ხორბლის მარაგთან დაკავშირებით საქართველოში საკმაოდ ბუნდოვანი ვითარებაა. ქვეყანაში რა ოდენობის სტრატეგიული მარაგია, ზუსტად არავინ იცის. ამ დროს უმნიშვნელოვანესი პროდუქტის მომარაგების მხრივ თითქმის მთლიანად დამოკიდებული ვართ რუსეთზე, საიდანაც ავტომობილებით შემოდის მარცვლეული.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას აზრით, ხორბალი სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და მის მარაგს შესაბამისი უწყებები უნდა აკონტროლებდნენ. საქართველოში ეს საკითხი უშიშროების საბჭოს უნდა დაეკისროს.
ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები უშიშროების პოლიტიკის რანგში განიხილავენ, ხოლო საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა.
„2008 წლის მსოფლიო კრიზისის მერე, გაერომ გასცა რეკომენდაცია, რომ ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, წლიურად მინიმუმ ორი თვის ხორბლის მარაგი შეინახონ. იქიდან გამომდინარე, რომ კანონი კონკურენციის შესახებ ჩვენ გვიკრძალავს გავასაჯაროოთ ინფორმაცია, რამდენი მარაგი აქვს და რა ფასში ამა თუ იმ მეხორბლეს, სახელმწიფოს ვთავაზობთ, მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკას, უშიშროების ორგანოებს დააკისრონ ამ საკითხის კონტროლი“, - აღნიშნა სილაგავამ.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი „ბიემ“-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავს.
ხორბლის საკითხი თანდათან მწვავდება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლოშიც. ბოლო ორ ათწლეულში გამოიკვეთა მარცვლეულის წარმოების შემცირების და მასზე ფასების პერმანენტული ზრდის ტენდენცია. ამას ისიც განაპირობებს, რომ მოსახლეობის ზრდა ბევრად წინ უსწრებს ერთ სულზე მარცვლეულის წარმოების ზრდის ტემპს. ბოლო 40 წლის განმავლობაში 1 ტონა ხორბლის საერთაშორისო ფასი 80 დოლარიდან 200 დოლარამდე გაიზარდა.
სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ხორბლის მსოფლიო წარმოებამ 2018 წელს შეადგინა 736,1 მლნ ტონა, რაც 2,7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2019 წელს ხორბლის მოსავალი რუსეთში 10 მლნ ტონით ნაკლები მოვიდა, საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 2018 წლის 1,9 ტონიდან 1,5 ტონამდე შემცირდა, ხოლო ყაზახეთში, იგივე მაჩვენებელი 0,7 ტონამდე დაეცა. ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნა მისი წარმოების შემცირების პირობებში 2019 წლის ბოლოსათვის გამოიწვევს მსოფლიო მარაგების 3,3%-ით შემცირებას.
აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ საქართველო ოდითგანვე უპირველესად ხორბლის მწარმოებელ და მოხმარებელ ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად იყო მიჩნეული, მაგრამ ახლა ვითარება შეცვლილია.
„სამწუხაროდ, საქართველომ, როგორც მწარმოებელმა ქვეყანამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ეს პოზიციები მკვეთრად დათმო. 1950 წლისთვის საქართველო აწარმოებდა 786 ათას ტონა მარცვლეულს, ანუ მოსახლეობის 1 სულზე 223 კგ-ს (მოსახლეობის რაოდენობა ამ პერიოდში 3.5 მლნ. ადამიანს შეადგენდა). 1980 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 5 მლნ-ს გადასცდა და მოსახლეობის 1 სულზე მარცვლის წარმოებამ 121 კგ შეადგინა. 1990 წლისთვის საქართველოს მოსახლეობამ შეადგინა 5.4 მლნ ადამიანი და 1 სულზე კვლავ 121 კგ მარცვლეული იქნა წარმოებული. 2000-2003 წლებში მარცვლის წარმოება მართალია გაიზარდა 150-155 კგ-მდე მოსახლეობის 1 სულზე, მაგრამ იგი მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ხარჯზე მოხდა. ამ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ კაცით შემცირდა.
ამდენად, რეალურ პირობებში, უკიდურესად რთული მდგომარეობა შეიქმნა: მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით 2018 წლის შედეგები ხორბლის წარმოებით 7,8-ჯერ ჩამორჩება 1950 წლის მაჩვენებელს, 4,2-ჯერ 1980 წლის მაჩვენებელს, და 5,4 ჯერ 2003 წლის მაჩვენებელს“, - აცხადებს კოღუაშვილი და დასძენს, რომ საქართველოში მარცვლეულიდან, როგორც ხორბალს, ასევე სიმინდს განსაკუთრებული სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია.