ლადო პაპავა - "საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან კატასტროფულია!... მთავრობაში ასეთი კარგი ეკონომიკური გუნდი 9 წელია არ გვყოლია"
"საგარეო ვალში გამოარჩევენ რამდენიმე ჯგუფს: პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს ვალი, რომელიც უნდა გადაიხადოს უშუალოდ სახელმწიფომ, მაგრამ, გარდა ამისა, ვალი შეიძლება აიღოს ნებისმიერმა კერძო სტრუქტურამ და ის არ არის სახელმწიფოს გადასახდელი. რაც შეეხება ქვეყნის მთლიან საგარეო ვალს, ეს არის ჯამი სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების მიერ აღებული ვალებისა. როდესაც ვსაუბრობთ 12 მილიარდ დოლარზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სახელმწიფო ვალი კი არ არის, არამედ მთლიანად ქვეყნისაა", - აცხადებს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან კატასტროფულია" / "ასეთი კარგი ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ ჰყოლია".
"ეკონომიკაში მიღებულია ასეთი პარამეტრი: სახელმწიფოს ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიგა პროდუქტის 60%-ს და თუ არ აღემატება, ეს ნორმალურია. ამ პარამეტრით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი სახელმწიფო ვალი მართლაც არ არის მძიმე, რადგან მთლიანი შიგა პროდუქტის 40%-ს არ აღემატება, თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი ნიუანსი: ჩვენში სახელმწიფო ვალს ორ ნაწილად ყოფენ - სამთავრობო ვალად და ეროვნული ბანკის ვალად. აუცილებელია, რომ საგარეო ვალის საკითხს სხვა თვალითაც შევხედოთ: სახელმწიფო ვალში არ შედის, მაგრამ ვიცით, რომ "საქართველოს რკინიგზამ", რომელიც სახელმწიფო კომპანიაა, ობლიგაციები გამოუშვა და თუ ამ თანხას ვერ გადაიხდის, დავკარგავთ. მთავრობა გვერდზე ვერ გადგება და ეს თანხაც ბიუჯეტის გადასახდელი იქნება. ამიტომ, მარტო იმით კი არ უნდა ვიმსჯელოთ, როგორია სამთავრობო ან სახელმწიფო ვალი, აუცილებლად სამივე პარამეტრს ყურადღება უნდა მივაქციოთ: სახელმწიფოს ვალსაც, საბანკო სექტორის ვალსაც და მთლიან საგარეო ვალსაც. მარტო ერთი პარამეტრით რეალურ სიტუაციას ვერ შევაფასებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"საბანკო სექტორის მიერ აღებულ ვალი ცალკე პრობლემაა - საბანკო სექტორის ვალი საბანკო სექტორმა უნდა გადაიხადოს, რადგან ეს კერძო კომერციული ბანკების მიერ აღებული ვალია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თუ რომელიმე ბანკს პრობლემა შეექმნება, მაშინ მთავრობაც იძულებული იქნება, საქმეში ჩაერთოს, და ეროვნული ბანკიც. როდესაც ქვეყნის საგარეო ვალის 20% სწორედ საბანკო სექტორზე მოდის, გულგრილი ვერ იქნება იმიტომ, რომ თუ საბანკო სექტორის გადარჩენა გახდება საჭირო, ესეც მთავრობის და ეროვნული ბანკის თავსატეხი იქნება. დღეს ჩვენი ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი, ანუ სახელმწიფოს, საბანკო სექტორისა და კერძო სექტორის მიერ აღებული ვალი, მთლიანი შიგა პროდუქტის 75-77%-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, მაგრამ არსებობს სხვა მაჩვენებლებიც, რომლებიც მართლა საგანგაშოა", - განმარტავს ექსპერტი.
