„დილის ვარჯიშზე მნახე, ვინა ვარ!“

„დილის ვარჯიშზე მნახე, ვინა ვარ!“

აქამდე არსებული პრაქტიკით, პარლამენტის, კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მხოლოდ პერიოდულად ესტუმრებოდნენ ხოლმე რეზერვისტთა ბანაკებს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა შვებულების ნაწილი რეზერვისტთა მხარდამხარ, ანუ კარავში გაატარა (და, სხვათა შორის, კარვებში არსებული ტემპერატურა - 45 გრადუსი არ მოეწონა, თუმცა ისიცაა, რეზერვისტი, აბა, რის რეზერვისტია თუ სიცხეს და ყინვას შეუშინდა), მის მაგალითს ბევრი მიმბაძველი გამოუჩნდა. რასაკვირველია, მთავრობაში (მეორე მხრივ, არ გამოუჩნდებოდნენ და მათი აჯობებდა!).

შესაბამისად, გასულ კვირას, დილის ექვს საათზე მინისტრებითა და რწმუნებულებით გარშემორტყმულმა მთავარსარდალმა სამკილომეტრიანი დილის გარბენი შეასრულა და მინისტრების ფიზიკური მომზადებით (კარვებისგან განსხვავებით) კმაყოფილი დარჩა.

თუმცა არც ჩვენ დავრჩენილვართ უკმაყოფილო, რადგან, თუკი აქამდე მხოლოდ ბატონი ბოკერია გვყავდა ნანახი წითელ სპორტულ ტრუსებში (როდესაც ორფოლოს პოლიგონზე ჯარისკაცებთან ფეხბურთი ითამაშა), შეიძლება ითქვას, რომ ახლა უკვე დანაკლისი სრულად ავინაზღაურეთ (ანუ სპორტულ ტრუსებში თითქმის სრულიად მთავრობა ვიხილეთ).

ამდენად, აშკარაა, რომ სახელმწიფო მოხელეების ასაკობრივი შერჩევის კრიტერიუმი სავსებით გამართლებულია, ოღონდ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, თუკი ამის შემდეგ, ასაკთან ერთად, დანიშვნისას ყურადღება აღნაგობასაც მიექცეოდა, რათა მინისტრ - რწმუნებულების სპორტული მონაცემებით მოგვრილი სიამოვნების პარალელურად, მოქალაქეებს თვალისთვის წყლის დალევინების საშუალებაც მისცემოდათ, რომ დილის ვარჯიშზე მინდვრად გასულებისთვის თამამად ეთქვათ: კარგები ყოფილხართ...