საათები ბათუმში, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, არ მუშაობს...

საათები ბათუმში, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, არ მუშაობს...

"პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად იწონებდა თავს განახლებული განახლებული ბათუმით და ამ ქალაქში დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა. ბოლო წლებში ბათუმი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ ქალაქის ცენტრალურ უბანს შეეხო _ მხოლოდ აქ დაიგო გზები და აშენდა თანამედროვე ტიპის სასტუმროები. ქალაქისთვის ევროპული იერის მისაცემად ბათუმში არაერთი ქანდაკება დადგეს, თუმცა "დაკუჭულმა ბოთლმა", კვერცხებზე შემდგარმა "შლოპანცებმა", "ჭაჭა თაუერმა" და სააკაშვილის ფავორიტი მომღერლების კონცერტებმა ტურისტები რატომღაც ვერ მოიზიდა...", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით რატომ არ მუშაობს საათები, რომელთა შეძენა-დამონტაჟებაზეც 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯა?

"საათი საკურორტო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ბათუმში, ევროპის მოედანზე, გორგილაძის N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, "პიაცასა" და ყოფილ ეროვნულ ბანკზე დამონტაჟებული ძვირადღირებული საათები ქალაქის გალამაზების მიზნით დადგეს, მაგრამ ეს საათები ხანდახან თვეობითაა გაჩერებული. ბოლოს საათის შესაძენად თანხა ბათუმის ბიუჯეტიდან ივნისში გამოიყო. 471 ათას 671 ლარად შეფასებული საათი გორგილაძის ქუჩის N2-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟდა. "პიაცაზე" დადგმულ საათში 322 ათას 286 ლარი გადაიხადეს, სულ რაღაც 20 000 დოლარად არის შეფასებული საათი ევროპის მოედანზე. ყველაზე ძვირფასი საათი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაზე იწონებს თავს, თუმცა რიგით გამვლელს დროის დადგენა გაუჭირდება, რადგან საათი ასტრონომიულია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საათი იტალიის ერთ-ერთ ქალაქში დადგმული საათის ანალოგია და იგი ქართველმა სპეციალისტებმა დაამზადეს მე-14 საუკუნის ესკიზის მიხედვით. ბათუმის მერიაში კი ამბობენ, რომ საათი გერმანიაშია დამზადებული. ასტრონომიული საათისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 725 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმში საათების შეძენა-დამონტაჟებაზე 2 მილიონ 500 ათასი ლარი დახარჯა. _ "თანხის ოდენობა ზუსტად არ ვიცი - მეც დაახლოებით ასეთი ინფორმაცია მაქვს ამ საათების ფასთან დაკავშირებით, რომ 4 საათის დამონტაჟება ბათუმში 2 მილიონზე მეტი ლარი დაჯდა. ვაპირებთ ამ საათების დემონტაჟს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით არქიტექტორებსა და ხელოვანებს, გადავწყვიტეთ, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობას დაუბრუნდეს ძველი იერსახე, მაგრამ პიაცაზე საათს ვერ შევცვლით", - აცხადებს გამოცემის აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ აკაკი ძნელაძე, რომლის განმარტებით, ძირითადად ის საათები მოიხსნება, რომლებიც ძველ შენობებშია ჩამონტაჟებული და ეს ეტაპობრივად განხორციელდება" - დასძენს გამოცემა.