"კერძოდ, ეს არის საგარეო ვალი ექსპორტთან შედარებით. ჩვენ ვიცით, რომ ექსპორტი ვალუტის შემოდინების რეალური წყაროა და საკმაოდ ხშირად ეკონომისტები იყენებენ ასეთ მიდგომას: საგარეო ვალს ადარებენ ექსპორტს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის ვალის შეფარდება ექსპორტთან არის 176%, სახელმწიფო ვალის, ანუ სამთავრობო ვალს დამატებული ეროვნული ბანკის ვალის შეფარდება ექსპორტთან 214%-ია, თუ კომერციული ბანკების ვალსაც გავითვალისწინებთ, შეფარდება ექსპორტთან არის 295%, ხოლო ჯამში, მთელი ქვეყნის საგარეო ვალს თუ შევადარებთ ექსპორტს, ეს უკვე 509%! თუ ამ მონაცემებს დავაკვირდებით, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული სიტუაცია გვაქვს, რადგან ეს რიცხვები ერთ რამეზე მიუთითებს: ექსპორტის დონე ქვეყანაში ძალიან დაბალია, რის გამოც ჩვენს ეკონომიკას არა აქვს უნარი, საგარეო ვალებს მოემსახუროს. სწორედ ამის გამო ვალის გასტუმრების ყველაზე ქმედითი გზა საქართველოსთვის ერთია: ახალი საგარეო ვალის აღება და ამ თანხით ძველის გასტუმრება...", - განაგრძობს ლადო პაპავა და შეკითხვას - "ესე იგი, თითქოს ყველაფერი რიგზეა, საგარეო ვალსა და მთლიან შიგა პროდუქტს შორის ბალანსიც დაცულია, მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვაგვარადაა?" პასუხობს:
"სინამდვილეში ძალიან მძიმე სურათი გვაქვს იმიტომ, რომ საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან კატასტროფულია. ჩვენი ეკონომიკა ამ საგარეო ვალს ვერ ემსახურება და ამის დასტურად კონკრეტულ მაგალითსაც შეგახსენებთ: 2008 წელს მთავრობამ ევროობლიგაციები გამოუშვა და ნახევარი მილიარდის ოდენობის ვალი აიღო, რომლის გადახდის ვადა 2013 წელი უნდა ყოფილიყო. 2013 წელს ჩვენ ამ ვალს ვერ გადავიხდიდით, ამიტომ 2011 წელს ახალი ევროობლიგაციები გამოუშვეს, რომლითაც დაიფარა ძველი ვალის 84%, ანუ, ახალი ვალით დავფარეთ ძველი, რაც სასურველი ნამდვილად არ არის. არაფერს ვამბობ იმ 4,5 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც საქართველომ მიიღო აგვისტოს ომის შემდეგ, გარდა ამისა, საქართველომ მიიღო 1 მილიარდ 300 მილიონიანი კრედიტი საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან. ბუნებრივია, რომ ეს თანხები აკუმულირდება, როგორც ქვეყნის საგარეო ვალი, მე მხოლოდ ისეთი დაუფიქრებლად აღებული ვალები მაწუხებს, როგორიც საქართველოს მთავრობამ "აიკიდა" 2008 წელს, ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად. მართალია, ამ თანხის გადახდა 2021 წლამდე გადავდეთ, მაგრამ ეს ცხრა წელიც ისე მალე გაირბენს, როგორც "ვარდების რევოლუციიდან" დღემდე გავიდა".
"საპანიკოდ საქმე არ გვაქვს, მაგრამ სიმართლეზე თვალს ვერ დავხუჭავთ: როცა მე გეუბნებით, რომ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მთლიან შიგა პროდუქტთან შეფარდება სადღაც 77%-ია, ეს არ არის საშიში მაჩვენებელი, მაგრამ ამასთანავე, როცა გეუბნებით, რომ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის შეფარდება ექსპორტთან 500%-ია, ეს უკვე სავალალო სიტუაციაა. ვიმეორებ, პრობლემა ის კი არ არის, რომ ვალი გვაქვს, პრობლემა ის არის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვერ ქმნის რესურსს, რომ ამ ვალებს მოემსახუროს. ვალი უნდა გადაიხადო, ვალს არავინ გაპატიებს. ვალი ყველა სახელმწიფოს აქვს. მხოლოდ რამდენიმე კარჩაკეტილი ქვეყანა ახერხებს ვალის გარეშე არსებობას. განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ საგარეო ვალი, მაგრამ რესურსიც ჰყოფნით მისი მომსახურებისათვის და საჭიროების შემთხვევაში გასტუმრებისათვისაც. ფაქტია, რომ ახალ მთავრობას "ვარდისფერი" ხელისუფლებისაგან ამ მხრივ მძიმე მემკვიდრეობა ერგო", - ამბობს პროფესორი.
"არ უნდა დავივიწყოთ, რომ სააკაშვილი აქტიური პოლიტიკიდან ჯერ არ წასულა და მთავრობა რეგიონებს რეალურად ვერ აკონტროლებს. ქვეყანაში ნამდვილად არ არის მარტივი სიტუაცია. მთავრობას ესაჭიროება მეტი სიფრთხილე და მინიმალური შეცდომები, რომ სააკაშვილის რეჟიმს რევანშის შანსი არ მიეცეს. მოსახლეობის განწყობა "ვარდისფერი" რეჟიმის მიმართ მკვეთრად უარყოფითია, მაგრამ ახალმა მთავრობამ ხალხისთვის მიცემული მთავარი დაპირებები მაინც უნდა შეასრულოს. ვფიქრობ, რომ ახალი ეკონომიკური გუნდი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, რადგან იქ არის ხალხი, რომელსაც მთავრობაში ყოფნის საკმაო გამოცდილება აქვს - თუნდაც დავით კირვალიძე, რომელიც ადრეც იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ან ნოდარ ხადური, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. საკმაოდ ნიჭიერი ეკონომისტები არიან გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია. ჩემი აზრით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური გუნდი საქართველოს მთავრობას ბოლო ცხრა წლის განმავლობაში არ ჰყოლია", - დასძენს ლადო პაპავა.