმივ ფერის-ცვალებაში მყოფი ჟურნალისტი ყველაზე უარესი რამ არის, რაც შეიძლება, იმ ქვეყანას დაემართოს, რომელიც დემოკრატიისკენ ნაბიჯებს ძალიან მოუხერხებელი ფეხსაცმლით დგამს. ეს ფეხსაცმელი ისედაც ძალიან უჭერს და ეს ქამელეონები ყველა ახლომდებარე მაღაზიას ხურავენ, რომ მისი შეცვლა ვერ მოხერხდეს.
ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ გესაუბროთ ერთ ჟურნალისტზე, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა გადაცემა "აუდიტორია" "პირველ არხზე", სადაც ამა თუ იმ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ან ნაკლებად მნიშვნელოვან (ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელოსაც კი) თემას მიმოიხილავდა, ფაქტობრივად, ყვითლად შეფერადებულ გადაცემას უძღვებოდა, ასეთივე ჟურნალ "სითის" აკეთებდა და არასდროს გასჩენია სურვილი, რომ რაიმეს მიმართ საფუძვლიანი პროტესტი გამოეთქვა. მაგალითად, თუკი ყველასათვის საყვარელ მომღერლებს ნატო მეტონიძეს ან ლიზა ბაგრატიონს გადაცემაში არ დააპატიჟებინებდნენ ან კობა დავითაშვილი დიეტაზე რომ ლაპარაკობდა, ამის გამო "აუდიტორიას", რომელსაც, ყველამ იცის, არ ჰყოლია მრავალრიცხოვანი აუდიტორია, ბოროტი გია ჭანტურია ეთერში არ გააშვებინებდა, გამოსულიყო ერთხელ მაინც და თუნდაც ჩვენი ჟურნალის საშუალებით ან სხვა მედიასაშუალებაში ეთქვა, ჟურნალისტისთვის როგორ "შეურაცხმყოფელ" და "დამამცირებელ" ვითარებაში უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. წლების განმავლობაში ეკა ხოფერია პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში იყო და არც მაშინ აუხსნია ჩვენთვის ნორმალურად, რატომ დატოვა "რუსთავი 2", როდესაც იქიდან ხმაურით წამოვიდა და არც "იმედის" დარბევის შემდეგ ჩასდგომია სათავეში ჟურნალისტებს, რომელთაც სამართლის ძიების სურვილი გაუჩნდათ. ეკა ხოფერიამ, უბრალოდ, ცოტა ხნით შეისვენა და საზოგადოებრივ არხზე საზოგადოებრივი გადაცემის წამყვანად მოგვევლინა. მისი გამოცდილების ადამიანს ალბათ შეეძლო, თუნდაც "მაესტროში" წასულიყო და მართალია, პატარა სტუდიიდან, მაგრამ მაინც ეკეთებინა პოლიტიკური თოქშოუ და ეთქვა მართალი სიტყვა. გარკვეული პერიოდი ის რადიო "უცნობში" მუშაობდა და მიჰყავდა თოქშოუ და, როგორც ამბობენ, თავის თანამშრომლებს არც კი ესალმებოდა, მაგრამ ეს სხვა საკითხია.
ისევ პოლიტიკურ ჟურნალისტიკას რომ დავუბრუნდეთ, ეკას ალბათ შეეძლო, სხვა გზა აერჩია, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ამიტომაც გაუგებარი იყო, როდესაც მხოლოდ "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ სასწრაფოდ მიირბინა ნინო ჟიჟილაშვილის ეთერში და განაცხადა იმ "ურიცხვი ზეწოლის ფაქტის" შესახებ, რაც თურმე ამდენი ხნის განმავლობაში გმირულად აუტანია. გაუგებარია, ვინ აიძულებდა მას, "სითიში" განუწყვეტლივ ებეჭდა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შექმნილი შოუბიზნესური და პოლიტიკური ბომონდის წარმომადგენელთა მხატვრული ფოტოები. მაგრამ როგორც კი "ქართული ოცნება" მოვიდა სათავეში, გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძისა და მისი ვაჟის, ალექსანდრეს ფოტოები მაია და ნათია ფანჯიკიძეების ფოტომ ჩაანაცვლა. ახალი ელიტაც შეიქმნა და ამაში მონაწილეობას, რასაკვირველია, იღებს ეკა ხოფერიაც. ის ბაია გადაბაძესთან ერთად სასწრაფოდ გაეშურა დებისგან ინტერვიუს ასაღებად. შეგახსენებთ, ბაიამ თავისი კარიერა უცნობის "საკნის" პროდიუსერის რანგში დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტურ წრეებში ამით გახდა ცნობილი, მერე კი სხვადასხვა თოქშოუში გადაინაცვლა, მათ შორის, "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუშიც" მუშაობდა პროდიუსერად. ეს ის ბაია გადაბაძეა, რომლის ოპერაციაც თბილისის მერმა თბილისის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხით დააფინანსა. ეკასა და ბაიას მიერ ჩაწერილმა ინტერვიუმ და საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მეუღლის გაფოტოშოპებულფოტოიანმა ყდამ სოციალურ ქსელებშიც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჟურნალ "რეიტინგს" ყვითელ პრესას ეძახიან და ჩვენი ჟურნალის ყდაზე წლებია ხვდება როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ასევე მოწინააღმდეგე და პოლიტიკაში საერთოდ ჩაუხედავი რესპონდენტების მთელი არმია. ამ დროს "სითის" რედაქტორს შეუძლია, ერთი პოლიტიკური ტალღიდან მეორეზე ასე უხეშად გადაინაცვლოს... კოლეგიალობა კარგი რამეა და ჩვენს ჟურნალს არ ესწავლება, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ასე ხშირად იცვლის ფერს და ეს კაბის ფერი არ არის, უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. ამიტომაც თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამის შესახებ დავწერო და იმედია, კრიტიკული შენიშვნებისთვის ჩვენს სფეროში ჯერ კიდევ დარჩა ადგილი.